ზე-18

23:21 | 26.03.2016 | ნანახია 994 - ჯერ

„ჩიფსი“ ლიდერია, იაპონელები კვლავ პირველ გამარჯვებას ელიან

დღეს დილით სუპერ რაგბის გათამაშების მეხუთე ტურის სამი მატჩი გაიმართა. მეოთხე გამარჯვება იზეიმა და გათამაშების ცხრილის თავში დარჩა ახალზელანდიური „ჩიფსი“, რომელმაც ჰემილტონში ავსტრალიურ „ფორსს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად - 53:10 იმარჯვა.

მატჩის პირველ ნახევარში სტუმრები „ჩიფსს“ წინააღმდეგობას უწევდნენ და 10 ქულაც საწყის 25 წუთში მიითვალეს. ამავე პერიოდში მასპინძლებმა ორი ლელოს დადება მოახერხეს და მაკკენზიმ ერთი გარდასახვა გამოიყენა - 12:10.

მეორე ტაიმი „ჩიფსი“ შუამარბ ჩარლი ნგეთაის ლელოთი დაიწყო - მასპინძლებმა მეტოქის ხუთმეტრიან ხაზთან ბურთი სწრაფად გაათამაშეს, რის შემდეგაც ნგეთაი ლელოში შეფრინდა. მაკკენზიმ გარდასახა [19:10]. მერე იყო ეპიზოდი, რომელმაც მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა - მსაჯმა მოედნიდან „ფორსის“ მესამეხაზელი ანგუს კოტრელი ათი წუთით გააძევა. ამის შემდეგ „ჩიფსი“ სრულად დაეუფლა უპირატესობას და კიდევ ხუთი, ხოლო ჯამში 9 ლელო გაიტანა.

დღის მეორე მატჩი მელბურნში გაიმართა, სადაც „რებელსმა“ ახალზელანდიურ „ჰაილენდერსს“ უმასპინძლა და 3:27 დამარცხდა. „რებელსისთვის“ ეს მეორე მარცხია, ხოლო „ჰაილენდერსმა“ მეოთხე მატჩში მოახერხა გამარჯვება.

ამასობაში, კვლავ პირველ გამარჯვებას ელის იაპონური „სანვულვზი“, რომელმაც კიდევ ერთხელ იბრძოლა, თუმცა ეს ბრძოლა მხოლოდ პრემიალურ ქულად დაუფასდა. აზიელებმა სინგაპურში „ბულზს“ უმასპინძლეს და გამარჯვებამდე ახლაც ძალიან ცოტა დააკლდათ. რომ არა 67-ე წუთზე გასინბინებული მოთამაშე, ეგებ იაპონელებს მატჩში გამარჯვება მოეხერხებინათ, ასე კი, მატჩის მიწურულს გატანილი ლელო-გარდასახვით სხვაობის მხოლოდ სამ ქულამდე შემცირება მოახერხეს - 27:30.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085272