ამბები

17:49 | 3.10.2015 | ნანახია 4539 - ჯერ

“ოლ ბლექსთან” საუკეთესო ქართველია!

“ბორჯღალოსნებმა” მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მაგრად იბრძოლეს, მრისხანე მეტოქეს ბევრი არაფერი დაუთმეს და კარდიფის “მილენიუმზე” შეკრებილი 75 ათასი გულშემატკივარის ალალი ტაშიც დაიმსახურეს, “მილენიუმის” ბინადრებს კი, რაგბის ცოდნაში ბევრი ვერ გაეჯიბრება.

მთელი გუნდი, როგორც გუნდი (!), განსაკუთრებულად კარგი იყო დაცვაში და აქ ანგარიშს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველები პირველად ეთამაშნენ ახალ ზელანდიას, ვის წინააღმდეგ თამაშიც მთელი სარაგბეთის ოცნებაა და უმრავლესობამ წინასწარ იცის, რომ დიდი სხვაობით დამარცხდება, მაგრამ მათ წინაშე თამაში ყველა მორაგბის ოცნება და პატივია. და ამ გუნდთან მატჩის შემდეგ, 10:43 მარცხის შემდეგ, “მსოფლიო რაგბიმ” და არა ქართველმა სპეციალისტებმა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი მამუკა გორგოძე აღიარეს!

გორგოძისთვის ეს მეოთხე აღიარებაა მსოფლიო თასის მატჩებზე და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი მათგანია, რადგან სარაგბო გიგანტებთან შეხვედრების შემდეგ მოხდა. 2011 წლის მსოფლიო თასზე ის ინგლისთან 10:44 წაგებული შეხვედრის შემდეგ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და იმავე წელს რუმინეთთან მოგებულ ჯახშიც დაიმსახურა იგივე პრიზი. მიმდინარე მსოფლიო თასზე გორგოძე საუკეთესო გახდა ტონგასთან 17:10 მოგებულ შეხვედრაში და ახლა ახალ ზელანდიასთან, ვარსკვლავებით გადაძეძგილ “ოლ ბლექსთან”, მასზე უკეთესი არ იყვნენ არც დენ ქართერი და რიჩი მაკქოუ, არც სონი-ბილ ვილიამსი და ზე 15-ის საუკეთესო მელელოვე ვაისაკე ნაჰოლო და არც ჰეთ თრიკის ავტორი ჯულიან სავეა!

და ეს ყველაფერი სულაც არაა. მატჩის საუკეთესო მოთამაშეს სამი მორაგბიდან არჩევენ და გორგოძის გარდა, ამ სამეულში კიდევ ორი ქართველი - ლაშა ლომიძე და შალვა მამუკაშვილი მოხვდნენ. გარდა ამისა, ძალიან ძლიერად ითამაშა დავით კაჭარავამ, რომელმაც ყველაზე მეტი, 10 ბოჭვა შეასრულა ლაშა ლომიძესთან ერთად. ბოჭვებში მესამე-მეხუთე ადგილები გაიყვეს გიორგი ჩხაიძემ, ლევან დათუნაშვილმა და ლაშა მალაღურაძემ. კაჭარავამ და გორგოძემ 3-3-ჯერ გაახერხეს თერნოვერიც.

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებმა ითამაშა თავდადებულად, რაც ამ მომენტში ერთადერთი ამოცანა იყო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ და ღირსეული თამაშით მთელს სარაგბო მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ “ბორჯღალოსნებს”, ზოგადად მეორე დონის ქვეყნებად მიჩნეულ ნაკრებებს, სჭირდებათ მეტი გასაქანი იმისთვის, რომ უფრო გაიზარდონ, წინ წავიდნენ და რაგბი არ დარჩეს 10 ბობოლას და სხვა დანარჩენების თამაშად. თუ არ გაიხსნება ჩაკეტილი კარი, რაც უკვე მსოფლიოს თასის მონაწილე ფაქტობრივად ყველა გუნდმა დაიმსახურა, რაგბი ვერ განვითარდება, მოჯადოებული წრის გარღვევის შემთხვევაში კი, იქნება სწრაფი პროგრესი და ეს გაზრდის რაგბის პოპულარობას მთელს მსოფლიოში.

