ამბები

15:24 | 12.10.2015 | ნანახია 5785 - ჯერ

გიორგი ნიჟარაძე: "სარაგბო სამყარო სერიოზულად ფიქრობს, რომ გლობალური ცვლილებების დროა"
"ამ მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და მის მიმართ პატივისცემა გაიზარდა"

დასრულდა ჯგუფური ეტაპი. ბორჯღალოსნებმა დასახული პროგრამა მაქსიმუმი შეასრულეს - ჯგუფში ორი მატჩის მოგებით მე-3 ადგილი დაიკავეს, რითაც 2019 წლის მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლება ავტომატურად მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა აქამდე ჯერ არნახულ წარმატებას მიაღწია. ამ წარმატების მისაღწევად ჩვენმა მორაგბებმა, სამწვრთნელო შტაბმა, გუნდის მენეჯმენტმა დიდი სამუშაო გასწია. სწორად დაგეგმილმა მზადების პროგრამამ, სათამაშო ტაქტიკამ და ბორჯღალოსანთა ჩვეულმა თავდადებამ შედეგი გამოიღო.

ინგლისში კი მსოფლიო თასი გრძელდება. წუხანდელი მატჩებით დასრულდა ჯგუფური ეტაპი და დალაგდა მეოთხედფინალური წყვილები - ელისის თასის მოსაპოვებლად 17 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკა უელსს დაუპირისპირდება, ახალი ზელანდია საფრანგეთს, ირლანდია არგენტინას, ხოლო ავსტრალია შოტლანდიას.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდთან, ბორჯღალოსნების მსოფლიო თასზე ასპარეზობა შეაფასა და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.

ნამიბიის ძლევით შემდეგ მსოფლიოზე მონაწილეობა დავიბევეთ...

ეს მატჩი დრამატული გამოდგა ძალიან ბევრი მიზეზის გამო. გასაგებია ფსიქოლოგიური წნეხი. გამარჯვების შემთხვევაში და თუ ახალი ზელანდიაც ბოლო მატჩში ტონგას ძლევდა, მომავალი მსოფლიო თასის საგზურს მოვიპოვებდით. ამასთან ერთად, ‘ოლ ბლექსთან’ უმძიმესი მატჩის შემდეგ ძალების აღსადგენად ჩვენ ოთხი დღე გვქონდა, მათ კი ცხრა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ამ ტურნირზე ყველა გუნდი თანაბარ ვითარებაში იყო.

საგულისხმოა, რომ ჩვენი გუნდი ტრავმების ეპიდემიამ შეაწუხა. ეს ბიჭები გმირები არიან. ბევრი მათგანი ნამიბიასთან სერიოზული ტრავმით გამოვიდა და წარმატების მოპოვებაში დიდი წვლილი დაიდო. მამუკა გორგოძეს ორივე მუხლი აწუხებდა, დავით ზირაქაშვილის მყესი ჰქონდა გაწყვეტილი და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა. გუნდმა შეძლო, მართალია მძიმე, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაამძიმა ეს გამარჯვება ირლანდიელი მსაჯის ქმედებამ?

ეს ძალზედ მტკივნეული თემაა. ჯორჯ კლენსიმ როგორც ჩანს, შეიტყო საქართველოში მიმდინარე მხარდამჭერ აქციის ‘მე ვარ მე-16-ს’ შესახებ და გადაწყვიტა მას შეერთებოდა. ოღონდ გუნდები აერია და მოედანზე მე-16 ნამიბიელი იყო. ყველაფერი მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი. ძალიან ბევრი რამ დააშავა. არ ჩათვალა ორი ლელო, არ დააფიქსირა საჯარიმო ლელო, თვალს ხუჭავდა მეტოქის ყელზე ბოჭვას და ასე შემდეგ. როცა ამდენს ქმნი, იბრძვი, შრომობ და მსაჯი ყოველივე ამას წყალში გიყრის, ძნელია კონცენტრაციის შენარჩუნება.

ნამიბიის ნაკრების მიმართ მინდა პატივისცემა გამოვხატო, რომელმაც ყველაფრის მიუხედავად, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, ბოლომდე გვებრძოლა და ჩვენი გამარჯვება მით უფრო ფასეული გახადა.

ნამიბიის ნაკრებთან გამარჯვების სიხარულს ოდნავ სევდაც ახლდა...

დიახ, სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა დავით ზირაქაშვილმა, რომელიც გამორჩეული პიროვნება, ლიდერი და მოთამაშეა. ის სამუდამოდ შევა ქართული რაგბის ისტორიაში. ჩვენი ნაკრების წარმატებაში მისი წვლილი დიდია. იმედი მაქვს, საქართველოში მის ღვაწლს სათანადოდ დააფასებენ.

მასთან ერთად მინდა ავღნიშნო საქართველო ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე. ის დიდი მორაგბეა და მისმა პიროვნულმა ფაქტორმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა გუნდის ერთ მუშტად შეკვრა, შედუღაბება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, გუნდის ყველა მოთამაშეს, მწვრნელთა შტაბს, მენეჯმენტს, რომლებმაც ყველამ თავის პოზიციაზე თავდაუზოგავად იშრომა.

მოკლედ შეაფასეთ ბორჯღალოსნების მიერ გამართული სხვა მატჩებიც...

ტონგასთან მატჩი გამოდგა ბრწყინვალე. გუნდმა პრაგმატულად, ზუსტად ის რაგბი შესთავაზა მეტოქეს, რომლითაც მისი დამარცხება იქნებოდა შესაძლებელი. აღსანიშნავია ამ შეხვედრაში მატჩის არბიტრის ნაიჯელ ოუენსის შესანიშნავი მსაჯობა.

ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა არგენტინასთან, მაგრამ მატჩი ჩვენთვის უსიამოვნო შედეგით დასრულდა. ამ ნაკრების ოთხი წლის წინანდელთან შედარებაც არ შეიძლება. ის საგრძნობლად არის წინ წასული. აი, რა მოუტანა ამ ქვეყნის ნაკრებს ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობამ.

მერე იყო ისტორიული დღე ქართული რაგბისთვის. ახალ ზელანდიასთან თავგანწირული თამაშის წყალობით, ჩვენ მოვიპოვეთ არა მარტო კარდიფელი ქომაგების არამედ, დანარჩენი მსოფლიოს, მათ შორის ახალზელანდიელი გულშემატკივრების სიმპატია.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს, იმათ ვინც ინგლისში უშუალიოდ სტადიონებზე გულშემატკივრობდა და იმათაც, ვინც საქართველოში გვერდით ედგა ჩვენს ბიჭებს.

გარწმუნებთ, ისინი ამას გრძნობდნენ. მათი მთავარი მიზანი, სწორედ ქართველი ქომაგების გახარებაა, იმისთვის შრომობენ და იბრძვიან თავდადებით, რომ სამშობლო გახარონ. გარწმუნებთ, ამ მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და მის მიმართ პატივისცემა რამდენჯერმე გაიზარდა.

რა უნდა გაკეთდეს ქართულ რაგბიში სამომავლოდ საიმისოდ, რომ განვითარება არ შეჩერდეს?

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს ახალ სიმაღლეზე ასასვლელად და მეტი წარმატების მისაღწევად. საამისოდ საჭიროა ბევრი შრომა, მთავრობისა და კერძო სექტორის გვერდში დგომა.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვისაც როდესმე ჩვენთვის დახმარება გაუწევია. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და ამიტომ არ ჩამოვთვლი. მინდა ყველას მივულოცო ბორჯღალოსნების წარმატება.

საქმე გაკეთებულია. ჩვენ მეორე დონის სხვა გუნდებთან ერთად დავამტკიცეთ, რომ სხვაობა პირველი დონის გუნდებთან შემცირებულია. ეს მსოფლიო თასი ბევრი რამით იქნება განსაკუთრებული. ორგანიზატორები რეკორდული რაოდენობის ფინანსურ მოგებას ნახავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ‘მსოფლიო რაგბი’ განვითრების პროექტებისთვის გაცილებით დიდ თანხებს გაიღებს. ჩვენ აქაც უნდა ვიყოჩაღოთ და ამ პროექტების მაქსიმალურად დიდი წილი საქართველოში უნდა წამოვიღოთ.

უკვე სარაგბო სამყარო სერიოზულად ფიქრობს, რომ გლობალური ცვლილებების დროა. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პირველი და მეორე დონის გუნდებს მინიმუმ თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ.

მნიშვნელოვანია, რომ ნამიბიასთან მატჩს პრინცი ჰარი დაესწრო, რომელიც რაგბის დიდი ქომაგია. ინგლისის ნაკრების გარდა ის მსოფლიო თასზე სხვა გუნდების თამაშს არ დასწრებია...

მასთან მხოლოდ ‘პროტოკოლური’, მოკლე საუბარი გვქონდა. თამაშის მერე გამარჯვება მოგვილოცა და ხელი ჩამოგვართვა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს მასთან ერთად ინგლისის რაგბის კავშირის აღამასრულებელი დირექტორი, მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და ბევრი სხვა მაღალი დონის პერსონა ესწრებოდა. ეს, ცხადია, ჩვენთვის დიდი პატივია.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09303