საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რომელიც ინგლისში ხანგრძლივი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში ერთი კვირაა რაც დაბრუნდა, პრესკონფერენცია გამართა და განვლილ მსოფლიო თასთან ერთად, მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.
ცნობილი გახდა, რომ ნიჟარაძე კენჭს იყრის საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც გაისად გაიმართება.
“ამ 4 წლის განმავლობაში იმდენი რამაა გასაკეთებელი, რომ ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება ქართულ რაგბის კიდევ გამოადგება და გადავწყვიტე, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა მივიღო”, - განაცხადა მან.
ამრიგად, მისი ხედვა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, მანამდე კი, პრესკონფერენციაზე, ნიჟარაძემ უწინარესად მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს ვისი დამსახურებითაც ამ მსოფლიო თასზე საუკეთესო შედეგი ვაჩვენეთ:
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მამუკა გორგოძეს, ის გამორჩეული მოთამაშეა და ფენომენალურად უკაპიტნა გუნდს. მისი წვლილი უდიდესია გუნდის წარმატებაში. იმედი მაქვს, რომ მისი კაპიტნობით კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევთ.
ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დავით ზირაქაშვილს, რომელმაც ამ მსოფლიო თასზე დაასრულა სანაკრებო კარიერა. დათო წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ბორჯღალოსანთა წარმატებებში და მსოფლიოს მაშტაბით ყოველთვის გამორჩეული მორაგბე იყო. მინდა მას წარმატებები ვუსურვო საკლუბო კარიერასა და პირად ცხოვრებაში და იმედს გამოვთქვამ, რომ არა ერთი წლის განმავლობაში მის ბევრ კარგ თამაშს ვიხილავთ. დავით ზირაქაშვილის ღვაწლი იმდენად დიდია, რომ გვსურს რაიმე ფორმით მას მადლობა გადავუხადოთ და დავუფასოთ ის რაც მას საქართველოსთვის აქვს გაკეთებული.
ამ წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა სახელმწიფოს მხარდაჭერამ და რაგბის განვითარების იმ პროგრამამ, რომელსაც მთავრობა 2009 წლიდან აწარმოებს და რომლის მოცულობაც 2012 წლიდან მნიშნელოვნად გაიზარდა.ცალკე აღნიშვნის ღირსია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მთვარობის ძალზე მნიშვნელოვანი დახმარება, რომლითაც მსოფლიო თასის წინ წამოჭრილი პრობლემების მოგვარება მოხერხდა, რისვისაც რაგბის კავშირისა და ბორჯღალოსნების სახელით მათ დიდ მადლობას ვუხდით.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლისროლი და ღვაწლი ქართული რაგბის განვითარებაში ფასდაუდებელია. ამ მხარდაჭერის გარეშე ქართული რაგბი ვერ განვითარდებოდა.“
ამის შემდეგ ნიჟარაძე, უშუალოდ პრესკონფერენციის საკითხზე გადავიდა და საუბარი მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების გამოსვლის შეფასებით დაიწყო:
“მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების გამოსვლა ერთმნიშვნელოვნად დადებითად უნდა შეფასდეს. წინდაწინ დასახული ამოცანა შესრულდა და ჯგუფში ორი თამაშის მოგებით უკვე მოვიპოვეთ 2019 წლის მსოფლიო თასის საგზური. ტონგასთან მატჩისთვის წელიწადნახევრის განმავლობაში ვემზადებოდით და ბრწყინვალე, პრაგმატული თამაშით, სასურველ შედეგს მივაღწიეთ. გუნდმა ითამაშა ძალიან კარგი დაცვა და შესრულდა 200-ზე მეტი ბოჭვა, შეტევაში კი, ეფექტურად გამოვიყენეთ ყველა შესაძლობა.
