ტოპ-14-ის XIX ტური 26 მარტს, პარიზში, ცენტრალური შეხვედრით გაიხსნება. ადგილობრივი „რასინგ 92“ ევროპის ჩემპიონ „ტულონს“ უმასპინძლებს. პარიზელებს წინა ტურში „მოპელიესთან“ განცდილი მარცხის (7:60) საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაცია ესაჭიროებათ. სტუმართა რიგებში შეხვედრას ძირითადში იწყებს მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, ხოლო კვაჭი იური ნატრიაშვილი სათადარიგოა. ლევან ჩილაჩავა და მამუკა გორგოძე განაცხადში არ არიან, ისევე, როგორც მასპინძელთა ბურჯი დავით ხინჩგაშვილი.
საჩემპიონო პლეიოფისთვის ადგილის გაუმჯობესების საშუალება ეძლევა „მონპელიეს“, რომელიც სტუმრად აუტსაიდერ „აჟენს“ ეწვევა. სტუმართა ქართველი ბურჯები - დავით ქუბრიაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი, ასევე მასპინძელთა გარემარბი თამაზ მჭედლიძე თამაშში სათადარიგოთ სკამიდან ჩაერთვებიან.
სატურნირო ცხრილის შუაში მყოფი „ბრივი“ და „კასტრი“ ურთიერთობას ერთმანეთში გაარკვევენ. სტუმრები გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფისთვის ბრძოლის შანსს შეინარჩუნებენ. „ბრივის“ ბურჯი კარლენ ასიეშვილი სათადარიგოა, ხოლო გიორგი ჟღენტი და გოდერძი შველიძე განაცხადში ვერ მოხვდნენ.
„გრენობლი“ და „ლა როშელი“, ასევე „პო“ და „ოიონაქსი“ ერთმანეთში ურთიერთობას ქართველი ლეგიონერების გარეშე გაარკვევენ.
ტური კვირას დასრულდება „ბორდოსა“ და „კლერმონის“ და „ტულუზისა“ და „სტად ფრანსეს“ შეხვედრებით. ამ მატჩების შემადგენლობები ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია