ამბები

14:38 | 21.10.2015 | ნანახია 4776 - ჯერ

“რაგბი აქაურობას”! (+VIDEO)
საშვილიშვილო საქმე - მათ რაგბი მთაში აიტანეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და მისი თითოეული წევრი, თავდადებული და წარმატებული თამაშით უდიდეს საქმეს აკეთებს. რაგბი ცხოვრების წესია, რომელიც ფიზიკურად, სულიერად თუ გონებრივად ჯანსაღი თაობების აღზრდას უწყობს ხელს. ყოველი დიდი გამარჯვების, მით უმეტეს მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატებების შემდეგ, სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება.

მაგრამ მარტო ისინი ფონს ვერ გავლენ. ამ მიმართულებით ყველას ვალია საერთო საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის დილის პროგრამის ჟურნალისტმა ლევან ჯობავამ, რაგბიზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა, მართლაც რომ საშვილიშვილო საქმე წამოიწყო. მან თავისსავით ენთუზიაზმით სავსე ადამიანები შემოიკრიბა და დაიწყო საკუთარი პროექტის განხორციელება - ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში!

ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, უმნიშვნელოვანესია პოტენციალის სრული გამოყენება, რათა “სარაგბო ვეშაპებთან” ჭიდილში წარმატების მეტი შანსი გვქონდეს. ჰოდა 4-კაციანმა ჯგუფმა ლევან ჯობავას მეთაურებით, რაგბი უკვე აიტანა ფშავ-ხევსურეთში, რაჭასა და სვანეთში. მათ მოიარეს 15 სოფელი და რაგბის ღირებულებები გააცნეს 100-ზე მეტ ბავშვს, გააცნეს წესები და ითამაშეს მათთან ერთად.

პროექტი ამით არ შემოიფარგლება და ისინი სამომავლოდაც გეგმავენ მსგავსი ლაშქრობების განხორციელებას. კარგია, რომ ეს ყველაფერი ფირზე აღიბეჭდა და ყველას შეუძლია გაეცნოს, თუ როგორ შეხვდნენ ბავშვები სტუმრებს და როგორ ჩაიარა ლაშქრობებმა. სამივე ფილმის ხილვა ახლა უკვე ჩვენს საიტზეცაა შესაძლებელი, მანამდე კი, გაიცანით ამ უდიდესი და უმნიშვნელოვანესი იდეისა და პროექტის ავტორი ლევან ჯობავა:

რაგბის მთაში წაღების იდეა სამი წლის წინ გამიჩნდა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის “დილის გადაცემიდან” გადაღებაზე ბარისახოში ვიყავი. მაშინ იქ რაგბის ბურთები წავიღეთ და ადგილობრივი ბავშვები ვათამაშეთ. მაშინ დავინახე, რომ მთაში იყო დიდი ინტერესი და პოტენციალი. მით უმეტეს, რომ მთაში ბავშვებს სპორტით დაკავების საშუალება არა აქვთ და თუ აქვთ, ძალიან მწირი არჩევანია. სწორედ მაშინ დამებადა უფრო დიდი მასშტაბის ექსპედიციის მოწყობის და ფილმის გადადაღების იდეა, რომლის მთავარი მიზანი იყო, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ენახა მთაში არსებული პოტენციალი".

- მსგავსი პროექტის განხორციელება ფინანსურ უზრუნველყოფასაც მოითხოვდა.

- დიახ - 4-კაციანი ექსპედიციის მომზადება და ამ ყველაფრის ტექნიკური უზრუნველყოფა, იოლი საქმე ნამდვილად არ იყო. პირველი ჯგუფი მალევე დაკომპლექტდა: ალექსანდრე შენგელია, მსახიობი, რაგბის დიდი ქომაგი და მოყვარული მორაგბეა, გოგა ბეჟაშვილი, რაგბიზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, ვისთან ერთადაც სამოყვარულო ლიგაში ვთამაშობდი და ბოლნისის “ყოჩების” მესამეხაზელი ჯაბა კიკვიძე. დაფინანსება გიორგი ჟღენტმა უზრუნველყო, გარკვეული თანხა GSN-მა გამოგვიყო, გავყიდეთ 20-წლამდელთა მაისურები და თანხაც შეიკრიბა. მეორე და მესამე ჯგუფში იყვნენ ლუკა მარეხაშვილი, გიორგი ბარნოვი და ლუკა ღუდუშაური. დახმარებები გაგვიწიეს საქველმოქმედო ფონდმა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - საქართველომ, ალექსი ჩიქოვანმა და “ლაივ ბრენდინგმა”. ალექსმა ბევრი საჭირო რჩევაც მოგვცა და მისი ეს დახმარებაც ძლიერ წაგვადგა. მე მინდა ყველა მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო, ასევე მადლობა Rhino georgia-ს, გიორგი ჟღენტს, ოპერატორ ბექა გაჩავას და მემონტაჟე მიშკა გურგენიძეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მთაში თბილად გვხვდებოდა.

