ამბები

21:56 | 18.10.2015 | ნანახია 4569 - ჯერ

ავსტრალია შოტლანდიას გადაურჩა

შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით ერთი წუთი რჩებოდა, როდესაც ბერნარდ ფოლიმ გასატანი პოზიციიდან ჯარიმა ზუსტად შეასრულა, ავსტრალიამ დარჩენილ დროში ბურთი შეინარჩუნა და შოტლანდიასთან მინიმალური სხვაობით, 35:34 მოგებით, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

დანარჩენი ევროპელი გუნდებისგან განსხვავებით, სპეციალისტები შოტლანდიის ნახევარფინალში გასვლის შანსს ყველაზე მიზერულად აფასებდნენ, მაგრამნ სქოთებმა აჩვენეს რომ დიდი გული აქვთ, მეტოქის შეცდომების გამოყენება კარგად შეუძლიათ და ის ავადსახსენებელი დერეფანი სუფთად რომ მოეგოთ, ახლა ნახევარფინალში გასვლას იზეიმებდნენ. ასე კი, სამხრეთ ნახევარსფერომ სრულად დაჩაგრა ჩრდილოეთი და მსოფლიო თასის ნახევარფინალში “ოთხი ერის” წარმომადგენლები სამართლიანად დაწყვილდნენ.

ავსტრალიელებს ეტყობოდათ, რომ მოედანზე ზედმეტად თავდაჯერებული გავიდნენდა თავიდან ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა. “ვოლაბები” ადვილად ახერხებდნენ მეტოქის 22-ში შეღწევას და იქ უპირატესობის შექმნას. ფოლიმ კარგად რომ გაჭრა ხაზი ლელოს თავადაც მიწვდებოდა, მაგრამ შებოჭილმა თანაგუნდელს უპასა და შანსი გამოუყენებელი დარჩა. მაგრამ მე-9 წუთზე ლელომაინც გავიდა, როდესაც ტევიტა კურინდრანი მბოჭავს იოლად დაუსხლტა, ხაზი გაჭრა და იერიში ლელოთი ადამ ეშლი-ქუპერს დაასრულებინა. ფოლის გარდასახვა არაზუსტი იყო.

შოტლანდიამ ხანგრძლივი, 12-ფაზიანი შეტევით უპასუხეს და ლელოს 5-მეტრამდე მიუახლოვდა, ავსტრალიამ ეს მიძალება ჯარიმით შეაჩერა და გრეიგ ლეიდლოუმ 3 ქულა აიღო. 5 წუთში სქოთებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა წამოიწყეს, 12 ფაზის შემდეგ ლელოს 5 მეტრამდე მიუახლოვდნენ, იქ წარმოქმნილი რაქიდან ბურთი პით ჰორნიმ მოიპარა და ლელო ძელებსშუა დადო, ხოლო ლეიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ტაიმის შუაში შოტლანდიის შერკინებამ ავსტრალიისას მაგრად აჯობა და ლეიდლოუმ 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა (13:5).

და მაინც, ავსტრალია იოლად ახერხებდა უპირატესობის შექმნას 29-ე წუთზე დრიუ მიჩელმა ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა კვლავ არაზუსტი იყო. სამაგიეროდ, ავსტრალიის შერკინება ისევ რომ დაჯარიმდა, ლეიდლოუმ მორიგი 3 ქულა აიღო.ტაიმის ბოლოს ავსტრალიამ ჯარიმის კარში დარტყმას კვლავ ლელოზე თამაში არჩია, მოლით შეუტია დამაიქლ ჰუპერმა მესამე ლელო გაიტანა, მაგრამ ფოლიმ მიზანი ვერც ამჯერად გაისწორა - 15:16.

