18-წლამდელები

23:07 | 26.03.2016 | ნანახია 1532 - ჯერ

ფრანგებთან ისევ უშანსოდ

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ფინალი ზედიზედ მეორედ წააგო, კვლავ საფრანგეთთან, ისევ მშრალზე და ისევ უშანსოდ.

ეს იყო კიდევ ერთი გაკვეთილი იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ძლიერ მეტოქესთან უამრავ შეცდომას უშვებ. „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მღელვარებას ვერაფერი მოუხერხეს, შეცდომები დაუშვეს და ამისათვის ლელოებით დაისაჯნენ. შედეგად, ანგარიში ძალიან სწრაფად გაიზარდა, საქმეში ნერვებიც ჩაერთო და მეორე ტაიმში გიორგი ნარიმანიძე წითლით, ხოლო მატჩის მიწურულს ლუკა აზარიაშვილი სინბინით დაისაჯა.

თამაში ძლიერ ქარსა და წვიმაში დაიწყო, მაგრამ ბუნებრივი პირობები მეტოქისთვისაც ანალოგიური იყო და ამას ვერაფერს დავაბრალებთ. უბრალოდ, საფრანგეთის ნაკრების და მისი წევრების კლასი ბევრად უფრო მაღალი იყო და მაშინაც კი, როდესაც საწყის 15 წუთში ბურთს ქართველი მორაგბეები აკონტროლებდნენ და ფაზებსაც აბამდნენ, ძლიერი დაცვის ფონზე მანძილის მოგება უკიდურესად ჭირდა. ამავე პერიოდში ორი მარტივი შეცდომა ორ ლელოდ დაგვიჯდა, მერე კონტრშეტევაზე მესამე ლელოც გავუშვით და თამაშიც ფაქტობრივად აქ დასრულდა.

არადა, 0:7-ზე ლელოს გატანის შანსი იყო, ელგუჯა კიკვაძემ ხაზიც გადაკვეთა, თუმცა ბურთი ვერ დაამიწა. ამ ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრებას ეგებ სიტუაცია შეეცვალა, ასე კი, ტაიმი 0:35, ხოლო თამაში 0:42 დავთმეთ და საქართველო 18-წლამდელთა ასაკში ევროპაში ჯერჯერობით კვლავ მეორე გუნდად რჩება.

შეგახსენებთ, შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, საფრანგეთმა 57:0 იმარჯვა.

საფრანგეთი - საქართველო 42:0

საქართველო: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. გიორგი ნარიმანიძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. ლუკა მარგიანი, 11. ივანე კალანდაძე, 10. გელა აფრასიძე, 9. ელგუჯა კიკვაძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. ჯაბა შათირიშვილი, 4. ბექა საღინაძე, 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თენგიზ გიგოლაშვილი, 8. არსენ მაჩალაძე.

სათადარიგოები: 16. გიორგი ნუცუბიძე, 17. ლევან პაპიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. გიგა გრიგალაშვილი, 20. ალექსანდრე კალმახელიძე, 21. იოსებ ხეთაშვილი, 22. გიორგი წიკლაური, 23. კოტე ხამაშურიძე, 24. თორნიკე ჯალაღონია, 25. საბა ხურცილავა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:46 | 27.03.2016
ბერულავა მინდია (4)

კიდე კაი მეორე ტაიმში დაცვაში თამაში გამოასწორეს თორე კატასტროფული ანგარიში იქნებოდა მთლად.

00:45 | 27.03.2016
ბერულავა მინდია (4)

progresi gvqonia sharshandeltan.

0.10208