არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ექვსი ერის გამარჯვებულ ირლანდიას, 2015 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩის საწყის და დასკვნით 20 წუთში თავბრუ დაახვია, 43:20 დაამარცხა და მეორედ გავიდა ტურნირის ნახევარფინალში.
ირლანდიელებს მსოფლიო თასზე პლეი ოფი აქამდე არასდროს მოეგოთ და იმედოვნებდნენ, რომ მათი მართლაც კარგი გუნდი ამ უსიამოვნო ტრადიციას “მილენიუმზე” დაარღვევდა, მაგრამ ბოლო დროს არგენტინის ნაკრები მაგრად გაიზარდა. უდავოა, ეს მათთვის “ოთხი ერის” და ზოგადად სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრესი ტურნირების კარის გახსნის შედეგია და “მსოფლიო რაგბის” მმართველებისთვუს ეს დამატებითი სიგნალი უნდა იყოს. დიახ, მეორე დონის გუნდები, რომელთა რიცხვს საქართველოც მიეკუთვნება, ასევე მკვეთრად მოუმატებენ თუკი მათთვის “ექვსი ერის” და ევროპის წამყვანი საკლუბო ტურნირების დაგმანული კარი გაიხსნება.
თამაში არგენტინელებმა თავბრუდამხვევ ტემპში დაიწყეს, ფეხით გადაკიდებულ ბურთს ხოაკინ ტუკულეტი მიყვა და მეტოქეს ცხვირწინ ააცალა, მერე პაბლო მატერამ დაარტყა კარგად, ამით ფლანგზე მეტობა შეიქმნა და მატიას მორონი ლელოში შეიჭრა. ნიკოლას სანჩესნა გარდასახვით ანგარიში 7:0 გახადა. მე-10 წუთზე “პუმებმა” სისწრაფის უპირატესობა ერთხელაც გამოიყენეს, კარგი შეტევა კვლავ მარჯვენა ფლანგზე განვითარდა, სანტიაგო კორდერომ ბურთი ფეხით გადაკიდა, ხუან იმოფი ისე გაიქცა ვეღარავინ დაეწია და რაც მთავარია, სანამ ბურთი ლელოს ზონას დატოვებდა მისი დამიწება მოახერხა. სანჩესმა ზუსტ გარდასახვას ჯარიმა მიაყოლა და 17:0 მე-13 წუთზე. ეს სრულად ასახავდა იმ სათამაშო უპირატესობას, რომელსაც იმ მომენტში არგენტინა ფლობდა.
მალე რამირო ერერა უბურთო ირლანდიელის მხრით ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა და “სამყურებს” შანსი მიეცათ, მაგრამ მეტოქემ კარგად დაიცვა თავი და იენ მედიგანმა მხოლოდ ჯარიმა გაიტანა, რაზეც კაცნაკლულმამეტოქემ ჯარიმითვე უპასუხა და 25-ე წუთზე სანჩესს კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ მისი 45 მეტრიდან დარტყმული ძელმა აისხლიტა. ერთ წუთში ირლანდიელებმა მეტოქე კონტრშეტევაზეგამოიჭირეს, ტრავმირებული თომი ბოუს ნაცვლად შეცვლაზე შესული ლუქ ფითსჯერალდი მბოჭავს დაუსხლტა და მის ლელოს მედიგანის ზუსტი გარდასახვა მოყვა.
ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა მედიგანმა “ვალი დააბრუნა” და ჯარიმიდან ბურთი ძელს გაარტყა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ფითსჯერალდმა ერთხელაც გაიბრწყინა, მეტოქეს ხაზი გაუჭრა და ლელოში ბურთი ჯორდი მერფის შეაყოლა. მედიგანის გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დავიდა და სანჩესის ჯარიმას მედიგანმა ჯარიმითვე რომ უპასუხა, საათის თავზე წონასწორობის აღდგენის შანსი მიეცა, მაგრამ 45 მეტრიდან ჯარიმიდან ბურთი ძელებსშუა ვერ გააძვრინა.
ამ პერიოდში აშკარად ჩანდა, რომ არგენტინელები ნერვიულობდნენ და ბევრი აღარაფერი გამოსდიოდათ. ძნელი სათქმელია რა მოხდებოდა, ირლანდიას ანგარიშის გათანაბრება რომ მოეხერხებინა, ასე კი, სამხრეთელები დალაგდნენ და 64-ე წუთზე სანჩესმა ჯარიმიდან შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამას ირლანდიელთა მხრიდან შეცდომების სერია მოყვა, ჯერ ბურთი უაზროდ დაკარგეს, მერე ბოჭვა არ გაკეთდა და ამით ტუკულეტმა ისარგებლა, რომელმაც ალამთან ურთულეს სიტუაციაში უმნიშვნელოვანესი ლელო გაიტანა. სანჩესი ზუსტი იყო და ირლანდია მოიშალა, ხოლო ფრთაშესხმულმა “პუმებმა” ორიოდე წუთში ერთხელაც გაჭრეს ხაზი, იმოფი მბოჭავს დაუსხლტა და თავად დუბლი მიითვალა, არგებნტინამ კი, მეოთხე ლელო გაიტანა. სანჩესმა მეტოქე არ დაინდო და ზუსტი გარდასახვის შემდეგ ერთი ჯარიმაც გაიტანა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა და ახლა არგენტინა მსოფლიო თასის ნახევარფინალში ავსტრალიასა და შოტლანდიას შორის გამარჯვებულს ელის.
2015 წლის მსოფლიო თასი
მეოთხედფინალები. 17 ოქტომბერი
კარდიფი. “მილენიუმი”.
ირლანდია - არგენტინა 20:43 (10:20)
ირლანდია: 15. რობ ქარნი, 14. თომი ბოუ, 13. ქის ერლსი, 12. რობი ჰენშოუ, 11. დეივ ქარნი, 10. იენ მედიგანი, 9. ქონორ მარი; 1. ქიენ ჰილი, 2. რორი ბესთი, 3. მაიქ როსი, 4. დევინ თოუნერი, 5. იენ ჰენდერსონი. 6. ჯორდი მერფი, 7. ქრის ჰენრი, 8. ჯემი ჰიზლიპი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. რიხარტ სტრაუსი, 17. ჯექ მაკგრასი, 18. ნეითან ვაითი, 19. დონაქა რაიანი, 20. რის რადოქი; 21. ოუნ რედენი, 22. პედი ჯექსონი, 23. ლუქ ფითსჯერალდი.
2 ლელო:ფითსჯერალდი, მერფი
2 გარდასახვა:მედიგანი
2 ჯარიმა:მედიგანი
არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. ხუანმარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. მარკოს აჟერსა, 2. აგუსტინ კრევი (კაპ.), 3. რამირო ერერა, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. ხუანმარტინ ფერნდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.
სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოჟა, 17. ლუკას ნოგერა-პასი, 18. ხუანპავლო ორლანდი, 19. მატიას ალემანო, 20. ფაკუნდო ისა; 21. ტომას კუველი, 22. ხერონიმო დელა ფუენტე, 23. ლუკას გონსალო ამოროსინო.
4 ლელო:მორონი, იმოფი (2), ტუკულეტი
4 გარდასახვა:სანჩესი
5 ჯარიმა:სანჩესი
1 სინბინი:ერერა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია