ამბები

21:22 | 12.12.2015 | ნანახია 2247 - ჯერ

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება

საქართველოს რაგბის კავშირის წესდების ‘თ’ პუნქტის 1 ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 20 დეკემბერს იმართება რაგბის კავშირის საერთო კრება, რომელზეც უნდა იქნას არჩეული რაგბის კავშირის მმართველი ორგანოები - რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობა. ეს კრება არის საარჩევნო კრება, რომელიც იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ.

არჩევნების პროცესს ხშირად თან ახლავს გარკვეული სირთულეები, ემოციები და ცალკეულ შემთხვევებში არაჯანსაღი, გაუაზრებელი და ინსტინქტური ქმედებებიც კი. არც ეს არჩევნებია გამონაკლისი. უკვე შეიმჩნევა ზოგიერთითანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის და სხვა გარეშე პირების მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა, რაც სცილდება წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებს და ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ.

უდავოა, რომ საქართველოში რაგბის პოპულარობა არა მხოლოდ საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ განაპირობა, არამედ იმ ფასეულობების სისტემამ, რაც ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა და აღმოაჩინა სპორტის ამ სახეობაში.

რაგბი ჩვენი თამაშია - ეს სიტყვები სრულად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას რაგბის მიმართ, განსაზღვრავს მზადყოფნას იმ ფასეულობათა დასაცავად, რასაც ეს თამაში მოიცავს და რაც აბსოლუტურ თანხვდენაშია მარადიულ ფასეულობებთან.

საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა, როგორც რაგბის კავშირის საერთო კრების ორგანიზატორი და პასუხისმგებელი ორგანო, უცხადებს თანადგომას და იღებს პასუხისმგებლობას აღმოუჩინოს დახმარება საქართველოს რაგბის კავშირის ხმისუფლების მქონე ყველა ნამდვილ წევრს, მათი ნების გამოვლენისას გარეშე პირთაგან ზეწოლისა და სხვაგვარი იძულების მცდელობის შემთხვევაში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა მცდელობა ცალკეული თანამდებობის თუ გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირებისაგან, მოახდინონ პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა რაგბის კავშირის ნამდვილ წევრზე, მიმართული მისი ნების საწინააღმდეგოდ, იქნება მხილებული საჯაროდ.

ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული გაფრთხილების ადრესატი არ გახლავთ კონკრეტულად რომელიმე პოლიტიკური პარტია, მმართველი პოზიცია თუ ოპოზიცია, იგი მიმართულია იმ ცალკეული პოლიტიკური თუ საჯარო თანამდებობის პირის და გარეშე, ზედმეტად ეგზალტირებული პირები მიმართ, ვისაც სურვილი ექნება მოახდინოს ზეგავლენა საარჩევნო პროცესზე. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ იმ ფასეულობებს, რაც მორაგბეებსა და მათ გულშემატკივრებს აერთიანებს სიტყვებში - რაგბი ჩვენი თამაშია.

განცხადება მომზადებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბრის გამგეობის სხდომაზე

რომელსაც ესწრებოდნენ:

გოჩა სვანიძე - გამგეობის თავმჯდომარე

გამგობის წევრები:

თემურ ბენდიაშვილი;

ვასილ კევლიშვილი;

გიორგი ღლონტი;

გიორგი გორგასლიძე;

კახა მხეიძე;

გიორგი გეგენავა;

დიმიტრი კალანდაძე;

ირაკლი კიზირია;

ლევან ვასაძე;

ირაკლი აბუსერიძე - ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი გამგეობაში.

გიორგი ნიჟარაძე - მინდობილობის საფუძველზე გამგეობის სხდომაზე ხმის უფლებით გოჩა სვანიძემ წარმოადგინა.

განცხადებას დაეთანხმა გამგეობის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი, რაც დადასტურდა მათი ხელმოწერებით.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077456