ამბები

23:35 | 12.11.2015 | ნანახია 2356 - ჯერ

ქართველი მორაგბეები ევროთასებზე

მსოფლიო თასის შემდეგ რაგბის ქომაგებს დაძაბული და საინტერესო მატჩები მოენატრათ. მათ გასახარად 12, 13, 14 და 15 ნოემბერს პირველი ტურის მატჩებით, სტარტს იღებს “ევროპული პროფესიული კლუბური რაგბის” ორივე ტურნირის, ჩემპიონთა და ჩელენჯ თასების, 2015-16 წლის სეზონი (სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული ტელეარხები ტურნირების ტრანსლირებას ჯერ არ ახორციელებენ).

ჩემპიონთა თასი (ყოფილი “ჰეინეკენის თასი”)

ახალი სახელწოდებით ტურნირი პირველად შარშან ჩატარდა, რომელშიც ფრანგულმა “ტულონმა” გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ “ჰეინიკენის თასის” ბოლო გათამაშების გამარჯვებულიც “ტულონი” იყო. წლევანდელ ჩემპიონთა თასის ყველა ჯგუფში “ბორჯღალოსანთა” კლუბებია.

ვასილ კაკოვინის “ტულუზა” პირველ პულშია განთესილი და მისი მეტოქეები “ოიონაქსი” (საფ), “ალსთერი” (ირლ) და “სარასენსი” (ინგ) არიან.

მეორე პულში დათო ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” “ბორდოს” (საფ), “ექსეთერ ჩიფსსა” (ინგ) და “ოსფრეისს” (უელ) ეთამაშება.

მესამე პულში შალვა მამუკაშვილის ახალი კლუბი, “გლაზგო ვორიორზი” (შოტ) “ნორსჰემპთონ სენთსისა” (ინგ) და “სქარლეთსის” (უელ) გარდა, დავით ხინჩაგაშვილის “მეტრო რასინგს” (საფ) ერკინება.

მეოთხე პულში დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” მეტოქეები “ლესთერ თაიგერსი” (ინგ), “მანსთერი” (ირლ) და “ბენეტონი” (იტა) არიან.

მეხუთე პულში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” “ლეინსთერს” (ირლ), “ვოსფსა” (ინგ) და “ბასს” (ინგ) ერკინება.

მატჩების განრიგი >>> ჯგუფები >>>

13/11, 23:45 სთ. “ლესთერ თაიგერს” – “სტად ფრანსე”. ზურაბ ჟვანია მარქაფაშია, ხოლო დავით ქუბრიაშვილი სამატჩო განაცხადში არაა;

14/11, 19:15 სთ. “რასინგ მეტრო” – “გლაზგო ვორიორზ”. შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

15/11, 17:00 სთ. “ბორდო” – “კლერმონი”. შემადგენლობები 14/11 დასახელდება;

15/11, 19:15 სთ. “ტულონი” – “ბასი”. შემადგენლობები 14/11 დასახელდება;

ჩელენჯ თასი

გათამაშების მოქმედი ჩემპიონი ინგლისური “გლოსთერია”, რომლის საშინაო “ქინგსჰოლმ სთედიუმზე” წელს “ბორჯღალოსნებმა” მსოფლიო თასზე ორი მატჩი გამართეს ტონგასა და არგენტინის წინააღმდეგ, ხოლო მსოფლიო თასამდე კი, საკონტროლო მატჩში ერკინენ იაპონიას. ჩელენჯ თასის შარშანდელი გათამაშება იმით იყო ჩვენთვის გამორჩეული, რომ ჯგუფური ეტაპის შესარჩევში, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში მონაწილეობა მიიღო “კავკასიელებად” წოდებულმა ქართული კლუბების სელექციამ. სამწუხაროდ, ორრაუნდიან საკვალიფიკაციო რკენაში იტალიური “როვიგოს” ბარიერი ვერ გადავლახეთ და დავრჩით ჯგუფურ ეტაპს მიღმა. წლევანდელი გათამაშების 5-ვე პულში ქართველი მორაგბეების კლუბები ასპარეზობენ.

პირველი პულში კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის “ბრივი” “ქონაჰთს” (ირლ), “ნიუქასლ ფალკონზს” (ინგ) და დავით კაჭარავას “ენისეი ესტეემს” (რუს) ეთამაშება. აღსანიშნავია, რომ “ბრივის” სატურნირო განაცხადში ესპუართა გუნდიდან მოხვდა გიორგი ცუცქირიძე, რომელმაც შარშან, 20-წლამდე “ბორჯღალოსნებთან” ერთად “მსოფლიო რაგბის” ალაფა მოიგო.

მეორე პულში გიორგი ნაცარაშვილის “პო” (საფ), “კასტრს” (საფ), “ნიუპორტ დრაგონზს” (უელ) და “სეილ შარქსს” (ინგ) გაეჯიბრება;

მესამე პულში მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” “კარდიფ ბლუზს” (უელ), “ჰარლექინზსა” (ინგ) და “კალვიზანოს” (იტა) ეთამაშება.

პირველის მსგავსად, მეოთხე პულშიც ერთბაშად ორი “ქართული” კლუბია: ჯაბა ბრეგვაძისა და ვატო რაფავას (ვეტერანი “ბორჯღალოსანის”, გია რაფავას შვილი) “ვუსთერ ვორიორზი” (ინგ) და გაგი ბაზაძისა და ლექსო ყაულაშილის “ლა როშელი” (საფ), რომლებსაც ჯგუფში მოქმედი ჩემპიონი “გლოსთერი” (ინგ) და “ზებრე” (იტა) ერკინებიან.

მეხუთე ჯგუფში კი თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის “აჟენი” (საფ), “ედინბურგის” (შოტ), “ბორდოსა” (საფ) და “ლონდონ აირიშის” (ინგ) წინააღმდეგ იბრძოლებს.

მატჩების განრიგი >>> ჯგუფები >>>

12/11, 23:45 სთ. “ჰარლექინზი” – “მონპელიე”. მიხეილ ნარიაშვილი ძირითადშია;

13/11, 22:30 სთ. “ბრივი” – “ნიუქასლ ფალკონზი”. გიორგი ჟღენტი ძირითადშია, ხოლო გოდერძი შველიძე მარქაფაში. კარლენ ასიეშვილი და გიორგი ცუცქირიძე სამატჩო განაცხადში არ არიან;

14/11, 12:00 სთ. “ენისეი ეს ტე ემ” – “ქონაჰთ”. შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

14/11, 19:00 სთ. “ვუსთერ ვორიორზი” – “ლა როშელი”. შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

14/11, 19:00 სთ. “ლონდონ აირიში” – “აჟენი”. შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

14/11, 23:45 სთ. “პო” – “კასტრი”, შემადგენლობები 13/11 დასახელდება;

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081004