ივნისის ტესტების პარალელურად, საქართველოს რაგბის კავშირმა და მსოფლიო რაგბიმ ოფიციალურად დაადასტურა ნოემბრის ტესტ-მატჩების განრიგი.
უკვე ცნობილია, რომ 11 ივნისს „ბორჯღალოსნები“ სამოას მანუში ეთამაშებიან, მერე ფიჯიზე გადაინაცვლებენ და 18 ივნისს ტონგას, ხოლო 25 ივნისს მასპინძელთა გუნდს შეხვდებიან.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები ორ მატჩს თბილისში გამართავს და 12-ში იაპონიას მიიღებს, ხოლო 18-ში სამოას დაუხვდება. წლის ბოლო ჯახი 26 ნოემბერს შოტლანდიასთან, „მარიფილდზე“ გვექნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს წლის განმავლობაში ამდენი ასეთი დონის ტესტ-მატჩი არასდროს ჰქონია, რა თქმა უნდა, მსოფლიო თასების მატჩების გამოკლებით.
„ოფიციალურად შეგვიძლია გავაჟღეროთ, რომ რაგბის გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება, ხოლო ნაკრებს გამოცდა ელის. ზაფხულსა და შემოდგომაზე ექვსი მაღალი დონის ტესტ-მატჩი გველის - ივნისში ოკეანეთში მივდივართ, ნოემბერში თბილისში ორი თამაში გვაქვს და წელიწადს პირველი დონის შოტლანდიასთან ჯახით დავასრულებთ. ეს უდიდესი გამოწვევაა. „ჩერჩილის თასის“, ბუქარესტისა და თბილისის თასების შემდეგ, ოკეანეთში მგზავრობა ჩვენთვის გაცილებით დიდი შედეგის მომტანი იქნება. ეს ტესტ მატჩები „მსოფლიო რაგბის“ დამსახურებით გვერგო და მათი უზომოდ მადლიერი ვარ“ - თქვა პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ასისტენტი ლევან მაისაშვილი აქცენტს მომავალი მატჩების მნიშვნელობაზე აკეთებს:
„მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ერთი წლის განმავლობაში ამდენი სერიოზული ტესტ-მატჩი აქამდე არასდროს გვქონია. „ერთა თასი“ ჩვენს გამოწვევას ვეღარ პასუხობს და ნებისმიერ შემთხვევაში, რა შედეგითაც უნდა დასრულდეს ეს შეხვედრები, სერიოზული პროგრესი გვექნება. კარგია, თუ ივნისის ტესტ-მატჩებისთვის ყველა იმ მოთამაშის გამოძახებას შევძლებთ, ვისაც შემადგენლობაში მოვიაზრებთ.
მომავალი შეხვედრების ფასი ძალიან დიდი იქნება. ამ ეტაპზე ახალგაზრდების გამოცდაც მოხდება, მაგრამ კუნძულებზე გავემგზავრებით გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი გუნდით. შესაძლოა, ვინმე ივნისის ტესტ-მატჩებისთვის შემადგენლობაში არ იყოს, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ოთხწლიან ციკლში შანსს ყველა ის მოთამაშე მიიღებს, ვინც ამას დაიმსახურებს. მომავალ ტურნეზე გამოცდილი მორაგბეების როლი უდიდესი იქნება. ერთბაშად მთელი გუნდის შეცვლა ვერ მოხდება. ამასთან, 20-წლამდელთა ნაკრებს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ტურნირები ელის - ასაკობრივი მსოფლიო თასი, რომელიც მეორე ადგილზეა კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ. მათ ილია მაისურაძე დააკვირდება და მასთან კონსულტაციით გადავწყვეტთ ვინ ამოვწიოთ პირველ გუნდში“.
როგორც წესი, ივნისში საქართველოს ნაკრების უძლიერესი შემადგენლობის შეკრება მუდამ ჭირდა, რადგან ამ პერიოდში ფრანგულ კლუბებს საჩემპიონო პლეი ოფები უწევთ, ხოლო ლეგიონერების ნაწილს მომქანცველი სეზონის შემდეგ დასვენება ესაჭიროებოდა. ახლა ამ ყველაფერს 20-წლამდელთა მსოფლიო თასიც ემატება, რომელიც ზუსტად ამ პერიოდში მანჩესტერში იმართება.