არგენტინასთან ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატრეთ, მაგრამ მამუკა გორგოძის გაძევებამ ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა. ამ პერიოდში მივიღეთ 21 ქულა, მეტოქემ ბრწყინვალე სტილში იმარჯვა. ამ გუნდმა მერეც საუცხოო თამაშები ჩაატარა. ჩემი აზრით, ბიჭები მეტოქისგან სულ სხვა სტილის თამაშს ელოდნენ და მოულოდნელობამაც იჩინა თავი.
ზელანდიელებთან მატჩიც ჩვენს აქტივშია და ეს არამხოლოდ ჩემი, მთელი სარაგბო სამყაროს აზრია. ღირსეული თამაში ვაჩვენეთ და მსოფლიოს ჩემპიონმა მთელი 34 წუთის განმავლობაში ქულის აღება ვერ მოახერხა. ბოლოს იყო თამაში ნამიბიასთან და რადგან მოვიგეთ, ისიც მაინც ჩვენს აქტივშია. აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს სუსტ მეტოქეებთან უფრო უჭირს კონცენტრაცია, ვიდრე ძლიერებთან. ვფიქრობ, მსაჯობის მიუხედავად, მეტოქე 20-30 ქულის სხვაობით მაინც უნდა დაგვემარცხებინა, მაგრამ მთავარია, რომ მაინც მოვიგეთ” - თქვა ნიჟარაძემ.
მეორე საკითხი, რაზეც სრკ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ დივიდენდებს შეეხებოდა, რაც ქართულმა რაგბიმ ამ მსოფლიო თასის შემდეგ მიიღო:
“იაპონიის მსოფლიო თასზე გასვლით, მინიმუმ ერთი საფეხურით ავმაღლდით. მსოფლიო რაგბისგან და გულშემატკივრებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უდიდესი პატივისცემა დავიმსახურეთ. ახლა წინ გვაქვს 4 წელიწადი, რომელიც უნდა მოვახმაროთ იმ გუნდის მშენებლობას, რომლითაც იაპონიაში კიდევ უფრო მეტს უნდა მივაღწიოთ. მაგრამ ეს იქნება ურთულესი და უმძიმესი 4 წელიწადი. კენჭისყრის წინ კალათები რომ შედგება, ჩვენს ქვევით იქნებიან ისეთი გუნდები, როგორებიც სამოა, ფიჯი და ტონგა არიან და სუსტ მეტოქესთან აღარ მოგვიწევს შეხვედრა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ ეს ეიოფორია და შევიმუშაოთ პროგრამა, რომლითაც 2019 წელს მეტ წარმატებას მივაღწევთ. ამისათვის დაგვჭირდება სახელმწიფოს, კერძო სექტორის და გულშემატკივრების მხარდაჭერა.
ამ მსოფლიო თასის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა მაღალ დონეზე მეტი თამაშის აუცილებლობა. 4 წელიწადში ერთხელ მეძლევა შესაძლებლობა, რომ ვიმუშაო იმ ადამიანებთან, რომლებიც რაგბიში გადაწყვეტილების მიმღები არიან და ინგლისში ყოფნის მთელი პერიოდი, 1 თვე და 20 დღეს ამ საქმეს მოვახმარე. შეხვედრების შედეგებით კმაყოფილი ვარ. წელს მესამედ ვიყავი მსოფლიო თასზე და აქამდე ცვლილებების აუცილებლობაზე ამდენი საუბარი არასდროს ყოფილა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ არგენტინა და იაპონია დაემატებიან ზე-15-ს, ნამიბია სამხრეთ აფრიკაში, “ქარიქაფში” ჩაერთვება, იქმნება ამერიკის ექვსი ერი, სადაც არგენტინის ნაკრებთან ერთად ამერიკის, კანადის, ურუგვაის და ბრაზილიის ნაკრებები ითამაშებენ. დავრჩით ჩვენ და რუმინეთი, რომლებსაც გეოგრაფიული პრინციპით ევროპის ექვსი გვერგება. მის გაფართოებაზე ამდენი საუბარი არასდროს ყოფილა, მაგრამ ესაა კომერციული ტურნირი, აქ “მსოფლიო რაგბი” ვერაფერს წყვეტს, ორგანიზატორებს კი, აწყობილი და კარგად მომუშავე სქემის შეცვლა უძნელდებათ.
