ამბები

19:20 | 23.10.2015 | ნანახია 2401 - ჯერ

ტური “ბორჯღალოსნებთან” ერთად

ქართულ კლუბებში მოთამაშე საქართველოს ნაკრების მორაგბეები უკვე კარგა ხანია სამშობლოში დაბრუნდნენ და ზოგიერთმა მათგანმა გასულ ტურშიც ითამაშა, მაგრამ ახლა დასვენებისთვის საკმარისი დრო გავიდა და მოედანზე მათი უმრავლესობა უნდა დაბრუნდეს (ტრავმირებულების გამოკლებით). ჰოდა ქართველ გულშემატკივარსაც ეძლევა შანსი, რომ სტადიონზე მივიდეს და მათ მადლობა ამ გზით გადაუხადოს.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-7 ტურის თამაშები შაბათ-კვირას 15:30 საათზე იწყება და სტადიონზე მისვლა საღამოს მსოფლიო თასის ნახევარფინალების ხილვას ხელს არ შეუშლის. შაბათს ორი თამაში თბილისში, ხოლო ერთი გონიოშია.

“შევარდენზე” “არმაზი” დედაქალაქურ დერბიში “აკადემიას” მასპინძლობს და კიდევ ერთხელ ეცდება პირველი გამარჯვების მოპოვებას. არმაზელები ბოლო 3 ტურია მოედანს უქულოდ არ ტოვებენ, მაგრამ ორჯერ მხოლოდ პრემიას დასჯერდნენ - ჩემპიონ “ლელო-სარასენსთან” (15:20) და ერთი კვირის წინ ლიდერ “ჯიქთან (10:16), მათ შორის კი, “არმიას” დაუზავდნენ (24:24). აკადემიელების საქმე პირიქითაა. მათ საწყისი 4 მატჩიდან ორი მოიგეს და ორში პრემია აიღეს, ხოლო ბოლო ორ თამაშში უქულოდ დარჩნენ (“ჯიქთან” 3:40 და “ყოჩებთან” 6:16). ვისი აჯობებს - აღმავლობის გზაზე მყოფი “არმაზის”, თუ დაღმასვლაში მყოფი “აკადემიასი”, “შევარდენზე” გამოჩნდება.

“ავჭალაზე” ორი უძველესი კლუბი თამაშობს - ბოლნისის “ყოჩები” თბილისის “ლოკომოტივს” შეხვდება. გასულ ორ ჩემპიონატში ამ გუნდების გზები პლეი ოფის ეტაპზე გადაიკვეთა და რკინიგზელებმა მეტოქეს ორივეჯერ აჯობეს. ეს ბოლნისელების მოტივაციას ზრდის, მით უმეტეს, რომ ტრადიციულად, “ლოკომოტივი” რეგულარულ გათამაშებას არასტაბილურად ატარებს. თამაშს დამატებითი მოტივაციაც აქვს. ეს ის გუნდები არიან, რომელთაც “არმაზთან” გადადებული შეხვედრები აქვთ ჩასატარებელი, 5-5 თამაშიდან თანაბარი, 14-14 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან. ახლა ერთ-ერთს დაწინაურების შანსი ეძლევა. ბოლნისელებმა ბოლო სამი თამაში მოიგეს და მდგომარეობაც ამის შედეგად გაიმჯობესეს, ხოლო რკინიგზელებმა “აიასთან” თბილისში განცდილ მარცხს ორი გამარჯვება მოაყოლეს და შეიძლება ითქვას, ორივე გუნდი სასურველ ფორმასთან ახლოსაა.

გონიოში დაუხვდება საქართველოს ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” “ბათუმი”, რომელმაც ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ, ორი უკანასკნელი შეხვედრა დათმო. ამით კარგად ისარგებლა “ლელო-სარასენსმა”, რომელმაც ბოლო სამი თამაშიდან ორი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, ბათუმელების დარად 18 ქულა მოაგროვა და მასთან მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

კვირას რუსთავის “ხარები”, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში ექვსივე თამაში წააგო, “არმიას” დაუხვდება, რომელმაც ოთხი წაგების შემდეგ საკუთარი თამაში იპოვა და ჯერ “არმაზს” დაუზავდა, მერე კი “აიას” სძლია (29:24). თავის მხრივ, “აია”, რომელმაც უკანასკნელი ორი თამაშიდან ვერცერთი მოიგო, მაგრამ 3 ქულა აიღო (ფრე “ლელოსთან” და მცირედი მარცხი “არმიასთან”), გათამაშების ერთპიროვნულლიდერ გორის “ჯიქს” დაუხვდება. გორელებმა ექვსივე თამაში მოიგეს, ორჯერ პრემიალური ქულაც მიითვალეს და მათ ლიდერობას მინიმუმ 2 კვირა არაფერი ემუქრება, მაგრამ წინ გრძელი გზაა და პიზიციების გამყარებას ეცდებიან. მაგრამ ქუთაისელებს ლიდერებში სურთ დამკვიდრება და შინაური კედლების გამოყენებით, სამეულში დამკვიდრებას ეცდებიან.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VII ტური

24 ოქტომბერი

თბილისი. “შევარდენი”. 15:30 საათი

არმაზი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

გონიო.15:30 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

25 ოქტომბერი

რუსთავი. 15:30 საათი

ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი)

ქუთაისი. “აია”. 15:30 საათი

აია (ქუთაისი) - ჯიქი (გორი)

1. ჯიქი 6 6 0 0 133:65 26
2. ლელო-სარასენსი 6 4 1 1 100:81 18
3. ბათუმი 6 4 0 2 93:79 18
4. აია 6 3 1 2 108:92 16
5. ლოკომოტივი 5 3 0 2 99:82 14
6. ყოჩები 5 3 0 2 75:58 14
7. აკადემია 6 2 0 4 55:100 10
8. არმია 6 1 1 4 118:140 9
9. არმაზი 4 0 1 3 67:86 4
10. ხარები 6 0 0 6 66:131 2


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081408