გასაკვირი სულაც არაა, რომ სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა ზელანდიელთა მხარეს იყო. გორგოძემ პირველსავე წუთზე დაანახა თანაგუნდელებს, როგორი თავდადებით უნდა ეთამაშა გუნდს, ჯულიან სავეას ბურთი ხელიდან გამოსტაცა, მაგრამ ის მალევე დაიკარგა, მოედნის ცენტრში მოგებული დერეფნის შემდეგ, ვაისაკე ნაჰოლოზე ბოჭვა გაცუდდა, სწრაფი მოიერიშე ვერც დამზღვევებმა შეაჩერეს და ძელებსშუა გატანილ სწრაფ ლელოს დენ ქართერის გარდასახვა მოყვა. მე-5 წუთზე თამაზ მჭედლიძემ შეცდომა გამოასწორა და ახლა ნაჰოლო ისე შებოჭა, ბურთი დააკარგვინა, ის გიორგი ბეგაძის ნადავლი გახდა, ცენტრალური ხაზი რომ გადაკვეთა პასი კაჭარავას გაუკეთა, მანაც წნეხის ქვეშ უხერხულად უპასა ბექა წიკლაურს, რომელმაც ოვალს ფეხი წაკრა და მიყვა, ფეხით კიდევ ერთხელ თამაშის შემდეგ კი, ძელებს უკან შეიჭრა.

წიკლაურს დებიუტი ჰქონდა მსოფლიოზე თასზე და სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდა, თანაც მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან დებიუტის ლელოთი აღსანიშნავად! გარდასახვიდან ლაშა მალაღურაძემ გუნდს კიდევ 2 ქულა შემატა და ანგარიში გათანაბრდა. “ოლ ბლექსმა” სწრაფად გვიპასუხა, მარცხენა ფლანგზე მეტობა შექმნა და მძლავრი ჯულიან სავეა წიკლაურმა ვერ შეაჩერა. ამჯერად ქართერის გარდასახვა არაზუსტი იყო, მე-11 წუთზე კი, ცენტრალური ხაზის სიახლოვეს მეტოქე გვიტევდა, ბოჭვის შემდეგ რაქში გორგოძე ჩავიდა, რომელიც ორმა ზელანდიელმა ვერ წააქცია, დაჯარიმდნენ და მალაღურაძემ შორიდან, რთულად გასატანი ჯარიმიდან ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა - 10:12.

შერკინებაში საქართველო მეტოქეს ჯაბნიდა, მაგრამ მე-17 წუთზე ჩვენსავე 22-ში დანიშნული ჯარიმის სანაცვლოდ “ოლ ბლექსმა” სწორედ შერკინება ირჩია. მეტოქეს შეტევის მხარე ასარჩევად ჰქონდა, რადგან შერკინება კარის წინ დაინიშნა და ასეთ დროს ზელანდიელებს პრაქტიკულად ვერავინ აჩერებს. შედეგად, სავეამ მარტივად შეასრულა დუბლი, ქართერმა კი, კვლავ ააცილა. 22-ე წუთი მიდიოდა, როდესაც ზელანდიამ იდეალურად შეასრულა ის, რაც ძალიან კარგად ეხერხება, ხელდახელ სწრაფად ბურთაობით ფლანგი ორჯერ შეცვალა, მარჯვნივ სამი შემტევი ერთი მცველის წინააღმდეგ დარჩა, მაკქოუმ ის ბოლო მცველიც მიიზიდა და ბურთი ლელოში დეინ ქოულზს შეაყოლა. გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი იყო, ზელანდიას კი, მეოთხე ლელოს გატანისთვის განკუთვნილი პრემიალური ქულა უკვე ჯიბეში ჰქონდა.

მაგრამ “ოლ ბლექსი” ის გუნდი არაა, მიღწეულით რომ დაკმაყოფილდება და იერიშებს განაგრძობდა, თუმცა, ქართველ მორაგბეებს ადაპტაცია უკვე გავლილი ჰქონდათ და გასაოცარი ბოჭვებით, ინდივიდუალურად თუ გუნდურად ძლიერი თამაშით, მეტოქე ჯერ 22-ში შეაკავეს, მერე უკან დაახევინეს, ბოლოს მეტოქის ნახევარზეც გადავიდნენ, მაგრამ დერეფანში თამაში რომ არ ვარგოდა, ამან შედეგი ვერ გამოიღო. მოკლედ, ტაიმის ბოლომდე დარჩენილმა 18-მა წუთმა უქულოდ ჩაიარა და ტაიმი 10:22 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში დიდი ბრძოლა გაჩაღდა, გორგოძემ ფეხი იტკინა ის 48-ე წუთზე კოტე მიქაუტაძემ შეცვალა, რის გამოც გიორგი ჩხაიძემ შერკინების შემკვრელად, ხოლო ლაშა ლომიძემ ფლანკერად გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ შეცვლაზე შესული ყველა მოთამაშე, ბრძოლაში მაგრად ჩაერთო. მოგვიანებით ფეხი ლევან ჩილაჩავამ იტკინა და ის ექიმის თანხლებით, კოჭლობით გავიდა მოედნიდან. იმედია, მისი და გორგოძის ტრავმები სერიოზული არ იქნება და ნამიბიის წინააღმდეგ ორივე შეძლებს თამაშს.