მეორე ტაიმი რომ დაიწყო შონ მეითლენდი სინბინით დაისაჯა, ავსტრალიამ მეტობა მალევე გამოიყენა, მოლით შეუტია, მერე იერიში მოკლე ფრთაზე მიჩელმა გააგრძელა და დუბლი შეასრულა, ფოლიმ კი, გარდასახვით ანგარიში 22:16 გახადა. მაგრამ შოტლანდია არც ამჯერად გატყდა. გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მერე მიჩელს ჰეთ თრიკამდე სანტიმეტრები დააკლდა და რაქიდან გამოტანისას ბურთი წინ დავარდა, თორემ ალამთან ლელოში ეშლი-ქუპერი შეფრინდა.

58-ე წუთზე ავსტრალიელები შეცდნენ, ფინ რასელმა მეტოქეს ფეხით თამაშისას დაუფარა,რომ შებოჭეს ბურთი თომი სიმორის ამოუგდო, რომელიც მას კარგად მიყვა და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და შოტლანდია მდევრის როლში დარჩა - 25:24. “ვოლაბებმა” კვლავ მოინდომეს და ორი სალელოვე შანსი შექმნეს, მაგრამ დასკვნით ფაზებში ბოლო პასებმა არ ივარგა. მერე მათ დერეფბიდან შეუტიეს, ტევიტა კურინდრანმა ორი მბოჭავი არ შეიმჩნია და ლელოს გარდასახვა მოყვა.

შოტლანდია ლელოზე ათამაშდა, მაგრამ კარის წინ 15 მეტრიდან შანსი აღარ გაუშვა და 69-ე წუთზე ლეიდლოუმ ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. მერე წვიმა წამოვიდა, მარქ ბენეთმა ჯეიმზ სლიპერის გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუამდე ირბინა, ლეიდლოუმ კი, ზუსტი გარდასახვით 75-ე წუთზე სენსაციის სუნი დაატრიალა. ავსრრალია ანერვიულდა და შეცდომები დაუშვა, მაგრამ შოტლანდიამ ის ავადსახსენებელი დერეფანი წააგო და ახლა მის ნაცვლად არგენტინას ავსტრალია შეხვდება.

2015 წლის მსოფლიო თასი

მეოთხედფინალები. 18 ოქტომბერი

ლონდონი. “თვიქენჰემი”.

ავსტრალია - შოტლანდია 35:34 (15:16)

ავსტრალია: 15. ქერთლი ბილი, 14. ადამ ეშლი-ქუპერი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. ვილ გენია; 1. სქოთ სიო, 2. სთივენ მორი (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. ქეინ დაგლასი, 5. რობ სიმონსი, 6. სქოთ ფარდი, 7. მაიქლ ჰუპერი, 8. ბენ მაკქალმანი.

სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. გრეგ ჰოუმსი, 19. დინ მამი, 20. შონ მაკმანი; 21. ნიქ ფიპსი, 22. მეთ ტომუა, 23. ქვეიდ კუპერი.

5 ლელო:ეშლი-ქუპერი, მიჩელი (2), ჰუპერი, კურიდრანი

2 გარდასახვა:ფოლი

2 ჯარიმა:ფოლი

შოტლანდია: 15. სთიუართ ჰოგი, 14. შონ მეითლენდი, 13. მარქ ბენეთი, 12. პით ჰორნი, 11. თომი სიმორი, 10. ფინ რასელი, 9. გრეიგ ლეიდლოუ (კაპ.); 1. ალესდერ დიქინსონი, 2. ფრეიზერ ბრაუნი, 3. ვილემ ნელი, 4. თიმ სვინსონი, 5. რიჩი გრეი, 6. ბლერ ქოუანი, 7. ჯოშ ჰარდი, 8. დეივ დენთონი.

სათადარიგოები: 16. ქევინ ბრაისი, 17. გორდონ რიდი, 18. ჯონ ველში, 19. ალესდერ სთროქოში, 20. ჯოშ სტრაუსი; 21. ჰენრი პირგოსი, 22. რიჩი ვერნონი, 23. შონ ლამონთი.

3 ლელო:ჰორნი, სიმორი, ბენეთი

2 გარდასახვა:ლეიდლოუ

5 ჯარიმა:ლეიდლოუ

1 სინბინი:მეითლენდი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.42021