ინტერვიუ

18:08 | 24.03.2016 | ნანახია 1958 - ჯერ

მილტონ ჰეიგი: „დიდი ტესტები გველის“

ქართული რაგბის პროგრესის ფონზე, მისდამი ინტერესი მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო იზრდება და „ბორჯღალოსნების“ დამრიგებელმა მილტონ ჰეიგმა, „მსოფლიო რაგბის“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

საუბარი შეეხო როგორც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ქართველთა მორიგ წარმატებას, ასევე იმ მიზეზების განხილვას, რის გამოც აუცილებელია საქართველოს ნაკრების ხშირი თამაში წამყვან სარაგბო ნაკრებებთან:

„დინამო არენაზე“ შეკრებილი 55 ათასი მაყურებლის წინაშე რუმინეთის სარეკორდო სხვაობით დამარცხება, ბრწყინვალე დასასრული იყო რაგბის ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტიტულისკენ მიმავალ გზაზე. 2015 წლის მსოფლიო თასზე მესამე ადგილის დაკავებას, შესანიშნავი გაგრძელება მოყვა და „მუხების“ 38:9 ძლევით, საქართველომ 2010 წლის მარტიდან ერთა თასზე წაუგებელი მატჩების სერია 31-მდე გაზარდა.

უკანასკნელი 10-წლეულის განმავლობაში, საქართველო დივიზიონში მხოლოდ სამჯერ დამარცხდა და მსოფლიოს რეიტინგში თავისთვის სარეკორდო, მე-12 ადგილზე არიან.

„ლელოს“ ექვს ერში დაშვების მოწოდებები უფრო ხმამაღალი გახდა და მილტონ ჰეიგიც ირწმუნება, რომ ზრდის დინამიკის შესანარჩუნებლად მისი შეგირდებისათვის უფრო მაღალკონკურენტუნარიან ტურნირში ჩართვა აუცილებელია.

პირველად ისტორიაში, საქართველო ივნისში ტესტ-მატჩების გასამართად ოკეანეთის კუნძულებს ეწვევა - ეს „მსოფლიო რაგბის“ პროგრამის შედეგად მოხდა, რომელმაც მეორე დონის ქვეყნებისთვის პროგრამა გააფართოვა და საქართველო რეიტინგში თავისზე წინ მყოფ ფიჯის, ასევე ტონგას და სამოას შეხვდება.

„იდეალურ ვარიანტში, ექვს ერში თამაში გვსურს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს, ევროპული გუნდი ვართ და სწორედ ასეთი კონკურენტუნარიანი ტურნირი გვჭირდება ზრდისა და წინსვლისათვის“ - ამბობს ჰეიგი და ამატებს:

„თუ ეს ვერ ხერხდება გაზაფხულის ფარგლებში, მაშინ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი მაღალი დონის ტესტი ვითამაშოთ ივნისისა და ნოემბრის ფანჯარაში. ამ კუთხით დიდ დახმარებას ვიღებთ „მსოფლიო რაგბისგან“ და წელს, ივნისსა და ნოემბერში თამაშების შესანიშნავი გრაფიკი დაგვიმტკიცდა“.

გაზრდილი თავდაჯერებულობა

საქართველოს მსგავსი მეორე დონის ქვეყნების განვითარების გრძელვადიანმა პროგრამამ, რომელსაც „მსოფლიო რაგბი“ აწარმოებს, 2015 წლის მსოფლიო თასზე წარმოუდგენელი შედეგი მოგვიტანა და მნიშვნელოვნად შემცირდა სხვაობა ელიტასთან. ჰეიგი ამბობს, რომ ტონგასა და ნამიბიის დამარცხებით 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურის მოპოვებას, საქართველოში უდიდესი გამოხმაურება მოყვა.

„წარმატებას, რომელსაც პირველად მიაღწია ქართულმა რაგბიმ, გამოხმაურება ჰპოვა არა მხოლოდ ფართო საზოგადოებასა და სარაგბო სამყაროში. ჩვენი მოთამაშეების მიმართ გაჩნდა უზარმაზარი ნდობა და თავად მოთამაშეებს მოემატათ თავდაჯერებულობა. ერთი რამ, რაც ამ ხუთკვირიანი შეკრების პერიოდში შევამჩნიეთ, იყო ის, რომ ბიჭები კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ საქმეს, ეს კი, ყოველთვის ყველაზე რთული მისაღწევია. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია ის წარმატება, რასაც გუნდმა შარშან მიაღწია“.

დიდი მოლოდინები

ჰეიგი, რომელიც საქართველოში მეხუთე წელიწადს ატარებს ამბობს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ერთა თასის კიდევ ერთხელ მოგება:

„ეს უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვთამაშობდით სახლში. საქართველოში რაგბი ჯერ კიდევ განვითარებადი სპორტია. მართალია ის ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა, მაგრამ ჯერაც გვიწევს სტადიონზე ხალხს მიყვანაზე ზრუნვა და იმ ადამიანების დარწმუნება, რაგბისთან დაკავშირება, რომლებიც სხვა სპორტის სახეობების ქომაგები არიან. ასე ვახერხებთ მაყურებლებისა და მოთამაშეების დაინტერესებას და მისი მეშვეობით ხდება სპონსორების მოზიდვა და შემოსავლების გაზრდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახლა ჩვენგან ბევრად უფრო მეტს ელიან არა მხოლოდ ჩვენი მეგობრები და ოჯახის წევრები, არამედ სახელმწიფო, სპონსორები და დაინტერესებული მხარეები. სწორედ ამიტომ ვიძახებდით ერთა თასის მატჩებისთვის შეძლებისდაგვარად უძლიერეს შემადგენლობას. ტურნირის დაუმარცხებლად დასრულება მოთამაშეებს თავდაჯერებულობას მატებს და ვფიქრობთ, ამით ვუმტკიცებთ დანარჩენ სამყაროს, რომ ერთა თასისთვის უკვე გადაზრდილები ვართ. რეალობა ისაა, რომ გვჭირდება მეტი გამოწვევა, რათა გამოვცადოთ საკუთარი შესაძლებლობები უფრო მაღალ დონეზე“.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085637