ამბები

21:41 | 17.10.2015 | ნანახია 3482 - ჯერ

დრამა “თვიქენჰემზე” “ბოკეს” სასარგებლოდ

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში უელსს 23:19 სძლია და პირველმა მოიპოვა ნახევარფინალის საგზური.

თამაში ზუსტად ისეთი გამოდგა, რის გამოც გულშემატკივარს სპორტის ეს სახეობა უყვარს. მაღალი ტემპი, დაძაბულობა, მოვლენების ელვის სისწრაფით ცვლა და კვანძის გახსნა დასკვნით 5 წუთში. “თვიქენჰემზე” შეკრებილმა მაყურებელმა იხილა სანახაობა, რომელშიც გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელსაც უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა და ნაკლები შეცდომა დაუშვა.

უელსს ლელოს გატანის შანსი დებიუტშივე ჰქონდა, მაგრამ მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, მერე სამხრეთ აფრიკამ მაქსიმალურად გამოიყენა შესაძლებლობები ყველა ჯერზე, როდესაც ცენტრალური ხაზი გადაკვეთა, ქულის აღება მოახერხა. “დრაკონებს” დისციპლინაში ჰქონდათ პრობლემა და ჰანდრე პოლარდმა არცთუ იოლი პოზიციებიდან უშეცდომოდ ურტყა. თავისი პირველინ შანსი დენ ბიგარიმაც გამოიყენა და მე-14 წუთზე ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო მე-18 წუთზე პირველი ლელო გავიდა - ბიგარმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს ბურთი ფეხით საშუალო მანძილზე გადაკიდა და თავადვე აიღო, სამი მბოჭავი შემოიკრიბა და ლელო გარეს დევისს გაატანინა, თავად კი, გარდასახვით უელსი დააწინაურა.

თამაშის განახლებისთანავე პოლარდმა უპირატესობა აფრიკელებს დაუბრუნა და 21 წუთის შემდეგ ანგარიში 12:10 გახდა, მაგრამ მომდევნო 20 წუთი გუნდებმა უქულოდ ითამაშეს. მერე ბიგარს ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ უელსელებმა მალევე დაიბრუნეს ბურთი და უკვე გაწითლებულ დროზე იმავე ბიგარის არეკნი ზუსტი იყო - 13:12 “დრაკონების” სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში გუნდებმა თავი კვლავ კარში დარტყმებით გამოიჩინეს. პოლარდის არაზუსტი ჯარიმის შემდეგ, ბიგარმა უელსელთა უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა, მაგრამ 52-ე წუთზე პოლარდმა არეკნი შეასრულა. მერე მას ხელსაყრელი მდგომარეობიდან კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა თანაგუნდელებს გარჯა არ დაუკარგა და 62-ე წუთზე მისი დარტყმა უკვე ზუსტი იყო. აფრიკის უპირატესობა 2 წუთი გაგრძელდა და ბიგარმა უელსი 19:18 დააწინაურა, რის შემდეგაც აფრიკა სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და 75-ე წუთზე გადამწყვეტი ლელო გაიტანა. მეტოქის 22-ში დანიშნული შერკინებიდან ბურთი დვეინ ფერმიულენმა გაიტანა, ორი მბოჭავი რომ მიიზიდა ზურგს უკან ფური დიუ პრეს ცალი ხელით იდეალური გადაცემა გაუკეთა, აფრიკელთა კაპიტანი დაუცველ მოკლე ფრთაზე გაიქცა და ლელოში ალამთან შეხტა. გარდასახვა არაზუსტი იყო და უელსმა ლელოზე სცადა თამაში, მაგრამ შეტევაში დაჯარიმდა, მერე თავისი 22-იდან ცენტრამდე ავიდა, მაგრამ იქ ბურთი დაკარგა და სამხრეთ აფრიკამ 23:19 მოგებით გაიხარა.

2015 წლის მსოფლიო თასი

მეოთხედფინალები. 17 ოქტომბერი

ლონდონი. “თვიქენჰემი”.

სამხრეთ აფრიკა - უელსი 23:19 (12:13)

სამხრეთ აფრიკა: 15. ვილი ლე რუ, 14. ჯეიპი პიტერსენი, 13. ჯესი კრილი, 12. დამიან დე ალენდე, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. ჰანდრე პოლარდი, 9. ფური დიუ პრე (კაპ.); 1. ტენდაი მთავარირა, 2. ბისმარკ დიუ პლესი, 3. ფრანს მალჰერბე, 4. იბენ ეცებეთი, 5. ლოდევეიკ დე იახერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. სხალკ ბერგერი, 8. დვეინ ფერმიულენი.

სათადარიგოები: 16. ადრიან სტრაუსი, 17. ტრევორ ნიაკანე, 18. იანი დიუ პლესი, 19. პიტერ-სტეფ დიუ ტოი, 20. ვილემ ალბერცი; 21. რუან პინარი, 22. პეთ ლემბი, 23. იან სერფონტეინი.

1 ლელო: დიუ პრე

5 ჯარიმა: პოლარდი

1 არეკნი: პოლარდი

უელსი: 15. გარეს ენსქომი, 14. ალექს ქასბერთი, 13. თაილერ მორგანი, 12. ჯემი რობერთსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეს დევისი; 1. გეთინ ჯენქინსი, 2. სქოთ ბოლდვინი, 3. სემსონ ლი, 4. ლუქ ჩართერისი, 5. ალუნ-ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიეთი, 7. სემ ვორბერტონი (კაპ.), 8. ტაულუპე ფალეტაუ.

სათადარიგოები: 16. ქენ ოუენსი, 17. პოლ ჯეიმზი, 18. თომ ფრენსისი, 19. ბრედლი დევისი, 20. ჯასთინ თიპურიქი; 21. ჰლოიდ ვილიამსი, 22. რის პრისთლენდი, 23. ჯეიმზ ჰუქი.

1 ლელო: დევისი

1 გარდასახვა: ბიგარი

3 ჯარიმა: ბიგარი

1 არეკნი: ბიგარი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.179977