ამბები

1:15 | 18.10.2015 | ნანახია 5157 - ჯერ

“ოლ ბლექსმა” ფრანგებისგან არაფერი დატოვა

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის უფერულად ჩატარების შემდეგ, პლეი ოფის პირველსავე შეხვედრაში დაადასტურა, რომ ის ტიტულის შენარჩუნების უმთავრესი ფავორიტია და საფრანგეთის ნაკრებს მთელი მსოფლიოს თვალწინ უდიდესი სირცხვილი აჭამა.

როგორც ჩანს, “ოლ ბლექსელებს” კარგად ახსოვდათ წარსული გამოცდილება, ფრანგების უხერხული მეტოქეობა მაინცდამაინც არ ხიბლავდათ, ამ თამაშისთვის განსაკუთრებული განწყობა შეიქმნეს და მეტოქე პირწმინდად გაანადგურეს. ნაირ-ნაირი 9 ლელო და 62:13, ასეთია ამ თამაშის საბოლოო შედეგი და ახლა “ოლ ბლექსს” სამხრეთ აფრიკა ელოდება.

ზელანდიელებმა მატჩზე კონტროლი პირველივე წუთებიდან დაამყარეს, მაა ნონუ განსაკუთრებით აქტიურობდა და ორჯერ გაიჭრა ხაზი, მაგრამ საქმე ლელომდე რომ არ მივიდა დენ ქართერმა მე-7 წუთზე 38 მეტრიდან გატანილი ჯარიმით გახსნა ანგარიში. საფრანგეთმა მალევე უპასუხა, სქოთ სპედინგმა კარგად აიტანა ბურთი და 55 მეტრიდან ჯარიმა ძელის გავლით გაიტანა. მე-11 წუთიდან ევროპელების კოშმარი დაიწყო და ეს მათ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. ფრედერიკ მიშალაკს ბროდი რეტალიკმა დაუფარა, ბურთი თავადვე აიტაცა დაშეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, რასაც ქართერის გარდასახვა მოყვა.

გარკვეული დროით ფრანგებმა თამაშის გათანაბრება შეძლეს და მორგან პარამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა და მერე სხვაობის მინიმუმამდე დაყვანაც შეეძლო, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 23-ე წუთიდან “ოლ ბლექსი” სრული ძალით ამოქმედდა და მაყურებელმაც ლელოებით ტკბობა დაიწყო: ხელდახელ სწრაფად გათამაშების შემდეგ ნეჰე მილნერ-სქადერმა ცრუმოძრაობით ორი მცველი ადგილზე დატოვა და ლელომდე 25 მეტრი ირბინა; 29-ე წუთზე ქართერმა ხელის კვრით პასკალ პაპე ჩამოიშორა, ჯულიან სავეას ზურგსუკან იდეალური, დაფარული პასი გაუკეთა და მანაც საკუთარი საქმე შეასრულა - 24:6.

36-ე წუთზე ფრანგები თითქოს შოკიდან გამოვიდნენ და ხანგრძლივი, კარგი შეტევა ლუი პიკამოლის ლელოთი დასრულდა, რომელმაც დასკვნით ფაზაში ძალიან კარგად ითამაშა. ამას პარას გარდასახვა მოყვა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ევროპელებმა მორიგი დარტყმა მიიღეს: ფეხით გადაკიდებული ბურთი ბენ სმითმა პიკამოლს ხელიდან ააცალა, იერიში სწრაფად გაიშალა მარცხენა ფლანგზე, სადაც სიჩქარეაკრეფილმა სავეამ კონტაქტით ერთმანეთის მიყოლებით, პატარა ბავშვებივით ჩამოიცილა ნოა ნაკაიტაკი, სქოთ სპედინგი და რაბა სლიმანი და “ოლ ბლექსის” მეოთხე ლელო გაიტანა.

მეორე ტაიმი ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს და ორჯერ გაჭრეს ხაზი, მაგრამ ორჯერვე მეტოქის 22-ში დაკარგეს ბურთი. მერე საფრანგეთი მოლით მიაწვა, რიჩი მაკქოუ დაჯარიმდა, მაგრამ პიკამოლმა წაქცეულ ზელანდიელს სახეში მუშტი უთავაზა და ყვითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო ჯარიმის უფლება “ოლ ბლექსს” გადაეცა. 49-ე წუთზე დოილენს ბენ სმითმა დაუფარა, მაგრამ ბურთს ვერ მიუსწრო და ის ლელოს გასცდა, თუმცა, მეტოქემ 22-იდან რომ განაახლა თამაში, ფრანგებმა ხელდახელ შეუტიეს და ლელოში ჯერომ კაინო შევიდა. მერე “ოლ ბლექსმა” ფრანგები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, ცენტრთან ბოჭვის შემდეგ სავეამ შეუტია და აბა მას ვინღა დაეწეოდა. სავეამ ჰეთ თრიკი შეასრულა და ჯამში მიმდინარე მსოფლიო თასზე 8 ლელო მოუგროვდა.

მატჩის დასრულებამდე ლელო ჯერ ქიარან რიდმა გაიტანა, რის შემდეგაც შეცვლაზე შესული ტავერა ქერ-ბარლოუს ჯერი დადგა, რომელმაც 5 წუთში დუბლი მიითვალა და ფრანგების განადგურებას წერტილი დაუსვა. ლოგიკური იქნებოდა, რომ მე-10 ლელო მართლაც კარგად მოთამაშე ნონუს გაეტანა და წერტილიც მას დაესვა, მაგრამ ზელანდიელს ზედ ლელოს ხაზთან ბურთი წინ დაუვარდა და ტაბლოზე მხოლოდ 62:13 დაფიქსირდა.

2015 წლის მსოფლიო თასი

მეოთხედფინალები. 17 ოქტომბერი

კარდიფი. “მილენიუმი”.

ახალი ზელანდია - საფრანგეთი 62:13 (29:13)

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. ვაიეთ ქროქეთი, 2. დეინ ქოულზი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. ქიარან რიდი.

სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. ჯო მუდი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქთორ ვიტო, 20. სემ ქეინი; 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეთი, 23. სონი-ბილ ვილიამსი.

9 ლელო: რეტალიკი, მილნერ-სქადერი, სავეა (3), კაინო, რიდი, ქერ-ბარლოუ (2)

7 გარდასახვა: ქართერი

1 ჯარიმა: ქართერი

საფრანგეთი: 15. სქოთ სპედინგი, 14. ნოა ნაკაიტაკი, 13. ალეკსანდრ დიუმულენი, 12. ვეზლი ფოფანა, 11. ბრის დიულენი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. მორგან პარა; 1. ედი ბენ არუ, 2. გიან გირადო, 3. რაბა სლიმანი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დიუზოტუარი (კაპ.), 7. ბერნარ ლე რუ, 8. ლუი პიკამოლი.

სათადარიგოები: 16. დიმიტრი შარჟევსკი, 17. ვენსან დებატი, 18. ნიკოლა მასი, 19. დამიან შული, 20. იანიკ ნიანგა; 21. რორი ქოქოთი, 22. რემი ტალე, 23. მატიო ბასტარო.

1 ლელო: პიკამოლი

1 გარდასახვა: პარა

2 ჯარიმა: სპედინგი, პარა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.143619