რადგან ექვსი ერისთვის ასვლა-ჩამოსვლა მიუღებელია, ამის ნაცვლად შევთავაზეთ ტურნირის რვა ერამდე გაფართოების ფორმულა. ექვს ერს, რომც სურდეს ამ ეტაპზე გაფართოება, ამას უახლოეს ოთხ წელიწადში ვერ შეძლებდა, რადგან უკვე გაფორმებულია კონტრაქტები ტელევიზიებთან და სპონსორებთან. აი იაპონიის მსოფლიო თასის შემდეგ კი, იქ თამაშის საშუალება ჩვენ და რუმინეთს უნდა გვქონდეს. ამისათვის დღეიდანვე უნდა გაიხსნას დისკუსია. ჩვენ ვითხოვთ გვითხრან, თუ რა უნდა გავაკეთოთ (კომერციული და საორგანიზაციო თვალსაზრისით) იმისათვის, რომ ექვს ერს დავემატოთ. ამ საკითხებს მერე კერძო სექტორთან და სახელმწიფოსთან გავივლით თუ ყველაფრის მოგვარებას შევძლებთ, უარი ვეღარ უნდა გვითხრან.
გაფართოებასთან დაკავშირებით არის პრობლემები. კერძოდ, ეს გამოიწვევს კალენდრის გაზრდას და კლუბებთან დამატებით პრობლემებს. თუმცა ამაზე შევთავაზეთ ალტერნატიული ვარიანტი -გაკეთდეს ორი 4-გუნდიანი ჯგუფი და ამის შემდეგ გაიმართოს პლეი ოფები. ამ შემთხვევაში ტურნირი არსებულ ვადებში ჩაეტევა.
მაისში მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნებია, სადაც კენჭს იყრის ინგლისის რაგბის კავშირის მმართველი ბილ ბომონდი, რომელიც პარალელურად ექვსი ერის პრეზიდენტიცაა და თუ ის აირჩიეს, მაშინ რაგბის მსოფლიო მასშტაბით განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი. შესაბამისად ექვს ერს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და მას შეიძლება სხვაგვარი ხედვები ჰქონდეს. გარდა ამისა, განახლდება მსოფლიო რაგბის საბჭო და იქ უკვე საქართველოც იქნება წარმოდგენილი”.
ნიჟარაძისგან ცნობილი გახდა, რომ სამწუხაროდ, ექვსი ერის წარმომადგენლებმა, საფრანგეთის გარდა, უარი თქვეს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში მონაწილეობაზე, სადაც ბოლო დროს ქართველი ახალგაზრდები წარმატებით თამაშობდნენ და წლევანდელ ტურნირში ფინალშიც ითამაშეს. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ საქართველოს რაგბის კავშირმა იზრუნა იმაზე, რომ ამ ტურნირის გარდა 18-წლამდელებს მაღალი დონის თამაშების შესაძლებლობა ჰქონდეთ და 2016 წლის სექტემბერში გუნდი წავა სამხრეთ აფრიკაში ტურნირზე, სადაც ევროპის ჩემპიონატიდან გამოსული ექვსი ერის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
20-წლამდელებთან მიმართებაში კი საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა შეთავაზება, რომ ამ ასაკში ექვსი ერი გაფართოვდეს და ჩატარდეს რვა ერი, რაც შეიძლება გახდეს საპილოტო პროექტი დიდი ექვსი ერის გაფართოებისთვის. ამ საკითხს წელსვე განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ საქართველო 2016 წელს მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ინგლისში იასპარეზებს, სადაც ‘ა’ ჯგუფში ახალ ზელანდიას, უელსსა და ირლანდიას ეთამაშება, ხოლო 2017 წელს პლანეტის 12 უძლიერესი გუნდი (20-წლამდელების) უკვე საქართველოში შეიკრიბა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა პირდაპირ მოიპოვა 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლება, მისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატმა პრაქტიკული აზრი დაკარგა, მაგრამ ჯერჯერობით “ბორჯღალოსნები” მაინც იქ ითამაშებენ, რადგან ეს ვალდებულებაა. თუმცა, მნიშვნელოვნად გადახალისებული, ექსპერიმენტული შემადგენლობით:
“ჯერჯერობით ვრჩებით ერთა თასზე, მაგრამ არ მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირში, როგორ მოხდება ეს, გააუქმებენ თუ არა ჩვენთან თამაშის ქულებს, ჯერ უცნობია. ევროპას ამით მომავალ მსოფლიო თასზე დამატებითი ადგილი უნდა მიეღო, თუმცა, მსოფლიო რაგბიმ ამაზე უარი თქვა და კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნა. ახლა ცნობილია, რომ მსოფლიო თასზე გავა რაგბი ევროპის გამარჯვებული, ხოლო მეორე ადგილოსანი ითამაშებს რეპეშაჟში (შეგახსენებთ, რომ საქართველო ტურნირზე კონკურს გარეშე იასპარეზებს, ვინიდან შემდეგ მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება უკვე მოვიპოვეთ). ეს ყველაფერი იმის გამო შეიცვალა, რომ კუნძულელებიდან ვინმე გარეთ არ დარჩეს და წყნარი ოკეანის თასის პირველ-მეორეადგილოსნები 2019 წლის იაპონიის საგზურს მიიღებენ, ხოლო დანარჩენები რეგიონალურ შესარჩევებში იბრძოლებენ” - ამბობს ნიჟარაძე და საქართველოს ნაკრებისთვის თამაშების ვარიანტებზე გვიყვება:
“ორი წელი დანამდვილებით ვიცით, რომ ერთა თასზე ვითამაშებთ და მერე არ ვიცით რა იქნება. გვინდა, რომ ივნისის თბილისის თასის ნაცვლად, სამხრეთში სამი ტესტი ჩავატაროთ, და კიდევ სამი ტესტ-მატჩი ნოემბერში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ რაც შეიძლება მეტი ვეთამაშოთ სამხრეთელ ნაკრებებს (სამოა, ფიჯი, ტონგა, იაპონია) და წელიწადში ერთხელ მაინც შევხვდეთ პირველი დონის ნაკრებს. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ “მაორებთან” და თუ სპონსორი ვიშოვეთ, მათ თბილისში ჩამოვიყვანთ. მოგეხსენებათ, ახალ ზელანდიასთან თამაში სუფთად კომერციის საკითხია და ის 2 მილიონი ჯდება, “მაორების” ჩამოყვანა კი, განუზომლად იაფი დაგვიჯდება და ძალიან კარგი გუნდია. გვქონდა მოლაპარაკება არგენტინასთან და პირველი დონის სხვა ქვეყნებთან”.
ზემოთაც ვთქვით, რომ 2017 წელს საქართველო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს და ნიჟარაძემ ამ საკითხზე დაწვრილებით ისაუბრა:
“უახლოეს 4 წელიწადში ჩვენი პრიორიტეტი უნდა გახდეს 18-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებები, რადგან იაპონიაში ამ ბიჭებიდან ბევრი ითამაშებს. ბევრი პრობლემა მარტივად მოგვარდება, თუ მსოფლიოს ვანახებთ, რა დონეზე შეგვიძლია 20-წლამდელთა მსოფლიო თასის მასპინძლობა და ამისათვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. აუცილებელია, უკვე დაიწყოს მოედნების მშენებლობა, რადგან იმ დროისთვის მინდვრის საფარი მაღალი ხარისხის იყოს. სახელმწიფოს დახმარებით, ჩვენი და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმებით, ჯამში 30 სავარჯიშო მოედანი მოეწყობა, რომელთაგან 15 ჩვენ, 15 კი ფეხბურთის ფედერაციას დარჩება. ვფიქრობ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან მაქსიმალურად მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ორივეს გვჭირდება მოედნები.
