ამბები

14:11 | 19.10.2015 | ნანახია 3168 - ჯერ

უქულოდ მხოლოდ “აკადემია” დარჩა

მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩების პარალელურად, თბილისის სამ სტადიონზე საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-6 ტურის თამაშები გაიმართა.

ხუთივე თამაში დაძაბული გამოდგა და ამაზე შედეგებიც მეტყველებს. სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა ვერცერთმა გამარჯვებულმა გუნდმა ვერ აიღო, ხუთი დამარცხებულიდან ოთხმა კი, მცირე სხვაობით მარცხისთვის მონაგარი თითო ქულით გაზარდა.

ერთადერთი, ვინც ამ ტურში უქულოდ დარჩა, თბილისის “აკადემიაა”, რომელსაც ბოლნისის “ყოჩებმა” 16:6 აჯობა. თამაში სანახაობრივი ვერ გამოდგა, მაგრამ დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა. აკადემიელებს ლელოს გატანის შანსი არ ჰქონიათ, თუმცა, სოსო მათიაშვილს ჯარიმები უკეთ რომ შეესრულებინა, შედეგი სხვაგვარი დადგებოდა.

ანგარიში თემო სოხაძემ არეკნით გახსნა და შესვენებამდე ბოლნისელები ჯარიმით ერთხელაც დააწინაურა, რაზეც სოსო მათიაშვილმა ორი ზუსტი ჯარიმით უპასუხა, ორი დარტყმა გაუფუჭდა და ტაიმი 6:6 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ორივე გუნდის დამრტყმელს თითო ჯარიმა გაუცუდდა, შემდეგ ჯერზე სოხაძე ზუსტი იყო და “ყოჩები” 9:6 დაწინაურდა, 63-ე წუთზე კი, 5-მეტრა დერეფნიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, თორნიკე ცერცვაძემ ხაზი სუფთად გაჭრა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

თბილისის “ლოკომოტივი” “ბათუმთან” სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შესაძლებლობები სათანადოდ ვერ გამოიყენა. რკნიგზელებმა მატჩის მიწურულს ზღვისპირელებისგან ლელო მიიღეს და 25:19 მოგებით თავად 4 ქულა ჩაიწერეს, ხოლო “ბათუმმა”, რომელმაც 4-მატჩიანი მოგების სერიის შემდეგ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, პრემიალური ქულა გაიყოლა.

“ლელო-სარასენსმა” რუსთავის “ხარებს” დაგეგმილზე გვიან, კვირას უმასპინძლა. თამაში მძიმე, ძალისმიერი აღმოჩნდა. შეხვედრა დიდდიღმელების შეტევებით დაიწყო. ისინი ჩვეულ სტილში, ხელდახელ ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, ოთარ ბარკალაია კი, იერიშებს გონივრულად უძღვებოდა. საწყის წუთებში მან ორჯერ გაჭრა ხაზი და 22-ში შევიდა, მაგრამ მიყოლამ არ ივარგა. მერე სტუმრებმა თამაში გაათანაბრეს და სამჯერ შეეძლოთ ჯარიმით ანგარიშის გახსნა, მაგრამ დარტყმებმა არ ივარგა - მათ შორის ერთი კარის წინ 25 მეტრიდან შესრულდა.

ანგარიში “ლელო-სარასენსმა” გიორგი ჭყოიძის ლელოთი გახსნა, რომელიც კარგად აგორებულ მოლს მოჰყვა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. პირველ ტაიმში “ხარების” შერკინებამ მეტოქისას მაგრად აჯობა, რის გამოც რეფერიმ 35-ე წუთზე ზურაბ ჯულაყიძე გაასინბინა, რუსთაველებმა კი, ეს უპირატესობა გამოიყენეს და სამი ჯარიმით 9:5 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში თბილისელები მოედანზე უფრო მობილიზებული გამოვდნენ, ხელით თამაშს უმატეს და ჯერ კიდევ კაცნაკლულებმა, ირაკლი ყიასაშვილის ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს. თამაში ფაქტობრივად სტუმართა ნახევარზე მიმდინარეობდა და 63-ე წუთზე “ლელო-სარასენსის” მორიგ მოლს მეორე ლელო მოჰყვა - ამჯერად ბურთი სანდრო ქოიავამ გაიტანა და ყიასაშვილის გარდასახვაც ზუსტი იყო, რომელმაც მოგვიანებით ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა. მაგრამ “ხარებმა” საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე თავადაც გაიტანა ჯარიმა, 12:18 დამარცხდა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან პრემიალური ქულა ჩაიწერა, ხოლო “ლელო-სარასენსი” ამ მოგების შემდეგ მეორე ადგილამდე დაწინაურდა.

