ამბები

10:55 | 31.10.2015 | ნანახია 2961 - ჯერ

ჰაბანამ რეკორდი დაკარგა, სამხრეთ აფრიკამ ბრინჯაო ირგუნა

2015 წლის მსოფლიო თასის ბრინჯაოს მატჩში, არგენტინამ პერიოდულად კბილები გამოაჩინა, მაგრამ სამხრეთ აფრიკის დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და “ბოკემ” მესამე ადგილი მეორედ დაიკავა.

თამაშის დაწყების წინ ყველას აინტერესებდა, შეძლებდა თუ ვერა ბრაიან ჰაბანა ლელოს გატანა და მსოფლიო თასების საუკეთესო მელელოვეთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურებას. აფრიკელს ზელანდიელ ლომუს მსგავსად, უდიდეს სარაგბო ფორუმზე 15 ლელო ჰქონდა გატანილი და ამ მატჩში რამდენიმე კარგი შანსი მიიღო, მაგრამ მათი გამოყენება ვერ მოახერხა.

თამაში ორივე გუნდმა თავბრუსდამხვევ ტემპში დაიწყო. ბურთი სწრაფად მოძრაობდა და რუან პინარმა ჯარიმის სწრაფად გათამაშება რომ დააპირა, არგენტინელთა 9 ნომერმა ტომას კუველიმ 10 მეტრის წესი დაარღვია და რეფერიმაც ის სინბინში გაუშვა. “ბოკემ” მეტობა შემდეგსავე შეტევაში გამოიყენა, ბურთი აუტში გადაიტანა, მოლისა და ორი დარტყმის შემდეგ იერიში მარჯვენა ფლანგზე გაშალა და ჯეი პი პიტერსენი მარჯვენა ალამთან ლელოს მიწვდა. ჰანდრე პოლარდმა ზუსტი გარდასახვის შემდეგ კიდევ სამი ჯარიმა გაიტანა და მიუხედავად იმისა, რომ არგენტინა ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და ბურთსაც მეტად აკონტროლებდა, ტაიმი სამხრეთ აფრიკამ 16:0 მოიგო.

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ 2015 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო ბომბარდირობისთვის დავა დაძაბა. ნიკოლას სანჩესმა უპირატესობა თამაშის განახლებისთანავე დაიბრუნა, როდესაც 40 მეტრიდან არეკნი ბრწყინვალედ შეასრულა. აფრიკამ სწრაფად უპასუხა და თანაც ლელოთი - მათ ხელდახელ გაათამაშეს ბურთი და ალამთან ლელოში იბენ ეცებეთი შესრიალდა, თუმცა, პოლარდს გარდასახვა გაუცუდდა და ბომბარდირებში ლიდერობა ვერ დაიბრუნა. სამაგიეროდ მან “პიმების” უდისციპლინობით ისარგებლა და 48-ე წუთზე ჯარიმით დაწინაურდა, მაგრამ სანჩესმა 4 წუთში ჯარიმითვე უპასუხა. პოლარდს ერთი ჯარიმა გაუფუჭდა, ხოლო სანჩესმა სულ ბოლოს გარდასახვაც გამოიყენა და წინდაწინ გეტყვით, 97 ქულით ბომბარდირის ტირული მოიპოვა. მართალია დღეს ფინალია, მაგრამ ავსტრალიელი ბერნარდ ფოლი მას 23, ხოლო ზელანდიელი 35 ქულით ჩამორჩება და ძნელად სავარაუდოა ეს ჩამორჩენა აღმოფხვრან.

რეკორდებზე ვსაუბრობთ და ჰაბანას პირველ ტაიმში ლელოს გატანის სამი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერცერთით ისარგებლა და მსოფლიო თასების ისტორიაში საუკეთესო მელელოვეთა დავაში ერთპიროვნულად დაწინაურების შანსი დაკარგა.

რაც შეეხება თამაშს, არგენტინამ ბოლო წუთზე გულშემატკივარი ლელოთი გაახარა. მათმა ფაზებმა შედეგი გამოიღო და მიზანს შეცვლაზე შესული ხუან პაბლო ორლანდი მიწვდა, ხოლო სანჩესმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 24:13.

2015 წლის მსოფლიო თასი. მესამე ადგილისთვის

ლონდონი. “ოლიმპიკი”. 55 925 მაყურებელი

სამხრეთ აფრიკა - არგენტინა 24:13 (16:0)

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჯესი კრილი, 12. დამიან დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. რუან პინარი; 1. ტენდაი ბისთ მთავარირა, 2. ბისმარკ დიუ პლესი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. იბენ ეცებეთი, 5. ვიკტორ მეტფილდი (კაპ.), 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.

სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დიუ პლესი, 19. ლოდევიკ დე იახერი, 20. ვილემ ალბერცი; 21. რუდი პეიჯი, 22. პეთ ლემბი, 23. იან სერფონტეინი.

2 ლელო: პიტერსენი, ეცებეთი

1 გარდასახვა: პოლარდი

4 ჯარიმა: პოლარდი

არგენტინა: 15. ლუკას გონსალეს ამოროსინო, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. ორასიო აგუჟა, 10. ნიკოლას სანჩესი (კაპ.), 9. ტომას კუველი; 1. ხუან ფიგაჟო, 2. ხულიან მონტოჟა, 3. რამირო ერერა, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. ხავიერ ორტეგა-დესიო, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ხუან მანუელ ლეგისამონი.

სათადარიგოები: 16. ლუკას ნოგერა-პასი, 17. ხუან პაბლო ორლანდი, 18. სანტიაგო გარსია-ვოტა, 19. გვიდო პეტი, 20. ფაკუნდო ისა; 21. მარტინ ლანდახო, 22. სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, 23. ხუან პაბლო სოსინო.

1 ლელო: ორლანდი

1 გარდასახვა: სანჩესი

1 ჯარიმა: სანჩესი

1 არეკნი: სანჩესი

1 სინბინი: კუველი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.111204