ინტერვიუ

12:18 | 26.03.2016 | ნანახია 2915 - ჯერ

დავით ჩავლეიშვილი: „ფრანგებთან მოსაგებად გავდივართ“

დღეს საღამოს, თბილისის დროით 21 საათზე ქართველ 18-წლამდელებს დიდი გამოცდა ელით. ისინი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ლისაბონში, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ წარსდგებიან.

ახლო წარსულში, შარშანდელ ფინალში, როდესაც ევროპის ჩემპიონატში ექვსი ერის სხვა წარმომადგენლებიც გამოდიოდნენ, ირლანდიასთან და იტალასთან ნაბრძოლი ქართველები ფრანგებმა საკუთარ მოედანზე 57:0 დაამარცხეს. „უმცროსი ბორჯღალოსნების“ თავკაცი დავით ჩავლეიშვილი ამბობს, რომ წელს მეტოქე შარშანდელივით ძლიერი არაა და გუნდიც მოედანზე რევანშისთვის გაყავს.

18-წლამდელთა თავკაცს განვლილ ორ შეხვედრაზეც დავეკითხეთ და განსაკუთრებით იმ თემით დავინტერესდით, რაც გულშემატკივარს აინტერესებდა - რატომ ვერ აჯობა ქართულმა შერკინებამ პორტუგალიურს. თუმცა, მანამდე იყო მეოთხედფინალი და რუმინეთი:

  • ტურნირის პირველ მატჩში, მეოთხედფინალში რუმინეთი დიდი სხვაობით დავამარცხეთ. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეხვედრაში?
  • უმთავრესი ის იყო, რომ მოვიგეთ. ამ ბიჭების უმრავლესობას საერთაშორის თამაშების გამოცდილება არ ჰქონდათ. იყო ფსიქოლოგიური დატვირთვა, რომ ტურნირზე შერშანდელზე უარესი შედფეგი არ უნდა გვეჩვენებინა, ანუ მიზანი მინიმუმ ფინალში თამაში იყო და ველოდით, რომ რუმინეთს უკეთესი გუნდი ეყოლებოდა. მაგრამ მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, ფაქტობრივად არაფრის საშუალება არ მივეცით და ყოველგვარი დაძაბულონის გარეშე მოვიგეთ. ამით ბიჭებს სტრესი მოეხსნათ, საერთაშორის თამაშების გამოცდილება მიიღეს და ირწმუნეს, რომ წარმატების თამაში ნებისმიერ დონეზე შეუძლიათ. იყო მცირედი ხარვეზები, თუმცა ძირითადად დავალებები კარგად შესრულდა. ხარვეზები სწორედ გამოუცდელობამ გამოიწვია, თორემ შედეგი უფრო სლიდური იქნებოდა.
  • წინდაწინვე ვვარაუდობდით, რომ ნახევარფინალში მეტოქედ პორტუგალია გეყოლებოდთ, რომელიც ტურნირის მასპინძელია.
  • ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ სიმპათია ყოველთვის მასპინძლების მხარესაა და ამის მოწმე პირადადაც არაერთხელ გავმხდარვარ. ასეც მოხდა, მაგრამ განწყობა გვქონდა, რომ ყველანაირი პროვოკაციისთვის გაგვეძლო. ეს უმთავრესი გამოცდა იყო. აქაც იყო რაღაც ხარვეზები, თუმცა ბიჭებმა მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე, ამ გამოწვევასთან გამკლავება შეძლეს. საბოლოო ჯამში შედეგითაც და თამაშითაც კმაყოფილი ვარ, რადგან რაც მინდოდა, ის შესრულდა
  • ისე ჩანდა, თითქოს პორტუგალია შერკინებაში გაგვიძალიანდა.
  • 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, შერკინებაში სრული მიწოლა დაშვებული არაა და თუ მეტოქე დაძარი და 1,5 მეტრი იარე, მსაჯი გაჩერებს და ბურთის გატანას გთხოვს. სხვა მხრივ, მოლები და ორთაბრძოლები პირწმინდად მოვიგეთ.
  • შარშანდელისგან განსხვავებით, უკეთეს მდგომარეობაში ვართ, რადგან შარშან ფინალამდე ორი დამღლელი თამაში გვქონდა მატჩისშემდგომი არეკნებით. ფსიქოლოგიური და ფიზიკური თვალსაზრისით წელს რა მდგომარეობაა?
  • გუშინდელ შეკრებაზე სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი. შარშან სტრესი მეტი იყო, რადგან მასპინძელ საფრანგეთს ფინალში ვეთამაშებოდით, დიდ სტადიონზე, დიდი აჟიოტაჟის ფონზე და შეხვედრაც ტელევიზიით გადაიცემოდა. ეს ბიჭებისთვის ერთგვარ პრობლემად იქცა, განსაკუთრებით განვლილი რთული მატჩების ფონზე, წელს კი, ეს სტრესი მოხსნილი გვაქვს. ყველა განწყობილია იმისათვის, რომ თამაშზე მოსაგებად გავდივართ და სხვა არაფერზე ფიქრობენ. ფრანგებმა ბელგიას და ესპანეთს იოლად მოუგეს, მაგრამ ამ თამაშებში ფრანგებს დიდი სივრცეები ჰქონდათ, მეტოქეებმა დაცვაში სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. თუ ყველაფერი შესრულდა, რაზეც ამ დღეებში ვისაუბრეთ, კარგი თამაში გამოვა და მოგების შანსიც აუცილებლად გვექნება.
  • რა გაძლევთ ოპტიმიზმის საფუძველს? ფრანგებს შარშანდელის მსგავსად წელსაც ფიზიკურად ძლიერი ბიჭები ყავს.
  • დიახ, კარგი გუნდი ყავთ და ყოველთვის კარგი გუნდი ეყოლებათ, რადგან ეს ბიჭები ძლიერ ჩემპიონატებში ოსტატდებიან, თუმცა, მთლად შარშანდელივით ძლიერი გუნდი ნამდვილად არ ყავთ. ყოველ შემთხვევაში, განვლილმა ორმა შეხვედრამ ასე გვანახა და დანარჩენი უშუალოდ თამაშზე გამოჩნდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079617