6 ერი

11:36 | 25.03.2016 | ნანახია 1538 - ჯერ

20 საინტერესო ფაქტი წლევანდელ ექვს ერზე

ექვსი ერის თასის 2016 წლის გათამაშება დასრულდა, ჩემპიონობა „გრანდ სლემით“ ინგლისის ნაკრებმა მოიპოვა, ხოლო იტალიელებს „ხის კოვზი“ მეთერთმეტედ ხვდათ წილად (17 გათამაშებაში). ბრიტანული გამოცემა ESPN-ი წლევანდელი გათამაშების 20 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს:

  1. ირლანდიის ნაკრების კვაჭმა შონ კრონინმა „სკამის კაცის“ წოდება თანაგუნდელ იან მადიგანს გადაულოცა. 27 წლის მგეზავს მოედანზე გამოსვლის საშუალება არც შაბათს, შოტლანდიასთან გამართულ მატჩში მისცემია, ასე რომ ექვს ერში მისი კეპების რაოდენობა 12 დარჩა.
  2. წლევანდელ გათამაშებაში მხოლოდ ერთი არეკნი გავიდა, რაც 1990 წლის გათამაშების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იმ დროს ჩემპიონატში 5 გუნდი მონაწილეობდა და, შესაბამისად, მატჩების რაოდენობაც ცოტა იყო. წელს ერთადერთი არეკნის ავტორი იტალიელი კარლოს კანაა.
  3. უელსის ნაკრების მესამეხაზელმა როს მორიატიმ გათამაშების სადებიუტო 62 წუთში უფრო მეტი - 2 ლელოს დადება მოახერხა, ვიდრე 80-იან წლებში მისმა მამამ (პოლი) და ბიძამ (რიჩი) ერთად 22 მატჩში მოახერხეს.
  4. ინგლისის ნაკრებმა ჩემპიონატის „გრანდ სლემით“ მოგება პარიზში მოახერხა. ამით „ვარდები“ გახდნენ პირველები, ვინც ერთ ქვეყანაში „გრანდ სლემის“ მოპოვება 3 სხვადასხვა სტადიონზე მოახერხეს. ინგლისელებმა 1914 წელს გამარჯვება „პარკ დე პრინცზე“ იზეიმეს, 1921 და 1923 წლებში „სტად კოლომბისზე“, ხოლო წელს „სტად დე ფრანსზე“ იმარჯვეს.
  5. ფრანგები ცხრილის ქვედა ნაწილში უკვე ზედიზედ მეხუთედ მოხვდნენ, ეს მათთვის 1920-იანი წლების შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
  6. იტალიის ნაკრებთან დადებული ორი ლელოს შემდეგ, ირლანდიელი მესამეხაზელი ჯეიმი ჰისლიპი, მოქმედ მორაგბეებს შორის საუკეთესო მორკინალი მელელოვე (9 ლელო) გახდა. ჯამში ის საუკეთესო მორკინალ მელელოვეებს შორის მხოლოდ ინგლისელ ლორენს დალაგლიოს ჩამორჩება.
  7. იტალია, რომელიც ჩემპიონატში 17 წელია მონაწილეობს, „ხის კოვზების“ („პრიზი“ ბოლოადგილოსანისთვის) რაოდენობით საფრანგეთის ნაკრებს უსწრებს. ამ მოკლე ხანში „აძურას“ ეს „პატივი“ 11-ჯერ ხვდა წილად, ხოლო ფრანგები ბოლო ადგილზე 91 სეზონის განმავლობაში 9-ჯერ გავიდნენ.
  8. უელსის ნაკრების გარემარბ ჯორჯ ნორთს მოქმედ მორაგბეთა შორის ყველაზე მეტი - 12 ლელო აქვს დადებული ექვსი ერის გათამაშებაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნორთი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა (ორ კვირაში 24 წლის ხდება), შესაძლოა, ყველა დროის რეკორდი სწორედ მან დაამხოს, რა თქმა უნდა თუ ჯორჯი განვითარებას ამ ტემპებით გააგრძელებს. ტურნირის ყველა დროის საუკეთესო მელელოვე ირლანდიელი ბრაიან ოდრისკოლი გახლავთ 26 ლელოთი, მას 24 წლის ასაკში უკვე 17 ლელო ჰქონდა დადებული.
  9. იტალიის ნაკრების მიერ 17 სეზონში მოპოვებული 12 გამარჯვება, საფრანგეთის ნაკრების მიერ 1910-1931 წლებში (მაშინ ჩემპიონატში 5 გუნდი მონაწილეობდა) მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობას უტოლდება.
  10. გუნდები, რომლებმაც გრანდ სლემი საფრანგეთში მოიპოვეს: ინგლისის ნაკრებმა ეს 4-ჯერ მოახერხა, უელსმა 7-ჯერ შეძლო, თუმცა ექსპერტები ამ მხრივ უპირატესობას მაინც ინგლისს ანიჭებენ, რადგან ხუთი ერის გათამაშების ბოლო ტურში, ხშირად სწორედ უელსი და საფრანგეთი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
  11. მას შემდეგ, რაც შოტლანდიის ნაკრებმა გათამაშება ცხრილის ზედა ნაწილში დაასრულა, 17 წელი გავიდა. მაშინ გათამაშებაში ჯერ კიდევ 5 გუნდი მონაწილეობდა.
  12. ინგილისის ნაკრები ტურნირის გამარჯვებული ოცდამეშვიდედ გახდა. ამ მაჩვენებლით „ვარდებმა“ უელსის ნაკრებს ერთით გაასწრეს.
  13. საფრანგეთის ნაკრებს წინა ათწლეულების შედეგებთან შედარებით რეგრესი აქვს. ბოლო შვიდი სეზონის განმავლოაბაში, „მამლებმა“ მხოლოდ 28 ქულა (თუ არ ჩავთვლით იტალიასთან მატჩებს) მოაგროვეს. შემდეგ სამ სეზონში მათ დიდი შრომა მოუწევთ, რათა თუნდაც ათწლეულების ყველაზე ცუდ შედეგს - 49 ქულას მიაღწიონ, რომელიც 1970-იან წლებში მოაგროვეს.
  14. უელსის ნაკრებმა ტურნირზე მე-2 ადგილი 39 წლის შემდეგ პირველად დაიკავა.
  15. ექვსი ერის გათამაშებაში ყველაზე მეტი - 52 მარცხი იტალიელ მარტინ კასტროჯოვანის აქვს განცდილი, მას 45 მარცხით თანაგუნდელი სერჯიო პარისე მოსდევს.
  16. პარისე ექვსი ერის ეგიდით გამართულ 55 მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო, რაც მორკინალებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
  17. იტალიის ნაკრებმა წლევანდელ გათამაშებაში 224 ქულა გაუშვა, რაც 4 ქულით ჩამორჩება მათ მიერვე 2000 წელს დაფიქსირებულ ტურნირის ყველაზე ცუდ შედეგს.
  18. ირლანდიელ მგეზავ ჯონი სექსტონს ამ ტურნირზე სულ 288 ქულა დაუგროვდა, რაც მოქმედ მოთამაშეებს შორის საუკეთესო შედეგია.
  19. წლევანდელ გათამაშებაში გუნდებმა სულ 693 ქულა მოაგროვეს, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.
  20. კარლოს კანას გატანილი არეკნიდან გუნდებმა 1193 წუთი ითამაშეს და არეკნი არ გაუტანიათ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი დროა, თუმცა რეკორდი სულაც არ არის -1904 წლიდან 1907 წლამდე ტურნირზე 22 მატჩის განმავლობაში არეკნი არ გასულა.

მოამზადა უჩა გოგიძემ


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.136265