ირლანდიური “კონახტის” მთავარმა მწვრთნელმა პეტ ლემმა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კრასნოიარსკში მოგზაურობა გაიხსენა და რუსეთის ეს მხარე ჯოჯოხეთს შეადარა.
მისი თქმით, ირლანდიელთა წინააღმდეგ არა მხოლოდ ციმბირულმა ყინვამ, არამედ თვითმფრინავის გაფუჭებამაც იმოქმედა. აქედან გამომდინარე, “კონახტის” შინ დაბრუნება ნამდვილ სათავგადასავლო მოგზაურობას დაემსგავსა, გუნდი ჯერ მოსკოვში ჩავიდა, საიდანაც ირლანდიაში სამ ჯგუფად, ლონდონის, პარიზისა და ამსტერდამის გავლით ჩააღწია. ამას ისიც დაერთო, რომ პარიზის ტერაქტების გამო აეროპორტებში კონტროლი გამკაცრებული იყო.
“ეს რეალობას არ გავდა. ულაპარაკოა, მნიშვნელოვანი იყო თამაშის კრასნოიარსკში გამართვა, მაგრამ აბა ვინ იფიქრებდა თვითმფრინავი თუ გაფუჭდებოდა? დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ნოემბერში კრასნოიარსკში კიდევ ერთი თამაშის ჩატარებას არაფრის დიდებით არ დავთანხმდები. თამაში სექტემბერ-ოქტომბერში უნდა გამართულიყო, მაგრამ მსოფლიო თასის გამო გადაიწია. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთ პირობებში თამაში ურთულესია” - ამბობს ლემი.
შეგახსენებთ, რომ ჩელენჯ ქაფის პირველ ტურში, “კონახტი” 14 ნოემბერს “ენისეის” შეხვდა და 18-გრადუსიან ყინვაში, მოყინულ მოედანზე, 31:14 მოგებით პრემიალური ქულაც მიითვალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია