დღეს ექსეტერში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, თუმცა ბორჯღალოსნების თავდაჯერებულობას წინ ვერაფერი აღუდგება, რადგანაც ისინი ერთი მიზნით - 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატური კვალიფიკაციის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
გუშინ, 6 ოქტომბერს ჩვენმა გუნდმა კაპიტნის ვარჯიში გამართა - ძირითადი შემადგენლობა დაცვაში იდგა და პირობითი მეტოქის შეტევის მოგერიებას ცდილობდა. მთავარი მწვრთნელის თქმით დღეს ‘სენდი პარკზე’ ნამდვილ რაგბს ვიხილავთ.
საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში აუცილებლად სჭირდება გამარჯვება და, თუ ხვალ ახალი ზელანდია ტონგას დაამარცხებს, რაც ძალიან მოსალოდნელია, ბორჯღალოსნები ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებენ და 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების საგზურს მოიპოვებენ.
მილტონ ჰეიგი:
„ბორჯღალოსნების სამატჩო შემადგენლობის თითოეული მოთამაშე საუკეთესო მორაგბეა. ნამიბიის წინაღმდეგ საბრძოლველად მთავარი ემოციების შეკავებაა. ჩვენი მოწინააღმდეგე იოლი მეტოქე ნამდვილად არ არის. მათ კარგი სტრუქტურა და შემტევი ძალა აქვთ. შერკინებაშიც საუკეთესო მოთამაშეები ჰყავთ. ასე, რომ ამ მატჩში განსაკუთრებულად უნდა გამოვამჟღავნოთ ჩვენი ხასიათი და ტემპერამენტი.“
გიორგი ნემსაძე:
"რაც მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო, ყველაზე აქტუალური თემა ტონგასთან და ნამიბიასთან მოგება იყო. ტონგას უკვე მოვუგეთ და ეს ძალიან კარგია, გვიხარია. იმედია, ნამიბიასთან მატჩის შემდეგაც გახარებულები ვიქნებით. ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული მზადება გვაქვს გავლილი და ამან უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს".
მერაბ კვირიკაშვილი:
"ნამიბიასთან მატჩის დღე, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი იყოს ქართული რაგბის ისტორიაში. ეს ისტორია ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავწეროთ, ვინც ინგლისში მსოფლიოს თასზე ვიმყოფებით.
„ნამიბიის ნაკრები არ არის ცუდი გუნდი. საკმაოდ სწრაფი მორაგბეები ჰყავთ. აუცილებლად მოსაგებად გამოვლენ, იბრძოლებენ და ჩვენც დავხვდებით. იმედია, მატჩის შედეგი ჩვენს სასარგებლოდ დაფიქსირდება"
მართალია, დღევანდელი მატჩი მსოფლიო თასისთვის მომზადებულ ყველაზე პატარა მოედანზე გაიმართება, მაგრამ ეს ბორჯღალოსნების ფინალური მატჩია და თამაშის მნიშვნელობას სტადიონის გაბარიტები ვერ შეცვლის. ბორჯღალოსნების ნაკრები ‘6 ერის’ გარეთ მყოფი ევროპის საუკეთესო გუნდია და მათ იციან, რომ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებით პირველი ეშელონის გუნდებთან საასპარეზოდ მორიგი 4 წლის განმავლობაში უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ.
2015 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების უკანასკნელი მეტოქე
ცხადია, ფარ-ხმალის დაყრას არც ნამიბიელები აპირებენ და აცხადებდნენ, რომ ერთადერთი გუნდი, რომელთანაც გამარჯვების მიღწევა შეუძლიათ, საქართველოს ნაკრებია.
როჯერ თომსონი - ნამიბიის ნაკრების დაცვის მწვრთნელი:
„დღევანდელი მატჩისთვის მზადებაში დიდი შრომა ჩავდეთ და ამ თამაშის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ. წინა კვირას ტონგას წინააღმდეგ ღირსეულად დავიცავით ჩვენი მხარე და კარგი მოლებიც ვაკეთეთ. საქართველოს წინააღმდეგაც ასე თავდადებით უნდა ვითამაშოთ და ბორჯღალოსნებს სათანადოდ უნდა დავუხვდეთ. მათ არაჩეულებრივი კაპიტანი ჰყავთ, მამუკა გორგოძესთან ერთად გუნდი მოედანზე ნამდვილად ცეცხლს დაანთებს.“
ჟაკ ბერგერი, ნამიბიის ნაკრების კაპიტანი:
"მოგვიწევს, ბევრად უფრო ჭკვიანურად გავისარჯოთ, ვიდრე ამას აქამდე ვაკეთებდით. ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამ მატჩის მოგება შეგვიძლია".
7 ოქტომბერს, 23:00 საათზე
შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ინგლისში მიმდინარე მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის უკანაკსნელი მატჩი გაიმართება, სადაც ბორჯღალოსნების ნამიბიას დაუპირისპირდებიან. პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი და SILKTV განახორციელებს.
მსოფლიო თასის მსვლელობისას, ქომაგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ აუცილებელია ბორჯღალოსნების შესახებ ახალი ამბების გაგება. შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განახლებების და მასალების (მცირე ინფორმაციული განახლებები, ფოტოები, მოკლე ვიდეოები და ვიდეო დღიურები) ქომაგებისთვის დროულად მიწოდებას. სწორედ ამ მიზნით საინფორმაციო განახლებები საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ სოც მედია პლატფორმებზე უფრო მალ-მალე და დიდი სიხშირით განთავსდება ვიდრე ჩვენს ვებ-გვერდზე. საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლატფორმები: Facebook, Twitter, Instagram, YouTube.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია