ინტერვიუ

20:41 | 25.03.2016 | ნანახია 1802 - ჯერ

დავით კაჭარავა მსოფლიო თასზე, რაგბის პოპულარობაზე, ევროტურნირებზე და „საბჭოთა კავშირზე“

მიმდინარე კვირაში rugger.info-მ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუსული „ენისეის“ შუამარბთან, დავით კაჭარავასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

31 წლის „ბორჯღალოსანი“, რომლის ანგარიშზეც 92 კეპი და 18 ლელოა, ინტერვიუში სხვადასხვა საინტერესო თემაზე საუბრობს:

„არავინ არ ელოდა ტონგას დამარცხებას თუ შევძლებდით“

- რით განსხვავდებოდა 2015 წლის მსოფლიო თასი იმ წინა ორი გათამაშებისგან, რომელშიც თქვენ მონაწილეობდით?

- პირველად მსოფლიო თასზე 2007 წელს ვითამაშე, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ენთუზიაზმიც სხვნაირი იყო. ყველაფერი ახალი და საინტერესო ჩანდა. 2011 წელს დიდი გამოცდილება მივიღე, 2015 წლის გათამაშება კი, საუკეთესო იყო. ინგლისში ხალხს რაგბი ძალიან უყვარს და ატმოსფეროც შესაბამისი იყო. ქუჩაში გვცნობდნენ, მოდიოდნენ და ჩვენთან ფოტოებს იღებდნენ. ეს ყოველივე ძლიერ მოქმედებდა და თავს დიდი სარაგბო ზეიმის მონაწილედ ვგრძნობდი.

- რა ენაზე ესაუბრებოდით ქომაგებს?

- ჩვენი ნაკრების თითქმის ყველა წევრმა იცი ინგლისური. მე ფრანგულიც ვიცი, რადგან ხუთი წელი საფრანგეთში მომიწია თამაში.

- როგორ ფიქრობთ, განვლილ მსოფლიო თასზე მოულოდნელობები იყო?

- რა თქმა უნდა და თანაც ბევრი. მაგალითად, იაპონიამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა; ასევე, არავინ არ ელოდა ჩვენ თუ ტონგას დამარცხებას მოვახერხებდით. ფიჯიმ, სამოამ და ტონგამ, მომდევნო მსოფლიო თასზე ადგილის დაბევება ვერ მოახერხეს და ესეც მოულოდნელობა იყო.

- თქვენს რომელ მატჩს გამოყოფდით?

- გამოვყოფდი ტონგასთან გამარჯვებას. მთელი მატჩის განმავლობაში 250 ბოჭვა განხორციელდა, რაც 2015 წლის მოფლიო თასზე საუკეთესო შედეგია. მეტოქე ძლიერად გვიტევდა, ჩვენ კარგად დავიცავით თავი და გამარჯვებაც მოვიპოვეთ, ვზეიმობდით ისე, თითქოს ფინალში გვემარჯვოს. შემდეგ ნამიბიასაც ვძლიეთ და იაპონიის საგზური მოვიპოვეთ.

- რომელი მატჩი აღმოჩნდა ყველაზე მძიმე?

- ჩემთვის ყველაზე რთული არგენტინასთან მატჩი იყო. ორივე გუნდი მოედანზე მოსაგებად გავედით, მეტოქეს ეს გაანალიზებული ჰქონდა და გაორმაგებული ძალებით შეგვიტია. ბოლო სამ მსოფლიო თასზე ჩვენ ერთ ჯგუფში ვხდებით, წინა მატჩებში დიდი წინააღმდეგობა გავუწიეთ, თუმცა, ახლა შეძლეს და დიდი სხვაობით - 54:9 მოგვიგეს.

- ფიქრობთ, რომ ტონგასთან შეხვედრის შემდეგ არგენტინასთან ძალები არ გეყოთ?

- ვფიქრობ, კლასი არ გვეყო. არგენტინელებმა ძალიან მაღალი დონის რაგბი ითამაშეს.

საქართველოში რაგბი პირველი სპორტია

- თქვენი ლატვიელი თანაგუნდელი ულდის საულიტე ამბობს, რომ საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვერასდროს იქნები. თქვენ შემთხვევაში როგორაა?

- როდესაც თამაში მთავრდება გაქვს განცდა, რომ რაღაცის გაკეთება უკეთ შეგეძლო. ვფიქრობ, ეს დადებითი თვისებაა. ყოველთვის განვითარების პროცესში უნდა იყო; როდესაც იფიქრებ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაშინ იწყება დეგრადაცია.

- თქვენ ინგლისში შეუცვლელი იყავით...

- ბოლო ორ მსოფლიო თასზე ყველა მატჩში მივიღე მონაწილეობა და ყველა შეუცვლელად.

- რთული არ იყო?

- რთულია, მაგრამ ამ დროს ძალიან დიდ გამოცდილებას იძენ და იზრდები როგორც მოთამაშე. ვისურვებდი სულ ასე მეთამაშა...

- ბოლო დროს საქართველოში რაგბი ძალიან წარმატებული სპორტი გახდა, რამ განაპირობა ეს?

- როდესაც რაგბის თამაში დავიწყე, 8-9 წლის ვიქნებოდი, მაშინ ხალხმა წესივრად არც იცოდა რაგბი რას ნიშნავდა. იცოდნენ მხოლოდ მათ, ვინც თამაშობდა და მათმა ახლობლებმა.ნელ-ნელა ნაკრებმა გამარჯვებებს უმატა და 2003 წლის მსოფლიო თასზე მოვხდით. ხალხმა სტადიონზე სიარული დაიწყო, მიხვდნენ, რომ თუ რაგბიზე მოვიდოდნენ, შინ გახარებულები დაბრუნდებოდნენ, ასე რომ რაგბი მალე შეიყვარეს. თავიდან მხოლოდ ნაკრების გამარჯვებებზე იყო აქცენტი, ამ ბოლო დროს კი, ბაზები და სტადიონები აშენდა, შესაბამისად, რაგბით ძალიან ბევრი ბავშვი დაინტერესდა. ვთვლი, რომ ახლა საქართველოში რაგბი პირველი სპორტია.

