ამბები

13:55 | 14.12.2015 | ნანახია 3206 - ჯერ

წყალი არ უნდა აიმღვრეს!

რაგბი საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სათამაშო სახეობაა და მის ნაწილად ყოფნა, ალბათ, ყველასათვის უდიდესი პატივია. ამავდროულად, ესაა სპორტის სფეციფიური სახეობა, გამორჩეული თავისი მიდგომებით, დაუწერელი წეს-ჩვეულებებით და მასში გარეშე პირების მხრიდან ცხვირის ჩაყოფა, კატეგორიულად მიუღებელია.

ეს მიუღებელია როგორც თავად მორაგბეებისთვის და მასში ჩართული ადამიანებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის. მიზეზი მარტივია - რაგბი ფაქტობრივად ერთადერთია, რომელმაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ დუხჭირ ქვეყანაში თვითმყოფადობა შეინარჩუნა. ყოველ შემთხვევაში, გარედან ყოველთვის ასე ჩანდა და ის კონფლიქტებიც, რომლებიც მის შიგნით პერიოდულობით ჩნდებოდა, წმინდად რაგბულად, ხელის ჩამორთმევით სრულდებოდა.

20 დეკემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადებამ გააჩინა ეჭვი, რომ გარკვეული დაძაბულობა ახლაც შეინიშნება და არის მცდელობები შიდა პროცესებში გარეშე პირების ჩარევისა. გამგეობის ყველა წევრი ერთხმად ადასტურებს, რომ ეს განცხადება არა რაიმე კონკრეტული ქმედების, არამედ პრევენციის მიზნით გაკეთდა, რათა ვინმეს ჩარევის სურვილი არ გაუჩნდეს და ამ პათოსს პრეზიდენტობის კანდიდატებიც იზიარებენ.

“გამგეობის განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს - საზოგადოებისთვის შეხსენებას, რომ რაგბისთვის და სარაგბო თემისთვის უმთავრესია მისი ფასეულიბები და ღირებულებები. ნებისმიერი საკითხი, გადაწყვეტილება, კამათი თუ უთანხმოება, წყდება ქართული სარაგბო თემის შიგნით. ეს იყო ერთსულოვანი გადაწყვეტილება და განცხადებას ხელი გამგეობის ყველა წევრმა მოაწერა. არჩევნებს, რომელშიც ერთზე მეტი კანდიდატი მონაწილეობს, ყოველთვის ახლავს თან დაძაბულობა და ეს ბუნებრივია” - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტი და ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ნიჟარაძე.

აღნიშნულს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა მეორე კანდიდატი, “ბორჯღალოსანთა” ყოფილი კაპიტანი და სრკ-ს მოქმედი სპორტული დირექტორი ირაკლი აბუსერიძე:

“დღესდღეობით ქართული რაგბი წარმატებასთან ასოცირდება. ბედნიერი ვარ, რომ 16 წლის ასაკში არჩევანი, სწორედ სპორტის ამ ვაჟკაცურ და ღირსეულ სახეობაზე გავაკეთე . ამ პერიოდში ქართული რაგბი, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, თუმცა ჩვენმა მორაგბეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში რაგბისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილიყო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოში ბოლო დროის ერთერთი ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა. ამაყი ვარ, რომ სწორედ ამ გუნდის კაპიტანი 7 წელი ვიყავი, რაც ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. კარიერის დასრულების შემდეგ, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე გავაგრძელე მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში, კიდევ უფრო მკვეთრად დავინახე ამ სფეროში არსებული ძირეული პროლემები. მაშინ როცა ქართული რაგბი მსოფლიოს ასპრეზზე ახალი გამოწვევების წინაშე დგას ვთვლი, რომ ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, ქართული რაგბის მომავალს უნდა მოვახმაროთ.

20 დეკემბერს ქართული სარაგბო ოჯახი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მინდა განვაცხადო, რომ ვემიჯნები საარჩევნი პროცესში ყველანაირ ჩარევას და ეს, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც დავაფიქსირე. გამგეობის წევრებმა, მათ შორის მე, ოფიციალურ წერილზე ხელმოწერით დავადასტურეთ, რომ არჩევნები ჯანსაღ გარემოში უნდა ჩატარდეს. მაქვს იმედი, რომ საარჩევნო პროცესი რაგბის თამაშის მთავარი პრინციპების გათვალისწინებით - კეთილსინდისიერად ჩაივლის” - წერია მის განცხადებაში.

მოკლედ, ჯერჯერობით ყველაფერი რაგბულად დალაგდა და იმედია, არჩევნებამდე, კონკრეტულად ამ დღეს და მისი დასრულების შემდეგაც, ასე გაგრძელდება. ერთი რამ ცხადია, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და არც ეს სტატია და არც გამგეობის განცახდება არ იარსებებდა, რაიმე კონკრეტული მიზეზი რომ არ ყოფილიყო. კარგია ყველაფერი დროულად თუ დალაგდება და ჩვენც 20 დეკემბრამდე და მის შემდეგაც უფრო მეტად ქართული რაგბის წარმატებაზე მოგვიწევს წერა და არა “ჭორაობაზე”, რომელიც მხოლოდ ქართული რაგბის მტრებს გაახარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078486