ახალგაზრდულ ნაკრებებში აუცილებლად ქართველი მწვრთნელები იმუშავებენ. დეკემბერში ახალ ზელანდიაში, ძლიერ კლუბში სტაჟირებას გაივლის 5 ქართველი მწვრთნელი. აუცილებელია, რომ დავეხმაროთ კლუბებსაც მწვრთნელების გადამზადებაში, რადგან განათლება უნდა გახდეს ჩვენთვის პრიორიტეტი. ეროვნული ჩემპიონატი ამ ყველაფრის საფუძველია და სხვა მხრივაც უნდა და ვეხმაროთ კლუბებს. რაგბის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ 400 ათას ლარს, ინფლაციის გამო ახლა იმდენი არ შეუძლია, რომ კლუბმა შეინახოს პირველი, ესპუარების და ახალგაზრდული გუნდები და მათი ფინანსური მხარდაჭერა აუცილებლად გასაზრდელია. ამ საკითხის მოსაგვარებლად აუცილებლად გვექნება შეხვედრები სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან და ჩვენ ერთობლივად უნდა გამოვნახოთ გზები პრობლემების მოსაგვარებლად. მნიშვნელოვანია ქართული კლუბების ევროტურნირებში ჩართვა, რასაც დამატებითი სახსრები სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ ნაკრებში ბევრი მორაგბე მოხვდეს ჩვენი ჩემპიონატიდან”.
სრკ-ს პრეზიდენტისგან ცნობილი გახდა, რომ “ქართუს” დახმარებით მიმდინარეობს სტადიონების მშენებლობა ნუცუბიძეზე, დიღომში “ლოკომოტივის” ბაზაზე, თელავში, ბათუმში, გორში, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი სიახლე არაა რაგბის 25-30 ათასიანი სტადიონის მშენებლობაზე. ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად მილტონ ჰეიგის დარჩენა-არდარჩენის საკითხი სრკ-ს პრეზიდენტის და ახალი გამგეობის არჩევის შემდეგ გახდება ცნობილი.
პრესკონფერენციის ბოლოს ნიჟარაძემ მადლობა გადაუხა და ყველა იმ ადამიანს ვინც ქართული რაგბი აქამდე მოიყვანა: „მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც ეს წარმატება შექმნა.საქართველოში რაგბი 4 და 8 წლის წინ არ დაწყებულა - ჩვენამდე რაგბის განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავდნენ ბიძინა გეგიძე, რომლის დროსაც გაიჭრა ფანჯარა საფრანგეთში, რის გარეშეც ქართული რაგბის დღეს ამ დონეზე არ იქნებოდა. მადლობა მერაბ ანთაძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წლების განმავლობაში საერთო საქმეში თავისი წილი აგური დადო.
დიდი მადლობა გულშემატკივრებს არნახული თანადგომისთვის. ინგლისში, როგორც იქ მცხოვრები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულნი ქართველები შეიკრიბნენ ბორჯღალოსნების საქომაგოდ.ხოლო საქართველოდან განუზომელ ენერგიას ვიღებდით. ამ დროს მთელი ქვეყანა გაერთიანდა და რაგბით ცხოვრობდა რაც იქაც იგრძნობოდა. დიდი მადლობა მედიას, რომელიც განსაკუთრებით კარგად აშუქებდა მსოფლიო თასს. მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებელს და სილქ თი ვის, რომლებმაც ტურნირის 48-ვე მატჩის პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია განახორციელა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სპონსორებს, რომლებიც ამ პერიოდში და წლების წინაც გვერდში გვედგნენ: გენერალურ სპონსორს, ‘ვითიბი ბანკს’, წლების განმავლობაში ჩვენს ერთგულ სპონსორს, ლუდსახარშ ‘ნატახტარს’; ‘კავკაზუს ონლაინს’ ; სხვადასხვა დროს ჩვენს სპონსორებს - კომპანია ‘არ ემ ჯის’, ‘გალფს’, ‘თი ბი სი’ ბანკს, კომპანია ‘სევენ სქაის’ და იმ უამრავ ფიზიკურ პირს, რომელთა მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია.“
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია