ამბები

19:27 | 24.10.2015 | ნანახია 1873 - ჯერ

“ყოჩებმა” სერია გააგრძელა, “ბათუმმა” გამარჯვება გაიხსენა

საქართველოს მორაგბეთა XXVI ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-7 ტურის პირველ სათამაში დღეს, ცენტრალურ შეხვედრებში რეგიონების წარმომადგენლებმა თბილისური კლუბები დაამარცხეს.

“ავჭალაზე” ბოლნისის “ყოჩები” თბილისის “ლოკომოტივს” შეხვდა და 24:17 იმარჯვა. თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, სხვაობა ბევრად დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გასული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ თემო სოხაძეს დარტყმები არ წაუვიდა და რამდენიმე 100-პროცენტიანი ჯარიმის ვერ გაიტანა. გარდა ამისა, მან ფეხით ტაქტიკური დარტყმებისასაც დაუშვა რამდენიმე შეცდომა, მაგრამ ფეხითვე იდეალური სალელოვე გადაცემა შეასრულა და ალექსი ხუციშვილს ლამაზი ლელო გაატანინა.

თამაში ბოლნისელებმა აქტიურად დაიწყეს. ისინი სწრაფ, ხელდახელ თამაშს ცდილობდნენ და როცა ეს გამოსდიოდათ, საფრთხესაც ქმნიდნენ. შერკინებაში გადამწყვეტი უპირატესობა ვერავინ მოიპოვა და ხან ერთი ჯაბნიდა მეორეს, ხან მეორე პირველს. მატჩის დებიუტში ბოლნისელების ხელდახელ შეტევის შემდეგ ხუციშვილმა კარგად შეუტია, 22-ის ხაზთან წარმოქმნილი რაქიდან ბურთი სოხაძეს მიუვიდა და არეკნით ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ მან სამჯერ შეასრულა ჯარიმა, სამივე გასატანი პიზუცია იყო 22-38 მეტრების სიშორიდან, მაგრამ ორჯერ მიზანმა უმტყუნმა და ერთხელ ბურთი ძელმა აისხლიტა.

შედეგად, “ლოკომოტივმა” პირველად რომ მიიღო ქულის აღების შანსი, ბექა წიკლაურმა 35 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ამას კვლავ ბოლნისელთა გააქტიურება მოყვა და სოხაძის ჯარიმა ამჯერად ზუსტი იყო, მაგრამ წიკლაურმა მალევე ჯარიმით უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ზედ შესვენების წინ რეფერიმ ბაჩანა გოგიშვილი გაასინბინა და “ყოჩები” მოედანზე კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ახლა წიკლაურს უმტყუნა მიზანმა და გაფუჭებულ ჯარიმას არაზუსტი არეკნი მოყვა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სოხაძემ და წიკლაურმა ჯარიმები გაცვალეს, მერე ბოლნისელების დამრტყმელს კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ სამ წუთში წიკლაურმაც არაზუსტი დარტყმა შეასრულა. ამასობაში 62-ე წუთი მოვიდა, “ყოჩებს” ფლანგებზე ორჯერ ჰქონდა მეტობა, მაგრამ პასები არ გაკეთდა, თუმცა, ბოლნისელებმა დარტყმებით წითელ ზოლში შესვლა მოახერხეს, მერე საქმეში გიორგი ხოსიტაშვილი ჩაერთო და ლელო გაიტანა, ხოლო სოხაძემ რთული პოზიციიდან გარდასახა.

ამას წიკლაურმა კარის წინ 38 მეტრიდან ზუსტი ჯარიმით უპასუხა, სოხაძის დარტყმა ისევ არაზუსტი იყო, მაგრამ 73-ე წუთზე “ყოჩებმა” სათამაშო უპირატესობა მეორე ლელოდ გარდასახეს. მეტოქის 22-ში კარგად ითამაშა ჯაბა კიკვიძემ, ამით ბოლნისელებმა ჯარიმის უპირატესობა მიიღეს, მერე სოხაძემ ბურთი მარცხენა ფლანგზე, ლელოს ხაზთან ჩაკიდა, ხუციშვილი მცველს გადააფრინდა და წაქცეულმა ბურთი დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო - 21:12.

“ლოკომოტივს” უკან დასახევი გზა რომ აღარ დარჩა ჯარიმის კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩია. ჯარიმის გათამაშების შემდეგ, თბილისელებმა რამდენიმე დარტყმა განახორციელეს, ზურაბ ძნელაძე მცველებს შორის გაძვრა და 78-ე წუთზე ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ სიჩქარეში წიკლაურს დარტყმა არ გამოუვიდა და 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად რკინიგზელებმა საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ შეუტიეს. ამან შედეგი ვერ გამოიღო, “ლოკომოტივი” დაჯარიმდა, სოხაძემ ეს დარტყმა ზუსტად შეასრულა და “ყოჩებს” 24:17 მოაგებინა. ბოლნისელებისთვის ეს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო, ხოლო “ლოკომოტივი” მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა.

პრემიით ბრუნდება გონიოდან ქვეყნის ჩემპიონი “ლელო-სარასენსი”, რომელსაც “ბათუმმა” 18:17 სძლია. ზღვისპირელებს აქამდე ორი თამაში ჰქონდათ წაგებული და ეს მოგება მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო. “შევარდენზე” “აკადემიამ” “არმაზი” 20:6 დაამარცხა და სამმატჩიანი ჩავარდნის შემდეგ გამარჯვებით გაიხარა, ხოლო “არმაზს” მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ მოუგია.

ხვალ “ხარები” თბილისის “არმიას” რუსთავში მასპინძლობს, ხოლო ერთპიროვნული ლიდერი, ბეჭდაუდებელი გორის “ჯიქი” ქუთაისში ადგილობრივ “აიას” შეხვდება.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VII ტური

24 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 500 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 24:17 (6:6)

თბილისი. “შევარდენი”

არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 6:20

გონიო

ბათუმი (ბათუმი) - ლელო-სარასენსი (თბილისი) 18:17

გუნდები თ მ ფ წ +/- ქ ბ

ჯიქი 6 6 0 0 133:65 26 2
ბათუმი 7 5 0 2 111:96 22 2
ლელო-სარასენსი 7 4 1 2 117:99 19 1
ყოჩები 6 4 0 2 99:75 18 2
აია 6 3 1 2 108:92 16 2
ლოკომოტივი 6 3 0 3 116:106 15 3
აკადემია 7 3 0 4 75:106 14 2
არმია 6 1 1 4 118:140 9 3
არმაზი 5 0 1 4 73:106 4 2
ხარები 6 0 0 6 66:131 2 2

25 ოქტომბერი

რუსთავი. 15:30 საათი

ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი)

ქუთაისი. “აია”. 15:30 საათი

აია (ქუთაისი) - ჯიქი (გორი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.076489