ამბები

15:48 | 16.10.2015 | ნანახია 4398 - ჯერ

მსოფლიო რაგბის თავსატეხი

მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ფარდა დაშვებულია, საუბარი არ წყდება ჯგუფში დარჩენილი რამდენიმე გამორჩეული ნაკრებისა და გმირი მორაგბეების შესახებ, რომელთა ღვაწლსაც ვერაფერი დაჩრდილავს მსოფლიო თასის დასრულებამდე.

მიმდინარე ტურნირზე გასაოცარი შედეგი აჩვენა იაპონიამ, რომელმაც ისტორიაში პირველად ჯგუფში სამი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ მეოთხედფინალში მაინც ვერ გადავიდა. უჩვეულო მოვლენებს არც საქართველოს მიერ ტონგას დამარცხება ჩამორჩება, რომელმაც სრულიად სარაგბო სამყარო აღაფრთოვანა.

მეორე დონის ქვეყნების აშკარა წარმატება და თამაშის თვალსაჩინო გაუმჯობესება სტატისტკასაც დაეტყო და კრიკეტისთვის ჩვეული სამციფრა ანგარიშები აღარ ფიქსირდება.

„ამ ტურნირზე კარგად გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ მსოფლიო თასის მთლიანი სტანდარტი საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა, ე.წ. “იოლი” თამაშები, ჩვენთვის ძალიან გართულდა“ - აცხადებს მსოფლიო ჩემპიონი გუნდის კაპიტანი რიჩი მაქკოუ.

ზოგადი თეორია კი იმაში მდგომარეობს, რომ მეორე ეშელონის ქვეყნებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა რეგულარული ტესტები გამართონ ელიტის გუნდებთან. ამის საჭიროების არგუმენტად არგენტინისა და იტალიის წარმატებაც კმარა.

“ბორჯღალოსნების” ერთ-ერთი მწვრთნელი მაიქლ ბრედლი აცხადებს: „რაც უფრო ხშირად ვეთამაშებით ჩვენზე ძლიერ გუნდებს, მით უფრო გაიზრდება მეორე დონის ქვეყნების პოტენციალი. ასე, რომ ამ კუთხით პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს და კალენდარი მხოლოდ ელიტური გუნდებისთვის არ უნდა გაიწეროს“.

ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს მხოლოდ 2 მატჩის თამაში მოუწია ტოპ 10-ეულში მყოფი გუნდების წინააღმდეგ. შედარებისთვის მოვიყვანოთ ტონგა, რომელმაც იგივე პერიოდში პირველი დონის ქვეყნებთან 5 ტესტის თამაშიც მოასწრო – საფრანგეთის, იტალიის, უელსისა და ორჯერ შოტლანდიის წინააღმდეგ, თუმცა პრობლემა აქაც არსებობს.

„ერთადერთი შანსი, როდესაც პირველი დონის გუნდებთან თამაშის შესაძლებლობა გვეძლევა ნოემბერია, როდესაც ბობოლების მთავარი მოთამაშეები საშემოდგომო არდადეგებზე მიდიან, ჩვენს წინააღმდეგ კი შედარებით სუსტ შემადგენლობას აყენებენ. შემდეგ მოვდივართ მსოფლიო თასზე და აქ სულ სხვა დონის გუნდი გვხვდება“ - ტონგელთა კაპიტანი მორაგბე ნილი ლატუ - „შეხედეთ არგენტინის პროგრესს, ისინი უკვე ტოპ გუნდების რიგებში არიან“.

არგენტინას რაგბი ჩემფიონშიფში (4 ერში) შესვლამ, მისი განვითარება დააჩქარა და პირველი ეშელონის გუნდების სიაშიც შეიყვანა.

არგენტინელი მესამე ხაზელი ხუან მარტინ ფერნანდესის ლობე: „მეორე დონის ქვეყნებს ნამდვილად კარგი გუნდები და კარგი მორაგბეები ყავთ, მათ განვითარება სჭირდებათ. ისევე როგორც ჩვენ გვჭირდებოდა სანამ “რაგბი ჩემფიონშიფში” მიგვიღებდნენ და ყველამ ნახეთ ჩვენი განვითარება. იგივე უნდა მოხდეს საქართველოსთან მიმართებაშიც 6 ერის თაობაზე. რაც უფრო მალე დაიწყებენ ისინი დიდ გუნდებთან ასპარეზობას, მით უფრო მალე განვითარდებიან. მათი თავდაჯერებულობაც და მალე ისევე კარგად ითამაშებენ, როგორც ჩვენ“.

დაუჯერებელია, მაგრამ ჯერ კიდევ 2011 წელს ინგლისის რაგბის კავშირის ბორდის ერთ-ერთი წარმომადგენელი ბრაიან ბეისტერი, 6 ერის გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუმინეთის პოზიციებს იცავდა: „წარმოიდგინეთ რა დონის შეჯიბრება იქნება ეს ტურნირი, თუ ფოკუსი ისეთ გუნდებზეც გაკეთდება, ვინც პოტენციურ ჩემპიონს არ წარმოადგენს“.

მას შემდეგ რაც საქართველომ ზედიზედ 5-ჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი და იტალია 6 ერის რეიტინგში რა ხანია ბოლო ადგილს ვერ აცდა, 6 ერის საკითხი აქტიურად წამოიჭრა.

საქართველოს 6 ერში შეყვანის საკითხს ის აზრიც ეწინააღმდეგება, რომ თბილისში არ არის ისეთი სარაგბო პირობები, როგორიც რომში, პარიზში, ლონდონში, კარდიფში, ედინგბურგსა და დუბლინში, რაც ერთგვარად თავშეკავებულობას ზრდის ამ კუთხით, თუმცა “ბორჯღალოსნების” ახალზელანდიელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ ყველაფერი კარგად იქნება.

„ბევრი კარგი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ რატომ უნდა ითამაშონ საქართველოში პირველი ეშელონის გუნდებმა“ - აცხადებს ჰეიგი - „პირველ რიგში ისინი ამით რაგბს გლობალურს გახდიან და მე პირობას ვდებ, რომ საქართველო მათ ისე უმასპინძლებს, როგორც არავინ არასდროს. მზად ვართ ნებისმიერ პირველი დონის გუნდთან ამ თემაზე სასაუბროდ“.

რაც შეეხება კომერციულ მხარეს, მსოფლიო რაგბისთვის “გლობალური ჩართულობა” და “საერთაშორისო რაგბის კონკურენტუნარიანობის გაზრდა” ამ კუთხით ნამდვილად მომგებიანია.

მაგალითისთვის, 2013 წელს “ოლ ბლექსმა” 373 813 გირვანქა სტერლინგის მოგება ნახა იაპონიასთან გამართული ტესტ-მატჩით.

ნაკლებად სარწმუნოა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში მეორე დონის გუნდებს რეგულარული შესაძლებლობები მიეცემათ მორიგი მსოფლიოსთვის გასავითარებლად. მაგრამ მინიმუმ ის მაინც უნდა გაკეთდეს, რომ რაღაც მხრივ გარკვეულ დონეზე კიდევ აიწიოს მათი თამაშის დონე, რადგანაც ამ გუნდებმა წლევანდელი მსოფლიო თასის ისტორია შეცვალეს და თუ მათ მსოფლიო რაგბი ხელს არ შეუწყობს, ეს უბრალოდ სირცხვილი კი არა, კარგი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება.

“ველოდებით შანსს, რომ ჩვენი თამაში რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავიყვანოთ“ - აცხადებს მილტონ ჰეიგი - „არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პრობლემა მალე გადაწყდება და “ბობოლები” თბილისში ივლიან, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშათ“.

www.rugby.ge

სქრამ ქომის (ESPN scrum.com) მორიგი სტატია მეორე დონის ქვეყნების მომავლის შესახებ >>> წყარო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08616