თბილისის “არმიამ” ქუთაისის “აიას” უმასპინძლა და სეზონში თავისი პირველი გამარჯვება ლამაზ სტილში მოიპოვა. საწყისმა წუთებმა მასპინძელთა უპირატესობით ჩაიარა და ბექა ურჯუკაშვილმა 28 მეტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში მე-5 წუთზე გახსნა, სამ წუთში კი, მისი დარტყმა ძელმა აისხლიტა. მე-17 წუთზე არმიელთა ხელდახელ შეტევა ლელოთი ალექსანდრე მერკვილიშვილმა დაასრულა, ხოლო ურჯუკაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. ამის შემდეგ ქუთაისელები გამოცოცხლდნენ, ინიციატივას დაეუფლნენ და თემურ თუთბერიძემ ლელოთი და გაგა სინაურიძემ ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს - 8:10.

მეორე ტაიმიც “აიას” უპირატესობით დაიწყო, მაგრამ “არმიამ” ცენტრალური ხაზი რომ გადაკვეთა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ურჯუკაშვილმა ის 3 ქულად აქცია. და მაინც, ქუთაისელებმა სათამაშო უპირატესობა გამოიყენეს და სინაურიძემ ორი ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, ხოლო იოსებ კიკვაძემ, მე-60 წუთზე ჯარიმა დაახლოებით 60 მეტრიდან ზუსტად შეასრულა და ანგარიში 17:13 გახდა.

აქ თითქოს გარდატეხა უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა პირიქით, “არმიამ” შეუტია და ურჯუკაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მერე 5-მეტრა შერკინებაში “აიას” შერკინება ჩავარდა და მსაჯმა ამაშუკელმა ტექნიკური ლელო დასტვინა. ურჯუკაშვილმა ზუსტ გარდასახვას ორი ჯარიმაც მიაყოლა და თამაშის ბედი გადაწყვიტა (29:17). მაგრამ ქუთისელებმა ბოლოს პრემიალური ქულისთვის გაიბრძოლეს, გუნდური მიძალებით ლელო გაიტანეს და ზუსტი გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანეს, რითაც შინ 1 პრემიალური ქულა გაიყოლეს - 29:24.

“შევარდენზე” გათამაშების ლიდერმა გორის “ჯიქმა” სეზონის მე-6 გამარჯვება მოიპოვა. გორელებმა “არმაზს” 16:10 სძლიეს და მეტოქემ 1 პრემიალური ქულა გაიყოლა.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VI ტური

17 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”.

აკადემია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 6:16

თბილისი. “შევარდენი”.

ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 25:19

18 ოქტომბერი

თბილისი. დიდი დიღომი.

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 18:12

თბილისი. “ავჭალა”.

არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი) 29:24

თბილისი. “შევარდენი”.

ჯიქი (გორი) - არმაზი (თბილისი) 16:10

ჯიქი 6 6 0 0 133:65 26 2
ლელო-სარასენსი 6 4 1 1 100:81 18 0
ბათუმი 6 4 0 2 93:79 18 2
აია 6 3 1 2 108:92 16 2
ლოკომოტივი 5 3 0 2 99:82 14 2
ყოჩები 5 3 0 2 75:58 14 2
აკადემია 6 2 0 4 55:100 10 2
არმია 6 1 1 4 118:140 9 3
არმაზი 4 0 1 3 67:86 4 2
ხარები 6 0 0 6 66:131 2 2

VII ტური. 24-25 ოქტომბერი

არმაზი - აკადემია; ყოჩები - ლოკომოტივი; ბათუმი - ლელო-სარასენსი; ხარები - არმია; აია - ჯიქი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.23278