52-ე წუთზე მორიგი ლელო გავიდა. წიკლაურმა ნაჰოლო აუტში კი გადაიყვანა, მაგრამ რეფერიმ 5-მეტრა დერეფანის შემდეგ ბურთი ჩამოგვართვა და ზელანდიელებს თავისუფალი უბოძა. “ოლ ბლექსმა” ბურთი იქვე გაითამაშა და მესამე დარტყმით ჯერომი კაინო ძელებსშუა შევიდა. ქართერს გარდასახვა არ გაჭირვებია. შემდეგი 20 წუთი “მილენიუმზე” შეკრებილმა გულშემატკივარმა კვლავ ქართველთა გმირული დაცვა იხილა და მერე “ბორჯღალოსნები” მეტოქის ჩათვლის მოედანს 5 მეტრამდეც მიუახლოვდნენ, მაგრამ მეტოქემ მოლში კარგად ითამაშა და მეორე ლელოს გატანა არ დაგვანება, დასკვნით 8 წუთში კი, “ოლ ბლექსმა” კიდევ ორი ლელო გაიტანა. სავეამ გრძელი გადაცემა შეირგო და ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო 77-ე წუთზე მოქანცული ხაზი შეცვლაზე შესულმა მალაკაი ფეკიტოამ გაჭრა.

მამუკა გორგოძე: “მე დღეს ძალიან ამაყი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ამ თამაშით და ძალიან ბედნიერი, რადგან ახალი ზელანდიასთან გამართულ რკენაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს”.

მილტონ ჰეიგი: “ამ კვირის განმავლობაში ბიჭებს მოვუწოდებდი, რომ ეს თამაში საქართელოს სიამაყით, საკუთარი ქვეყნისთვის და ქართული რაგბის მომავლისთვის ეთამაშათ. მატჩის მსვლელობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ემოციით განვითარდა და მე ვამაყობ ჩემი ბიჭებით.

ჩვენი პრიორიტეტი ისაა, რომ სარაგბო სამყარომ ჩვენი შესაძლებლობები აღიაროს. როგორც კი ამაზე ლაპარაკის საშუალება მეძლევა ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ბიჭები იმსახურებენ “შვიდ ერში” ყოფნას. ჩვენი განვითარებისთვის ასეთი კონკურენტუნარიანი გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ეს რთულად მისაღები გადაწყვეტილებაა “ექვსი ერის” მხრიდან, მაგრამ ვფიქრობ, რაგბი გლობალური უნდა გახდეს და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარიც საბოლოოდ უნდა გაიხსნას”.

2015 წლის მსოფლიო თასი

გ ჯგუფი

2 ოქტომბერი

კარდიფი. “მილენიუმი”. 75 000 მაყურებელი

ახალი ზელანდია - საქართველო 43:10 (22:10)

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმით, 14. ვაისაკე ნაჰოლო (23. მალაკაი ფეკიტოა 53), 13. კონრად სმითი (19. ვიქთორ ვიტო 63), 12. სონი-ბილ ვილიამსი (19. ვიქთორ ვიტო 56-62), 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი (21. ტავერა ქერ-ბარლოუ 71); 1. ვაიეთ ქროქეთი (17. თონი ვუდქოქი 61), 2. დეინ ქოულზი (16. ქევენ მეალამუ 71), 3. ჩარლი ფაუმუინა (18. ოუენ ფრენქსი 61), 4. ბროდი რეთალიქი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.) (20. სემ ქეინი 61), 8. ქიარან რიდი.

არ შესულა: 22. თიჯეი პერენარა.

7 ლელო: სავეა (3), ქოულზი, ნაჰოლო, რიდი, ფეკიტოა

4 გარდასახვა: ქართერი

საქართველო: 15. ბექა წიკლაური, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. თამაზ მჭედლიძე (23. მურაზ გიორგაძე 76), 11. სანდრო თოდუა (22. მერაბ შარიქაძე 66), 10. ლაშა მალაღურაძე, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვასილ ლობჟანიძე 45); 1. კარლენ ასიეშვილი (17. მიხეილ ნარიაშვილი 51), 2. შალვა მამუკაშვილი (16. სიმონ მაისურაძე 66), 3. ლევან ჩილაჩავა (18. ანტონ ფეიქრიშვილი 51), 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე (კაპ.) (19. კოტე მიქაუტაძე 48), 8. ლაშა ლომიძე (20. ვიტო კოლელიშვილი 68).

1 ლელო: წიკლაური

1 გარდასახვა: მალაღურაძე

1 ჯარიმა: მალაღურაძე

1.

ახალი ზელანდია

3

3

0

0

127:40

14

2.

ტონგა

2

1

0

1

45:38

6

3.

არგენტინა

2

1

0

1

70:35

5

4.

საქართველო

3

1

0

2

36:107

4

5.

ნამიბია

2

0

0

2

35:93

0

4 ოქტომბერი

არგენტინა - ტონგა


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.237367