ამბები

14:54 | 31.12.2015 | ნანახია 3243 - ჯერ

2015 წლის საუკეთესოები ქართულ რაგბში

2015, ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი დასასრულს უახლოვდება, შესაბამისად დადგა დრო ქართულმა სარაგბო თემმა განვილი 12 თვე შეაფასოს და წლის საუკეთესოები გამოავლინოს.

ტრადიციულად, საქართველოს რაგბის კავშირი წლის ბოლოს შემაჯამებელ ღონისძიებას აწყობს, მაგრამ წელს რიგ მიზეზსთა გამო, ღონისძიება 2016 წლის იანვარში გაიმართება, ხოლო მანამდე საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ ვინ დაასახელა ქართულმა სარაგბო თემმა და სპორტულმა მედიამ 2015 წლის საუკეთესოებად.

2015 წლის საუკეთესო ქართველი მორაგბე

ამ ტიტულის მფლობელად ყველამ ერთმნიშვნელოვნად “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი, 2015 წლის მსოფლიო თასზე “ქეფთან ფანტასტიკად” წოდებული მამუკა გორგოძე დაასახელა. ტურნირზე გორგოძე უდაოდ ერთ-ერთი გამორჩეული მორაგბე იყო, რომელიც უამრავმა სპორტულმა გამოცემამ აღიარა. მისი შრომისა და “ბორჯღალოსნების” საუცხოო თამაშით, მსოფლიოზე დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ჯგუფში ტონგისა და ნამიბიის დამარცხებით, 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოვიპოვეთ.

გორგოძე ორჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესო მორაგბედ – ტონგასთან და ახალი ზელანდიის წინააღმდეგ. მსოფლიოზე მის ანგარიშზეა 41 ბოჭვა და 2 ლელოა. სულ ბორჯღალოსანთა, შემადგენლობაში მამუკამ 65 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და დაამიწა 26 ლელო.

მსოფლიო რაგბმა გორგოძე დაასახელა მსოფლიო თასის “საოცნებო 15-ეულში”, თუმცა მანამდე და ახლაც რიგ უცხოურ გამოცემებს “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი შეყავთ მსოფლიოს სიმბოლურებში. ბოლოს მამუკა, მსოფლიოს 15-ეულში ზელანდიურმა “ჰერალდმა” შეიყვანა.

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის ზესონის საუკეთესო მორაგბე

შარშანდელის მსგავსად, სარაგბო საზოგადოებამ გარჯა არ დაუკარგა ჩემპიონი კლუბის “ლელო სარასენსისა” და “ბორჯღალოსანთა” მგეზავს, ლაშა ხმალაძეს. მან უდიდესი წვლილი შეიტანა კლუბის ზედიზედ მესამედ გაჩემპიონებაში და მსოფლიოს წინ ნაკრების ვიცე-კაპიტნად დასახელდა. სამწუხაროდ, მსოფლიოს წინა საკონტროლო მატჩებზე მან ფეხის ტრავმა მიიღო და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ვერ მოირჩინა.

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის ზესონის საუკეთესო მწვრთნელი

ქართულმა სარაგბო საზოგადოებამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელად მოქმედი ჩემპიონის “ლელო სარასენსის” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი დაასახელა.

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის ზესონის საუკეთესო მსაჯი

გასული სეზონის საუკეთესო მსაჯი, ისევე როგორც შარშან, ნიკა ამაშუკელი გახდა.

წლის საუკეთესო ქალი მორაგბე

საუკეთესო ქალ მორაგბედ ანა პოღოსიანი დაასახელეს

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის ზესონის საუკეთესო მელელოვე

10 ლელოთი მელელოვის ტიტული არავის დაუთმო “ყოჩების” გარემარბმა ირაკლი გეგენავამ.

საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის ზესონის საუკეთესო მექულე

203 ქულით საუკეთესო მექულე ასევე “ყოჩების” მგეზავი თემურ სოხაძე გახდა.

ტრადიციულად, გამოვლინდა 2014-2015 წლის სეზონის სიმბული 15-ეული:

  1. ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)
  2. ირაკლი გეგენავა (ყოჩები)
  3. გიორგი ფრუიძე (აია)
  4. თორნიკე ცერცვაძე (ლელო სარასენს, ახლა – ყოჩები)
  5. სანდრო თოდუა (ლელო სარასენს)
  6. ლაშა ხმალაძე (ლაშა ხმალაძე)
  7. ვასო ლობჟანიძე (არმაზი)
  8. ბაჩანა გოგიშვილი (ყოჩები)
  9. გიორგი ლომთაძე (ლელო სარასენს)
  10. დავით გურგენაძე (ჯიქი)
  11. სანდრო ქოიავა (ლელო სარასენს)
  12. მიხეილ არჩუაშვილი (ყოჩები)
  13. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი)
  14. დავით ლოსაბერიძე (აია)
  15. ნიკა ჩხიკვაძე (ყოჩები)

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონიის ორგანიზება ახალ წლამდე რიგ მიზეზთა გამო ვერ მოესწრო და ამიტომ 2016 წლის იანვარში გაიმართება.

ღონისძიებაზე ნომინაციებში გამარჯვებულთა გარდა, მოხდება ევროპის ვიცე-ჩემპიონების, საქართველოს 18 წლამდელთა და მსოფლიო ალაფის ჩემპიონების, საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებების დაჯილდოვება; საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის ჩემპიონის “ლელოს სარასენსის”, ვერცხლის პრიზიორის “ლოკომოტივის” და ბრინჯაოს პრიზიორის “ყოჩების” დაჯილდოვება; დუბლიორთა პურველობის გამარჯვებულის “ლელოს სარასენსის” და საქართველოს პირველობის 2014-2015 წლის სეზონის I ლიგის გამარჯვებულის რაგბის კლუბ “აკადემიის” დაჯილდოვება;

ტრადიციულად, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მოხდება ვეტერან მორაგბეთა დაჯილდოვება, რომლებსაც 2015 წელს მრგვალი თარიღი შეუსრულდათ და იმ ვეტერანთა გახსენება, რომლებიც ჩვენს გვერდით აღარ არიან.

რაგბი აქაურობას!!!

წელს საქართველოს რაგბის კავშირმა ახალი ნომინაცია დააწესა – საქართველოში რაგბის პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი. ამ ახალ ნომინაციაში გამარჯვება ძალიან ბევრ კანდიდატს ეკუთვნის, მაგრამ სარაგბო თემმა მათ შორის ერთი ახალგაზრდა, რაგბის დაუღალავი ენთუზიასტი და ქომაგი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ლევან ჯობავა ამოირჩია, რომელმაც წელს თავის მხარდამჭერებთან და თანამოაზრეებთან ერთად წამოიწყო პროექტი სახელწოდებით – “ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში”.

პროექტის მსვლელობისას ჯგუფმა მოიარა საქართველოს მთის სოფლები, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებთან ჩაქონდათ რაგბის ბურთები და ატრიბუტიკა, უხსნიდნენ მათ რაგბის წესებს და რაც მთავარია, ჩვენი თამაშის ფასეულობებს.

ამ საქმეში ლევან ჯობავას გვერდით ედგნენ ქართველი ლეგიონერი გიორგი ჟღენტი და მისი საერთაშორისო ფონდი “ხვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა – საქართველო”, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო “ლაივი” და მისი დამფუნძნებელი – ვეტერანი მორაგბე ალექსი ჩიქოვანი და 2015 წლის მსოფლიო ალაფის ჩემპიონები, 20-წლამდე “ბორჯღალოსნები”, რომლებმაც პროექტისთვის ლევან ჯობავას თავიანთი სანაკრებო კვართები გადასცეს.

მთის სოფლების შემდეგ, ეს საშვილიშვილო საქმე გრძელდება და ახლა მოიცავს დანარჩენი საქართველოს სოფლებს უკვე ახალი სახელწოდებით – “რაგბი აქაურობას”. საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული რედაქციის მხარდაჭერით, პროექტს უკვე რუბრიკის სახე მიეცა და ყოველ პარასკევს გადაცემაში “დილა პირველზე” გადის და 2016 წლის იანვრის ბოლოდან გაგრძელდება ახალი სეზონით.

ქართული სარაგბო თემის სახელით, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ლევან ჯობავას, მის მეგობრებსა და მხარდამჭერებს ამ საშვილიშვილო საქმისათვის და ვუსურვით წარმატებები.

რაგბი ჩვენი თამაშია!


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081816