ამბები

18:15 | 22.10.2015 | ნანახია 3932 - ჯერ

ბრაიან მური მსოფლიო თასის ფორმატის შესახებ

სარაგბო მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ არაერთი გამოცემა ალაპარაკდა მეორე დონის ქვეყნების მნიშვნელვნად გაუმჯობესებულ თამაშზე და უფრო თავისუფლად დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ისეთი “ჩაკეტილი წრე”, როგორიც 6 ერია, უნდა გაიხსნას.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ მეორე დონის ქვეყნებს განვითარებისთვის ჰაერივით სჭირდებათ თამაშები პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ. ასევე არანაკლები გამოხმაურება ჰპოვა მედიაში ავსტრალიელი მესვეტის, გრეგ გრაუდენის იდეამ მსოფლიო თასის არსებული ფორმატის შეცვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც, 7-კაცას მსოფლიო სერიის მსგავსად, მეოთხედფინალებს გარეთ დარჩენილი გუნდებისთვის სინის, ფიალისა და ფარის გათამაშება უნდა გაიმართოს (სტატია).

ამ იდეის ირგვლივ თავისი აზრი ასევე ინგლისისა და “ბრიტანელი ლომების” ყოფილმა კვაჭმა, ამჟამად კი “დეილი ტელეგრაფის” მესვეტე ბრაიან მურმა გამოხატა (წყარო):

"მსოფლიო თასის ფორმატი 7-კაცას მსგავსად რომ იყოს დაგეგმილი, ამჯერად, იაპონიისა და ინგლისის ან საქართველოსა და ფიჯის ფინალებს ვიხილავდით, ან თუნდაც იაპონია-იტალიის ჯახს.

მსგავსი ფორმატი უკვე კარგად არის ფეხმოკიდებული შვიდკაცას ყველა ტურნირზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი გუნდები მიმდინარე შეჯიბრებას არ ტოვებენ და სხვა ასპარეზობაში გადადიან, სადაც ჯგუფის მესამე და მეოთხე ადგილოსნები ხვდებიან ერთმანეთს და ფიალისთვის იბრძვიან.

სანამ ამ მოდელის ღირებულებებისა და პრაქტიკულობის სიღრმეებამდე ჩავალთ, შეგვიძლია გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ მსოფლიო რაგბი მიმდინარე მსოფლიო თასის მაღალშემოსავლიან ტურნირად გადაქცევისთვის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს – არ იყო საკმარისი ბილეთები, ფასი ძალიან მაღალი იყო, ლონდონის გარეთ არ იყო დაგეგმილი საკმარისი რაოდენობის მატჩები და ინგლისის ბევრი სარაგბო მოედანი საერთოდ იგნორირებული იყო.

დამტკიცების შემთხვევაში ეს მოდელი ასე იმოქმედებს:

ფიალის გათამაშება, რომელიც მხოლოდ მეორე დონის ნაკრებებისთვის იქნება განკუთვნილი, ლონდონის გარეთ, ტრადიციულ სარაგბო სტადიონებზე გაიმართება და ბილეთი მხოლოდ 20 გირვანქა ეღირება. დამატებითი 7 მატჩი ქომაგებს საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ უკეთეს შანსს მისცემს.

ეს საკითხი გასული 2 ტურნირის დროს რომ წამოგვეჭრა, სამართლიანად გამოიწვევდა დავას, მაგრამ ამჟამად უდაოდ ბევრ გულშემატკივარს გაუხარებს გულს, რადგანაც წლევანდელ მსოფლიო თასზე, მეორე დონის ქვეყნებმა თავიანთ ჯგუფებში მოასპარეზე “ბობოლებს” ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

გასაოცარია, რომ იაპონიამ ჯგუფში სამი თამაში მოიგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის შანსი მაინც ვერ მოიპოვა. მეორე დონის გუნდების ბევრმა საუკეთესო მორაგბემ იმედგაცრუებაც კი გამოხატა იმ საკითხზე, რომ რაგბი თითქოს დაუსრულებულ საქმეს ჰგავს. ისინი ასეთი ფორმატის ტურნირის შემთხვევაში, პლეიოფებიდან მართლაც ბევრს ისწავლიდნენ. რისი შანსიც მათ როგორც წესი არ ეძლევათ.

პლეიოფების ფაზის დაწყებამდე მთავარი ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, 1 კვირიანი შესვენება მიეცემოდა ყველა გუნდს. მატჩები შუა კვირაში გაიმართებოდა და სპორტულ მედიას სალაპარაკო თემა მთელი კვირის განმავლობაში არ გამოელეოდა.

ეს საშუალება მეორე დონის ქვეყნებს კარგ შესაძლებლობებს მისცემს, რადგანაც დღევანდელი ფორმატით მეორე დონის გუნდებს თითქმის არასდროს მიეცემათ მსოფლიო თასის მოგების საშუალება, რადგანაც ამისთვის ისინი ჯერ პირველ დონეზე უნდა ავიდნენ.

ეს მოდელი მომგებიანი იქნება ფინანსურადაც. “სინერჯის” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თიმ ქროუ, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასპონსორო ექსპერტებიდან ერთ-ერთია, საკმაოდ საინტერესო კომენტარს აკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფიალის გათამაშებისას მონაწილე გუნდებისთვის მიზანი მხოლოდ მისი მოპოვება არ იქნება, ამით გუნდებს კარგი სპონსორების მოპოვების შესაძლებლობაც ეძლევათ.

მსოფლიო თასის ფიალაზე მონაწილე გუნდები პოტენციური სპონსორებისთვის უფრო საინტერესო და ღირებულნი იქნებიან. გაზრდილი სასპონსორო შემოთავაზებები კი მეორე დონის ქვეყნებს მსოფლიო რაგბის მიერ არსებულ დაფინანსებაზე უფრო მეტ შემოსავალს მოუტანს. ქროუს თქმით, ფიალის გათამაშებისთვის შესაძელბელია ისეთი საავტორო უფლებების გაცემაც, როგორც მაგალითად მსოფლიო თასს “მასტერქარდისთვის” აქვს მიცემული და ყოველი მატჩის შემდგომ საუკეთესო მოთამაშეს ასახელებს.

მისი თქმით შემოსავალი საკმაოდ გაიზრდება და არ გამორიცხავს, რომ ეს ციფრი 3-4 მილიონ გირვანქამდეც ავიდეს.

როდესაც ამ ყველაფერს ასე დეტალურად განსაზღვრავთ, მსოფლიო თასის შვილობილი ტურნირის შექმნა სულაც არ გვეჩვენება. ერთადერთი წინაღობა, რაც შეიძლება ამ მოსაზრებას შეექმნას, “მსოფლიო რაგბის” რამდენიმე წევრის უარყოფითი დამოკიდებულება ან იმ კლუბების წინააღმდეგობა იქნება, რომლებსაც მეორე დონის გუნდებიდან მორაგბეები მიჰყავთ. თუ ეს ყველას საერთო სურვილი იქნება, ამ მოდელის შექმნას წინ არაფერი უდგას".

ბრაიან მურის ვერსიით ფიალის გათამაშების მოდელს ფოტოზე იხილავთ. ზედა გრაფიკში მოყვანილია ჯგუფში მესამე და მეოთხე ადგილზე გასული გუნდების მოდელი. ქვედა გრაფიკში მოყვანილია მხოლოდ მეორე დონის ქვეყნების მოდელი.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.106356