საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის თამაშები 15:30 საათზე დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული რაგბის ქომაგს თავისუფლად შეუძლია შაბათის სასურველ თამაშზე დასწრება და მერე მსოფლიო თასის მეოთხედფინალური მატჩისწინა ჰიმნებსაც მიასწრებს.
ჩემპიონატში მონაწილე გუნდების ნახევარი თბილისურია, მეორე ნახევარი რეგიონის სახელით თამაშობს, მე-6 ტურის ხუთივე თამაშს კი, დედაქალაქი უმასპინძლებს. ქვეყნის ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” დიდ დიღომში, საკუთარ არენაზე, მესამე თამაშს გამართავს და აუტსაიდერ რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს. აქამდე ბოლო სამგზის ჩემპიონმა დიდდიღმელი გულშემატკივრის წინაშე ორივე თამაში მოიგო, სულ კი, სამი გამარჯვებით, ერთი ფრით და 1 პრემიალური ქულით, მე-4 ადგილზეა. რუსთაველებმა ხუთივე შეხვედრა დათმეს და ერთადერთი ქულის ამარა ცხრილის ფსკერზე არიან. გასულ ტურში “ლელო-სარასენსმა” ქუთაისში “აიასთან” ფრედ ითამაშა (11:11), ხოლო რუსთაველები შინ თბილისის “ლოკომოტივთან” დამარცხდნენ (17:31).
“ავჭალაზე” “დიდ 10”-ში აღზევებული “აკადემია” ბოლნისის “ყოჩებს” დაუხვდება და გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას ეცდება. აკადემიელებმა ჩემპიონატის სტარტზე ორი თამაში მოიგეს, ორში კი პრემიალური ქულა აიღეს, მაგრამ ერთი კვირის წინ გორის “ჯიქთან” პირწმინდად დამარცხდნენ (3:40). ახლა მათ ბოლნისელებთან უწევთ შეხვედრა, რომლებმაც ბოლო დროს თამაშის ხარისხთან ერთად შედეგიც გამოასწორეს და ზედიზედ ორი თამაში მოიგეს. “ყოჩებმა” ჯერ რუსთავში სძლია “ხარებს”, ერთი კვირის წინ გონიოში “ბათუმს” 9:3 აჯობა, რაც იოლი საქმე ნამდვილად არაა და სატურნირო მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, მით უმეტეს, რომ ერთი თამაში გადადებული აქვს.
“შევარდენზე” “ლოკომოტივი” ზემოთნახსენებ “ბათუმს” მასპინძლობს, რომელმაც ოთხმატჩიანი მოგებათა სერია სწორედ ერთი კვირის წინ შეწყვიტა და ახლა დაკარგულის ანაზღაურებას ეცდება. რკინიგზელებმა ოთხი თამაში ჩაატარეს, ორში მოიგეს და ორში მცირედით დამარცხდნენ. მიმდინარე სეზონში “ლოკომოტივმა” “შევარდენზე” ერთი თამაში ჩაატარა და დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელთან, ქუთაისის “აიასთან” 16:18 დამარცხდა. ერთი კვირის წინ თბილისელებმა რუსთავში “ხარებს” 31:17 მოუგეს. “შევარდენზე” ჩაატარა ჩემპიონატის გახსნის მატჩი “ბათუმმა” და “არმაზს” 26:18 მოუგო.
კვირას ჩემპიონატის თამაშები ასევე 15:30 საათზე იწყება, მაგრამ ნახევარ საათში მსოფლიო თასის მეოთხედფინალური თამაშია დანიშნული და ეს შიდა პირველობას გულშემატკივარს მოაკლებს. “ავჭალაზე” “არმია” ქუთაისის “აიას” უმასპინძლებს და სეზონის პირველი გამარჯვების აღნიშვნას ეცდება. არმიელებმა გასული ტურის თამაშებიდან პირწმინდად მხოლოდ ერთი წააგეს, სამში მცირედით დამარცხდნენ და თითო პრემიალური ქულა აიღეს, გასულ უქმეებზე კი, გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს იყვნენ, მაგრამ “არმაზთან” მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ (24:24). ერთი კვირის წინ ფრეს დასჯერდა ქუთაისის “აიაც” (“ლელო-სარასენსთან 11:11) და ახლა ისიც მოგებას ეცდება. მთლიანობაში, ქუთაისელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, სამი თამაში მოიგეს და მესამე ადგილზე არიან.
მიმდინარე სეზონის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი, გათამაშების ლიდერი გორის “ჯიქი”, წარმატებული სერიის შენარჩუნებას “შევარდენზე” “არმაზთან” ეცდება. არმაზელებს ყველაზე ცოტა, 3 თამაში აქვთ ჩატარებული და აქედან ორში დამარცხდნენ, ერთი კვირის წინ კი ფრედ ითამაშეს. ახლა მათ, ისევე, როგორც სხვა გუნდებს, ნაკრებში მივლინებული მორაგბეები დაუბრუნდათ და უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან. მაგრამ გორელები კარგ ფორმაშია არიან, რაზეც გასული კვირის შედეგიც მეტყველებს (40:3 “აკადემიასთან”) და მიღწეულის შენარჩუნებას ეცდებიან. “ჯიქს” უახლოესი ტურის შემდეგ ლიდერობის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ წინ გრძელი სეზონია და ქულების თავიდანვე მომარაგებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VI ტური
17 ოქტომბერი
თბილისი. დიდი დიღომი. 15:30 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი
აკადემია (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:30 საათი
ლოკომოტივი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
18 ოქტომბერი
თბილისი. “ავჭალა”. 15:30 საათი
არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:30 საათი
ჯიქი (გორი) - არმაზი (თბილისი)
1. | ჯიქი | 5 | 5 | 0 | 0 | 117:55 | 22 | 2 |
2. | ბათუმი | 5 | 4 | 0 | 1 | 74:54 | 17 | 1 |
3. | აია | 5 | 3 | 1 | 1 | 84:63 | 15 | 1 |
4. | ლელო-სარასენსი | 5 | 3 | 1 | 1 | 82:69 | 14 | 0 |
5. | ლოკომოტივი | 4 | 2 | 0 | 2 | 74:63 | 10 | 2 |
6. | ყოჩები | 4 | 2 | 0 | 2 | 59:52 | 10 | 2 |
7. | აკადემია | 5 | 2 | 0 | 3 | 49:84 | 10 | 2 |
8. | არმია | 5 | 0 | 1 | 4 | 89:116 | 5 | 3 |
9. | არმაზი | 3 | 0 | 1 | 2 | 57:70 | 3 | 1 |
10. | ხარები | 5 | 0 | 0 | 5 | 54:113 | 1 | 1 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია