ამბები

18:25 | 9.10.2015 | ნანახია 2455 - ჯერ

კვირა დაიტვირთა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-5 ტურის ოთხი შეხვედრა კვირას, 11 ოქტომბერსაა დანიშნული, ხოლო შაბათს მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართება.

10 ოქტომბერს, გონიოში, 16 საათზე, მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთი დაუმარცხებელი გუნდი “ბათუმი” ბოლნისის “ყოჩებს” დაუხვდება. ზღვისპირელებმა გონიოში მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ითამაშეს და ქუთაისის “აია” 17:9 დაამარცხეს, მოგებათა სერია კი, ერთი კვირის წინ თბილისში, “აკადემიის” 15:9 ძლევით გაიხანგრძლივეს. “ბათუმმა” ოთხივე თამაში კი მოიგო, მაგრამ ერთხელაც ვერ აიღო პრემიალური ქულა და ამის გამო ის მხოლოდ მეორე ადგილზეა. “ყოჩებმა” სეზონის სტარტზე ორი თამაში წააგო, “არმაზთან” შეხვედრა კი გადაიდო. ბოლნისელებმა ხასიათი გასულ კვირას გამოიკეთეს, როდესაც რუსთავში “ხარებს” სამი ლელო გაუტანეს და 15:0 დაწინაურდნენ, მერე ორი ჯარიმა და ლელო მიიღეს, მაგრამ სულ ბოლოს მეოთხედ დაამიწეს ბურთი მეტოქის ლელოში და 27:21 მოგებით პრემიალური ქულაც აიღეს.

კვირას ორი თამაში თბილისში, ხოლო თითო-თითო რუსთავსა და ქუთაისშია დანიშნული. “ავჭალაზე” მიმდინარე გათამაშების ლიდერი გორის “ჯიქი” “დიდ 10”-ში აღზევებულ და დამკვიდრებულ თბილისის “აკადემიას” ეთამაშება. გორელებმაც ოთხივე თამაში მოიგეს, თანაც პირველში, “ყოჩებთან” პრემიალური ქულა აიღეს და მისი მეშვეობით სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. გასულ ტურში “ჯიქმა” “არმია” 27:21 დაამარცხა. “აკადემიამ” ორი თამაში მოიგო და ორიც წააგო. გასულ ტურში თბილისელებმა “ბათუმის” მოგებათა სერია ვერ შეწყვიტეს (9:15) და ისე, როგორც წინა წაგებულ მატჩში, ამჯერადაც პრემიალური ქულა აიღეს.

“შევარდენზე” ერთმანეთს “არმაზი” და “არმია” ეთამაშებიან და რადგან რაგბიში ფრე იშვიათობაა, დიდი ალბათობით ერთ-ერთი მოუგებელ სერიას შეწყვეტს. “არმაზმა” მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა და ორიც იმის გამო გადაიდო, რომ მისი სამი წევრი ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე იმყოფებოდა. ორი წაგებული შეხვედრიდან ერთში მათ პრემიალური ქულა აიღეს და ეს გასულ ტურში “ლელო-სარასენსთან” მატჩში მოხდა, როდესაც მხოლოდ 5 ქულის სხვაობით დამარცხდნენ - 15:20. “არმიამ” ოთხივე შეხვედრა დათმო და სამში მცირედით დამარცხდა, რის გამოც 3 ქულა მოაგროვა. ერთი კვირის წინ მას ლიდერმა “ჯიქმა” 27:21 მოუგო.

რუსთავში კიდევ ერთი მოუგებელი გუნდი “ხარები” თბილისის “ლოკომოტივს” ეთამაშება. რკინიგზელებმა პირველ ტურში იმარჯვეს, “არმაზთან” მატჩი გადაიდო, ორ წაგებულ შეხვედრაში კი, თითო-თითო ქულა აიღო. გასულ ტურში ის “აიასთან” “შევარდენზე” 16:18 დამარცხდა. “ხარებმა” ოთხი წაგებული თამაშიდან მხოლოდ ერთხელ შეძლო ქულის აღება.

ქუთაისში “აია” თბილისის “ლელო-სარასენსს” მასპინძლობს და ეს ტურის ცენტრალური შეხვედრაა. ქუთაისელები საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ და წელსაც ახალ სტადიონზე ორიდან ორი თამაში მოიგეს. გასულ ტურში ქუთაისელებმა თბილისში “ლოკომოტივი” 18:16 დაამარცხეს, ერთადერთი მარცხი კი, გონიოში “ბათუმისგან” განიცადეს. ზედიზედ სამგზის ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” სატურნირო ცხრილში მათ მეზობლადაა. ჩემპიონმა სამი თამაში მოიგო და ერთი მარცხი ამჟამინდელ ლიდერ “ჯიქთან” განიცადა.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. V ტური

V ტური

10 ოქტომბერი

გონიო. 16:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - ყოჩები (ბოლნისი)

11 ოქტომბერი

თბილისი. “ავჭალა”. 17:00 საათი

ჯიქი (გორი) - აკადემია (თბილისი)

რუსთავი. ახალი. 17:00 საათი

ხარები (რუსთავი) - ლოკომოტივი (თბილისი)

ქუთაისი. “აია”. 17:00 საათი

აია (ქუთაისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი)

1. ჯიქი 4 4 0 0 77:52 17 1
2. ბათუმი 4 4 0 0 71:45 16 0
3. აია 4 3 0 1 73:52 13 1
4. ლელო-სარასენსი 4 3 0 1 71:58 12 0
5. აკადემია 4 2 0 2 46:44 10 2
6. ყოჩები 3 1 0 2 50:49 6 2
7. ლოკომოტივი 3 1 0 2 43:46 6 2
8. არმია 4 0 0 4 65:92 3 3
9. არმაზი 2 0 0 2 33:46 1 1
10. ხარები 4 0 0 4 37:82 1 1

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077311