ამბები

1:49 | 5.10.2015 | ნანახია 6316 - ჯერ

მსოფლიოს გამოხმაურება “ბორჯღალოსნებს”

მიუხედავად იმისა, რომ “მილენიუმზე” გამართულ მატჩში 33 ქულის სხვაობით დამარცხებული მხარე საქართველო იყო, მილოცვები “ბორჯღალოსნებისთვის” არ წყდება. ზელანდიასთან მატჩით საქართველომ მსოფლიოს აღიარება მოიპოვა და ქართული რაგბის განვითარების მომავლის მხრივ, ბევრი კითხვაც წარმოშვა.

ხოსე-მარია ეპალზა (ესპანეთი, რაგბი ევროპის საშეჯიბრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე)

“მილენიუმის სტადიონზე, თქვენ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეთ სარაგბო სამყაროს ქართული რაგბის მაღალი ხარისხი და ქართველების დიდი გული. გილოცავთ! “ბორჯღალოსნებმა” არაჩვეულებრივად ითამაშეს. თქვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინეთ. ახლა ისღა დაგრჩათ, უკანასკნელ მატჩში ნამიბიას აჯობოთ და იაპონიის მსოფლიო თასისთვის კვალიფიკაცია მოიპოვოთ. წარმატებებს გისურვებთ, დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის”.

ჯეისონ ლეონარდი (ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტი)

“ამ მატჩზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქართველებმა არაჩვეულებრივი თამაში გვაჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშში დამარცხდნენ, ეს მათი მორალური გამარჯვება იყო“.

მორგან ბაქლი (მსოფლიო რაგბის განვითარების მენეჯერი)

“გილოცავთ კიდევ ერთ ღირსეულ გამოსვლას მიმდინარე მსოფლიო თასზე – გილოცავთ მთელს ნაკრებს და მენეჯმენტს. თქვენ დიდი პატივისცემა დაიმსახურეთ მთელი მსოფლიოსგან. წარმატებებს გისურვებთ მორიგ მატჩში“.

სტივ აბრამოვიჩი (ახალი ზელანდია)

“ძალიან მაგრად ითამაშეთ. უდიდესი ძალისხმევა იყო, ულამაზესი ლელო და დამსახურებული მატჩის საუკეთესო მოთამაშის ნომინაცია. მთელი ახალი ზელანდია ტაშს გიკრავთ. იმედი მაქვს, ძალიან მალე ისევ შედგება თქვენი შეხვედრა “ოლ ბლექსთან”.

ივ კალვი (საფრანგეთი)

“ვულოცავ “ბორჯღალოსნებს” ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართულ, შესანიშნავ თამაშს. თქვენ მოახერხეთ მათი დაბნევა თამაშის ყველა კომპონენტში. ძალიან ლამაზი და სანახაობრივი მატჩი იყო, მიუხედავად ანგარიშისა. დიდ პატივს ვცემ ყველა “ბორჯღალოსანს”. წარმატებები მომავალ თამაშზე”.

ქრის მაქტაიჰი (ინგლისი)

“ოლ ბლექსის” წინააღმდეგ თქვენი თამაშით გაოცებული ვარ. ამ მატჩის შემდეგ, ინგლისში ბევრი ემხრობა იმ აზრს, რომ თქვენ “ექვს ერში” უნდა იყოთ.”

დექს სტიუარდი (უელსი)

მილოცვა უელსელებისგან – არაჩვეულებრივი სანახაობა იყო. ტაბლოზე ასახული ანგარიში არაფერ შუაშია, როცა ქართველებმა საკუთარი ქვეყანა ასე ამაყად წარმოადგინეს”.

სტივ ვინთლი (უელსი)

“მე “ბორჯღალოსნებით” ამაყი უელსელი ვარ. გილოცავთ ამ ულამაზეს გამოსვლას. არცერთი გუნდის წინაშე არ მინახავს ახალი ზელანდია მოედანზე ასეთი დაბნეული. თითოეულმა “ბორჯღალოსანმა” დიდი სულისკვეთებით ითამაშა. დიდი მადლობა თქვენგან მონიჭებული ემოციებისთვის და ასეთი ხარისხიანი თამაშისთვის. მჯერა თქვენი მომავალი პროგრესის. თქვენ ყველამ ძალიან უნდა იამაყოთ ამ მსოფლიო თასზე მიღწეული წარმატებით, განსაკუთრებით კი, ზელანდიასთან მატჩით”.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086039