- ნუთუ? საბჭოთა კავშირის დროს ხომ თქვენთან ფეხბურთი ძალიან წარმატებული იყო? დავით ყიფიანს, ალექსანდრე ჩივაძეს და მთელ „დინამოს“ ქომაგები კრასნოიარსკშიც კი ჰყავდათ...

- დიახ ჩვენ „დინამოს“ სახით ბრწყინვალე გუნდი გვყავდა, თუმცა ახლა საქართველოში ფეხბურთი კრიზისშია და პოპულარობით რაგბის ჩამორჩება.

ევროპულ საკლუბო დონეზე

- მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მალევე მოგიწიათ კლუბთან ერთად „ჩელენჯ ქაფში“ ჩართვა, გეყოთ ორკვირიანი დასვენება?

- თითქმის მეყო... ფიზიკურად იმდენად არ ვიყავი დაღლილი, რამდენადაც ემოციურად. ფსიქოლოგიურად დასვენებას დიდი დრო ჭირდება. მე პროფესიონალი სპორტსმენი ვარ და მოვახერხე „ჩელენჯ ქაფისთვის“ განწყობა.

- „ენისეი“ ევროპული საკლუბო ტურნირის ახალი წევრია. როგორ ფიქრობთ, რა მისცა მას ძლიერ მეტოქეებთან შეჭიდება?

- ეს რუსული რაგბის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს მაგალითი ავიღოთ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ინგლისელებთან 84:6 დავმარცხდით, თუმცა გავიდა დრო, ჩვენი ნაკრები გაიზარდა და უკეთესი გახდა. იგივე უნდა იყოს „ენისეის“ შემთხვევაშიც.

კრასნოიარსკში ჩამოსვლისას თავი საბჭოთა კავშირში მეგონა

- თქვენ ყოველთვის შუამარბად თამაშობდით?

- დიახ, ყოველთვის. უფრო ხშირად 12 ნომერზე ვიდექი ხოლმე, 2007 წლის მსოფლიო თასზეც 12 ნომრად მოვიაზრებოდი, თუმცა ნამიბიასთან 13 ნომერზე დამაყენეს და მას შემდეგ ნაკრების მაისურით სულ ამ ნომრით გამოვდივარ.

- არასდროს არ გინდოდათ გარემარბად გადასვლა?

- არა, ჩემი აზრით, ცენტრში თამაში უფრო საინტერესოა.

- პირველად კრასნოიარსკში 2008 წელს ჩამოხვედით. როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

- მარქსისა და ლენინის ქუჩებზე გავისეირნე, დინამიკებიდან ისმოდა ისეთი მუსიკის ხმა, როგორიც ძველ საბჭოურ ფილმებში. თავი საბჭოთა კავშირში მეგონა.

- რატომ დატოვეთ რუსული გუნდი?

- მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და მინდოდა ძალები საფრანგეთში მომესინჯა, იქ უფრო მაღალი დონეა.

- რით განსხვავდება რუსეთისა და საფრანგეთი ჩემპიონატები ერთმანეთისგან?

- საფრანგეთში ფედერალ 1-ში (რანგით მესამე ლიგა) გამოვდიოდი. იქ 40 კლუბია და მათგან 30 მაღალ დონეზე თამაშობს, რუსეთში კი, სულ 10 კლუბია და მათგან მხოლოდ სამია მაღალი დონის.

- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვით, სამოყვარულო დონეზეა?

- არა, საქართველოში პროფესიული ლიგაა, რომელშიც 10 გუნდი მონაწილეობს. ჩემპიონატი დაძაბულია და წინასწარ არავინ იცის თუ ვინ მოიგებს თამაშს, განსხვავებით რუსეთისა, სადაც ყველამ იცის, რომ ფინალში „ენისეისა“ და „კრასნი იარს“ იხილავს.

- რამ გამოიწვია თქვენი „ენისეიში“დაბრუნება?

- კლუბს, სადაც მე ვთამაშობდი, ფინანსური პრობლემები შეექმნა და გამოგვიცხადეს, რომ ახალი გუნდები გვეძებნა. იყო სხვა შეთავაზებებიც, თუმცა მე კრასნოიარსკი ვარჩიე.

რუსეთს „ახალი სისხლი“ სჭირდება

- საბჭოთა კავშირის დაშლის დროს რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები დაახლოებით ერთ დონეზე იდგნენ. სწორედ მაშინ, 1993 წელს მოიპოვეს რუსებმა ერთადერთი გამარჯვება „ბორჯღალოსნებთან“. რას ფიქრობთ, რატომ ჩამორჩა რუსული რაგბი ქართულს განვითარებაში?

- ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. ბევრი დეტალი და ნიუანსი შეიძლება დავასახელოთ. ვთვლი, რომ საჭიროა „ახალი სისხლი“ რუსულ რაგბიში, საჭიროა ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან. საქართველოში შეიქმნა რაგბის განვითარების ჯგუფი, რომელიც დიდ სამუშაოს ასრულებს, ეს მაგალითი შეიძლება იყოს სხვა ქვეყნებისთვის. რუსი ახალგაზრდების ჩართულობა და ახალი იდეებია საჭირო. ვფიქრობ, „ენისეის“ ჩართვა „ჩელენჯ ქაფის“ გათამაშებაში რუსული რაგბის განვითარების მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია.

მოამზადა უჩა გოგიძემ


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.113547