- მთის პოტენციალი ახსენეთ და რაში გამოიხატება ეს პოტენციალი?

- ამ ბავშვების მთავარი პოტენციალი უდიდეს ინტერესშია. ისინი მთელი ყურადღებით გისმენენ, ყველა ინფორმაციას ისრუტავენ. ამას ემატება მათი ფიზიკური მონაცემები, არიან ძალიან მოქნილები, ყველა ილეთს მალე ითვისებენ და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ფიზიკურად კი არ გამოირჩევიან, თამაშისას ძალიან კარგად აზროვნებენ, რაც რაგბისთვის უმნიშვნელოვანესია. მნიშვნელოვანია, რომ მთაში მცხოვრებ ბავშვებზე ყველამ ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. მათ სჭირდებათ რაგბი და ქართულ რაგბის კი, ის რესურსი, რომელიც უხვადაა საქართველოს მთიან რეგიონებში.

- იმ ნაკვალევზე, სადაც თვენ გაიარეთ, რა დარჩა იმისათვის, რომ რაგბი კიდევ უფრო მეტად შეიყვარონ და განვითარდეს?

- ჩვენ ბავშვებს ავუხსენით რაგბის ღირებულებები და წესები, ვათამაშეთ და ვითამაშეთ მათთან ერთად, დავუტოვეთ ბურთები. მათთან გვაქვს კონტაქტი და ვიცით, რომ ბავშვები ინტენსიურად თამაშობენ. ახლა საჭიროა, რომ მთაში, ამ ბავშვებთან, დასაქმდნენ პროფესიონალი მწვრთნელები და მათ პროფესიონალური ვარჯიშები ჩაუტარდეთ.

- ეს უკვე საქართველოს რაგბის კავშირის გასაკეთებელი საქმეა და თუ იგეგმება თქვენი წამოწყების გაგრძელება?

- კავშირიდან ჩვენს ინიციატივას გამოეხმაურნენ და ძალიან ბევრმა ადამიანმა ეს წამოწყება დადებითად შეაფასა. ფილმების გადაღებიდან ძალიან მალე, მსოფლიო თასი დაიწყო და ამისთვის აღარავის ეცალა. დარწმუნებული ვარ, ეს დრო ფუჭად არ დაიკარგება და გაგრძელება იქნება - ჩვენ ავიტანეთ რაგბი მთაში და ახლა მას განვითარება სჭირდება.

- ფშავ-ხევსურეთი, რაჭა, სვანეთი - სად შეხვდნენ რაგბის მეტი ინტერესით და რა თავისებურებები ჰქონდა თქვენს ექსპედიციებს ამ რეგიონებში?

- ინტერესი ყველგან ერთნაირი იყო და რაგბი ყველგან ერთნაირი ენთუზიაზმით აიტაცეს. ყველა რეგიონში აღმოვაჩინეთ ტალანტები და თავს დავდებ, თუ ამ ბავშვებს ეყოლებათ კარგი მწვრთნელები, მინიმუმ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა უდიდეს შევსებას მიიღებს: ზვიად ბაიაშვილი (ჩარგალი), თომა ჭინჭარაული (შატილი), ბერდია მერლანი (ლენჯერი), ძმები ქურდიანები (იფარი), გიორგი ნიჟარაძე (უშგული), დიდი, ჯანიანი ბიჭი ნიკორწმინდიდან, რომლის სახელი და გვარიც, სამწუხაროდ, აღარ მახსოვს. ამბროლაურში დაგვხვდა გუნდი, რომელიც გამართულ რაგბის თამაშობდა, ხოლო ღებში დაგვხვდნენ ბიჭები, რომლებიც პირველად შეეხნენ ოვალურ ბურთს და ითამაშეს ისე, თითქოს ამას დიდი ხანია აკეთებენ. ეს ის ბიჭები არიან, რომელთაც ახლა დიდი ხელშეწყობა სჭირდებათ!

- ამ კარგ წამოწყებას როგორი გაგრძელება ექნება, როგორია თქვენი უახლოესი და გეგმები?

- ვფიქრობ საინტერესო გაგრძელება მოყვება. საზოგადოებრივი მაუწყებლის , პირველი არხის დილის პროგრამა „დილა პირველზე“ მთელი წლის განმავლობაში არაერთ სოფელში იტყვის „რაგბი აქაურობას“ .

"ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში" - რაჭა

"ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში" - სვანეთი

"ჩვენ რაგბი მიგვაქვს მთაში" - ფშავ-ხევსურეთი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.488835