ჭაბუკთა "ბ"

18:04 | 26.03.2016 | ნანახია 1567 - ჯერ

„ბ“ ლიგაში ექვსი მეორე ეტაპზეა

საქართველოს ჭაბუკთა „ბ“ ლიგის პირველ ეტაპზე ხუთიდან სამი ტური ჩატარდა და უკვე ცნობილია ექვსი იმ გუნდის ვინაობა, რომლებიც მეორე ეტაპზე ჩემპიონობისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

შეგახსენებთ, „ბ“ ლიგაში რვა ჯგუფია - ოთხი აღმოსავლეთ და ოთხიც დასავლეთ დივიზიონში და მეორე ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო, ანუ ჯამში 16 გუნდი გადის, ხოლო დანარჩენები სანუგეშო ტურნირში გადაინაცვლებენ.

„ა“ ჯგუფში მესამე თამაში მოიგო თბილისის „ლოკომოტივმა“ და 14 ქულით მოწინავე ადგილები დაიბევა. მესამე ტურში „უმცროსმა რკინიგზელებმა“ „წიქარა“ 62:10 დაამარცხეს. „ხულიგანამ“ მეორე თამაში ჩაატარა და მეტოქე კვლავ მშრალზე დაამარცხა - გორის „ლომებს“ 69:0 აჯობა. მას ორი თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვს [10], თანაც ჯერ ქულაც არ მიუღია და ჯგუფიდან აუცილებლად გავა, ოღონდ ეს ოფიციალურად ჯერ არ გადაწყვეტილა. ამ ტურში „თბილისი“ ისვენებდა.

„ბ“ ჯგუფში 10 შესაძლებლიდან 10 ქულა მოაგროვა „ლელო 1“-მა, რომელმაც თელავის „კახელები“ 78:0 დაამარცხა. 10 ქულა აქვს, ოღონდ სამი თამაშიდან „არმიას“, რომელმაც „ყოჩებს“ 39:5 მოუგო. „ხვამლს“, რომელიც მესამე ტურში ისვენებდა, ორი თამაშის შემდეგ 5 ქულა აქვს და ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს.

„გ“ ჯგუფში „ბოლნისმა“ პატარძეულის „ვეფხვებს“ დიდი ბრძოლა გაუმართა და ჩემპიონატში პირველი ქულა აიღო, ოღონდ მხოლოდ პრემიალური, რადგან 19:21 დამარცხდა. „არმაზმა“ სტეფანწმინდის „ზვავს“ 31:0, ხოლო რუსთავის „ხარებმა“ „ლელო 2“-ს 69:5 მოუგო. სწორედ „არმაზი“ და „ხარები“ ლიდერობენ ჯგუფს ქულათა მაქსიმუმით [15], „ლელო 2“ მათ 6 ქულით ჩამორჩება და ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

„დ“ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია - „იუნკერები ჩოხოსნები“ და „აკადემია“ ქულათა მაქსიმუმით პირველ-მეორე ადგილებზე არიან და მდევრებს 10 ქულით უსწრებენ. მესამე ტურში „ჩოხოსნებმა“ „თიბისი“ 91:0, ხოლო „აკადემიამ“ „ჯიქი“ 65:0 დაამარცხა. ტურის კიდევ ერთ მატჩში „ივერიამ“ „ბარბაროსები ყოჩებს“ 32:3 მოუგო.

„ე“ ჯგუფში ჯერ ყველაფერი წინაა. აქ მესამე ტურში ჭიათურის „იმერეთმა“ ქუთაისის „აია 3“-ს პრემიალური ქულით მოუგო [33:0], ხოლო „აია 1“-მა ბორჯომის „თორს“ 78:3. აქ უპირობო ლიდერი „აია 1“-ია, რომელმაც ორი თამაშის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი დააგროვა, „იმერეთი“ ორი თამაშიდან 7 ქულით მეორეა და მას მხოლოდ ქულით ჩამორჩება „თორი“, ოღონდ სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

„ვ“ ჯგუფიდან გასვლა უკვე გაინაღდეს ქუთაისის „ბაგრატმა“ [10 ქულა] და ფოთის „კოლხმა რაინდებმა“ [9]. „ბაგრატმა“ ამ ოთხგუნდა ჯგუფში ვანის „არგოს“ 34:7, ხოლო „კოლხი რაინდებმა“ ჩოხატაურის „ღონეს“ 24:3 მოუგო.

„ზ“ ჯგუფში სამივე თამაში პრემიალური ქულით მოიგო წყალტუბოს „დინოზავრმა“, რომელმაც ამჯერად ქუთაისში „აია 2“ 44:0 იმსხვერპლა. თანაკლუბელზე უკეთესი შედეგი აქვს „აია 4“-ს. ქუთაისელებმა ზვანში „ბათუმს“ 11:8 მოუგეს, ორი თამაშის შემდეგ 4 ქულა აქვთ და 5 ქულით ჩამორჩებიან თერჯოლის „საპოვნელას“, რომელიც ამ ტურში ისვენებდა.

„თ“ ჯგუფში პირველი შეხვედრა გამართა ხაშურის „ლეგიონმა“. ის მეზობელს, სურამის „მგლებს“ დაუხვდა და პრემიალური ქულით, 36:5 მოუგო. მეორე მატჩში „აია 5“-მა ქობულეთის „პონტოს“ 14:0 მოუგო. ჯერჯერობით მეორე ადგილზე ქობულეთელები არიან, რომელთაც პირველ ტურში „მგლები“ პრემიალური ქულით დაამარცხეს, ხოლო „ლეგიონისა“ და „აია 5“-ის თამაში გადადებულია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081487