„კლუბებთან მოთამაშეების გამოშვებაზე ჯერ არ გვისაუბრია. მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს, გავითვალისწინებთ ჩვენი მოთამაშეების ინტერესსაც, თორემ კლუბებზე საკითხავი არაფერი გვაქვს. ეს ოფიციალური სანაკრებო ფანჯარაა და კლუბს მოთამაშის შეზღუდვის უფლება არ აქვს. მინდა განვაცხადო, რომ არასდროს, არცერთ მოთამაშეს, კლუბის ინტერესები ნაკრების ინტერესებზე მაღლა არასდროს დაუყენებია და დარწმუნებული ვარ ასე იქნება მომავალშიც“ - თქვა სვანიძემ და რა თქმა უნდა გვერდი ვერ აუარა ექვსი ერის თემას, რომელზეც ბოლო დროს ფაქტობრივად მთელი სარაგბო სამყარო საუბრობს:
„ექვს ერში შესვლა ჩვენთვის პანაცეა არაა. რა თქმა უნდა გვაქვს ამის ამბიცია და ვეცდებით ცვლილების ინიციატორები ვიყოთ, მაგრამ კომერსანტების კაპრიზებს და იტალიის შიშებს ვერ გადავყვებით. ჩვენი ყველაზე დიდი მეგობარი „მსოფლიო რაგბია“, რომლის მეშვეობითაც წელს ეს ტესტ-მატჩები მივიღეთ და მათი დახმარებით სამომავლოდ ექვს ერის და შესაძლოა ოთხი ერის ქვეყნებთანაც, მაღალი დონის ტესტ-მატჩებს აუცილებლად მივიღებთ.რაგბის გეოგრაფია იცვლება და თუ ვინმე ამას მხარს ვერ აუბამს, მისი პრობლემაა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი მიზანი ექვსი ერი კი არა, მსოფლიო თასია და ექვსი ერში მიგვიღებენ თუ მის გარეშე მივიღებთ მაღალი დონის ტესტებს, გადამწყვეტი არაა“.
უკვე გარკვეულია, რომ წელს „მზარდ საქართველოს“ ბოლო წლების ტრადიციის დარღვევა მოუწევს და მაისში თამაშები არ ექნება. მიზეზი საქართველოს ჩემპიონატის პლეი ოფები და 20-წლამდელთა მსოფლიო თასია, თუმცა, სამომავლოდ მათთვის შესაბამისი თამაშების გამოსაძებნად მუშაობა გაგრძელდება. პრესკონფერენცის ბოლოს მაისაშვილმა და სვანიძემ მომავალი მეტოქეები მოკლედ დაახასიათეს.
ლევან მაისაშვილი: „სამოა და ტონგა დამარცხებული გვყავს, მაგრამ ამით მცდარი წარმოდგენა არ უნდა შეგვექმნას. კუნძულელებს მსოფლიოს ნებისმიერი გუნდი ანგარიშს უწევს და თუ არ გაუწევს, აუცილებლად დამარცხდება, რაც არაერთხელ მომხდარა. ნებისმიერ დროს, თუ სათანადოდ არ მოემზადე, მათთან თამაშს ვერ მოიგებ. ჩვენს შემთხვევაში ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ რა შემადგენლობით მოვახერხებთ ტურნეზე გამგზავრებას. თუმცა, რა თქმა უნდა, მოგებაზე ვიქნებით ორიენტირებული.
არაერთხელ მითქვამს, რომ რაგბიში ჩემთვის წარმატების ფორმულაა - ნიჭს + შრომისმოყვარეობა. იაპონია სწორედ შრომისმოყვარეობის მაგალითია. თუ წლების წინ მათ ერთ-ერთი სუსტი შერკინება ჰყავდათ, მსოფლიო თასზე ამ შრომისმოყვარეობის ხარჯზე სამხრეთ აფრიკას რიგ ეპიზოდებში აჯობეს კიდეც. ესაა წესრიგის და დისციპლინის ეტალონი გუნდი.
შოტლანდიასთან თამაში ჩვენთვის დიდი პატივია. ესაა ტრადიციული გუნდი, რომელიც ვერნ კოტერის ხელში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ნებისმიერი მეტოქისთვის სახიფათოა. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა მათ წინაშე ღირსეულად წარვსდგეთ“.
გოჩა სვანიძე: „შოტლანდია ყველაზე ძლიერი მეტოქეა იმ გუნდებს შორის, რომლებსაც წელს ვეთამაშებით. თუ სხვა თამაშებში მწვრთნელებს ახალგაზრდების გამოცდის და ექსპერიმენტების საშუალება ექნებათ, აქ ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვითამაშოთ“.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია