ამბები

21:36 | 24.10.2015 | ნანახია 4344 - ჯერ

“ოლ ბლექსი” ტიტულს ფინალში დაიცავს

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ, 2015 წლის მსოფლიო თასის პირველ ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკა დაძაბულ ბრძოლაში 20:18 დაამარცხა და ტიტულს გადამწყვეტ მატჩში დაიცავს. მისი მეტოქე ხვალ, ავსტრალიისა და არგენტინის შეხვედრაში გაირკვევა.

თამაში აფრიკელებმა უკეთ დაიწყეს და ჯესი კრილმა ხაზი გაჭრა და ის საკუთარ 22-ში ბენ სმითმა შეაჩერა, მერე ახალი ზელანდია მოლში დაჯარიმდა და ჰანდრე პოლარდმა ზუსტი დარტყმით ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა - 3:0. “ოლ ბლექსმა” მძლავრად უპასუხა, 22-ში სამი პასით მარჯვება ფლანგზე ჯერომი კაინო გაიქცა, მას მბოჭავმა ფეხი ხაზზე ვერ დაადგმევინა და ბურთი ალამთან დაამიწა. დენ კარტერმა მეორე ცდით გარდასახა, მეორე ცდა კი იმის გამო მიიღო, რომ პირველ ჯერზე აფრიკელები მისი დარტყმის ჩასახურად ვადაზე ადრე გაიქცნენ.

მე-10 წუთზე ზელანდია უწყინარ სიტუაციაში კვლავ დაჯარიმდა და პოლარდმა გასატანი პოზიციიდან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო მე-20 წუთზე მან მესამე ცდით “ბოკე” კვლავ წინ გაიყვანა. აფრიკელების უპირატესობა მოლი იყო, დერეფანში ისინი დამაჯერებლად ვერ თამაშობდნენ, ახალი ზელანდია ხშირად ჯარიმდებოდა და ფონს გასვლას მეტოქის 22-ში ბურთის ფეხით შეცურებით და მასზე სწრაფად მიყოლით ცდილობდა.

32-ე წუთზე “ოლ ბლექსს” წინ გასვლის შანსი ჰქონდა, მაგრამ კარტერის ჯარიმა ძელმა აისხლიტა. აფრიკელებმა საფრთხე გაჭირვებით განმუხტეს. ტაიმის ბოლოს კაინო დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, რითაც პოლარდმა ისარგებლა და საკუთარ გუნდს ტაიმი 12:7 მოაგებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ზელანდია კაცნაკლული თამაშობდა, კარტერმა 46-ე წუთზე არეკნი გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა, 51-ე წუთზე კი, ლელო გაიტანა. აფრიკელებმა ბურთი დაკარგეს, ზელანდიამ კარგი შეტევა წამოიწყეს, ორჯერ მიიღეს ჯარიმის უპირატესობა, თუმცა, მარცხენა ფლანგზე მეტობა გამოიყენეს და ლელო ბოდენ ბარეთმა მიითვალა, ხოლო კარტერმა გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა. “ბოკე” ჩამორჩა და ამას კიდევ ერთი უბედურება დაემატა. ლელომდე ბრაიან ჰაბანამ არონ სმითს განზრახ ჩაურტყა ბურთში ხელი და სინბინით დაისაჯა.

კაცნაკლულმა აფრიკელებმა შერკინებაში ჯარიმის უფლება მოიპოვეს და პოლარდმა დარტყმა ზუსტად შეასრულა, მაგრამ თამაში რომ განახლდა, კარტერმა ზუსტი ჯარიმითვე უპასუხა. 63-ე წუთზე აფრიკას ჯარიმით კიდევ ერთხელ შეეძლო ჩამორჩენის შემცირება, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ დააფიქსირა, რომ უპირატესობის პერიოდში აფრიკელი მორაგბე კისერში თამაშისთვის დაჯარიმდა და ბურთი “ოლ ბლექსს” გადაეცა. 68-ე წუთზე ზელანდიელები მოლში დაჯარიმდნენ და პეთ ლემბიმ ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დასკვნითმა წუთებმა ზელანდიელთა უპირატესობით ჩაიარა და მოქმედმა ჩემპიონმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 20:18 და ხვალ მეორე ფინალისტი გაირკვევა.

2015 წლის მსოფლიო თასი

ნახევარფინალი. 24 ოქტომბერი.

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია 18:20 (12:7)

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეი-პი პიტერსენი, 13. ჯესი კრილი, 12. დამიან დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფური დიუ პრე (კაპ.); 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დიუ პლესი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. იბენ ეცებეთი, 5. ლუდ დე იახერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.

სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დიუ პლესი, 19. ვიქტორ მეტფილდი, 20. ვილემ ალბერცი; 21. რუან პინარი, 22. პეთ ლემბი, 23. იან სერფონტეინი.

6 ჯარიმა: პოლარდი (5), ლემბი

1 სინბინი: ჰაბანა

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. არონ სმითი; 1. ჯო მუდი, 2. დეინ ქოულზი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. ქიარან რიდი.

სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. ბენ ფრენქსი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქთორ ვიტო, 20. სემ ქეინი; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეთი, 23. სონი-ბილ ვილიამსი.

2 ლელო: კაინო, ბარეთი

2 გარდასახვა: კარტერი

1 ჯარიმა: კარტერი

1 არეკნი: კარტერი

1 სინბინი: კაინო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.236501