ამბები

14:21 | 2.10.2015 | ნანახია 11091 - ჯერ

ახალი ზელანდია-საქართველო

კარდიფი, 2 ოქტომბერი - ეს თარიღი ქართული რაგბის ისტორიაში სამუდამოდ ჩაიწერება, რამდენიმე საათში ბორჯღალოსნები "ოლ ბლექსის" ჰაკას სანახავად პირველად დადგებიან მოედანზე. მართალია, სენსაცია ამ თამაშში გამორიცხულია, მაგრამ კარდიფში კლასიკურ რაგბს აუცილებლად ვნახავთ. ამინდს მნიშვნელობა არ ექნება - მილენიუმი გადახურულია, ტემპერატურა 13 გრადუსია ცელსიუსით.

ახალზელანდიელი სტუმარი სელტიკ მანორში

მატჩის წინა დღეს, დილით, ჩვენმა გუნდმა თამაშამდე ბოლო ვარჯიში ნიუპორტის კოლეჯის სარაგბო მოედანზე გამართა. სადილის შემდეგ კი ჩვენს მორაგბეებს სასტუმრო ‘სელტიკ მანორში’ ახალი ზელანდიიდან სტუმარი ეწვია. ვაირარაპას რეგიონის წარმომადგენელმა ბორჯღალოსნებს ამ რეგიონის მკვიდრთა მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა.

ვაირარაპას რეგიონში, კერძოდ კი, პატარა ქალაქ მასტერტონში ბორჯღალოსნები 2011 წლის მსოფლიოს თასის მსვლელობისას, ცხრა დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ. ვერ დავიჩემებთ, რომ მასტერტონელები ახალ ზელანდიასთან მატჩში ჩვენ გვიქომაგებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ჩვენი გულშემატკივრები არიან ნებისმიერ სხვა მეტოქესთან ბრძოლაში.

საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მასტერტონელი არ არის, ის წარმოშობით ინვერქარგილელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:

"იმ ორი ჰიმნიდან, რომელიც მატჩის წინ აჟღერდება, ჩემი საქართველოს ჰიმნია".

‘ოლ ბლექსის’ მოლოდინი

მიუხედავად იმისა, რომ თამაშით მეტოქეს დიდად აღემატებიან, ზელანდიელები ლელოებს მაინც უფრთხიან, განსაკუთრებით, მათ მორკინალ მამუკა გორგოძეს - 6-5 ფუტი სიმაღლისა და 260 ფუნტი წონის მოთამაშეს. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ პირველად მსოფლიოს თასის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები მერაბ კვირიკაშვილის გარეშე ითამაშებს.

ახალზელანდიელთა 8 ნომერი ქიარან რიდი მილტონ ჰეიგის შესახებ:

„ჰეიგი ძალიან ჭკვიანი და გამჭრიახი მწვრთნელია. როდესაც ახალგაზრდულ ნაკრებში ვასპარეზობდი, ის ჩვენი დაცვის მწვრთნელი იყო. ბორჯღალოსნები ძალიან იღბლიანები არიან, რომ ასეთი მწვრთნელი ჰყავთ. ჩვენ საქართველოს ყველა მატჩს ვუყურეთ მსოფლიო თასზე და ეს ბიჭები ნამდვილად კარგად გაწვრთნილები არიან, კარგი სტრუქტურით.“

მსოფლიო თასის კურიოზებიდან...

ახალი ზელანდიის წინააღმდეგ შემადგენლობის გამოცხადებისას ერთი კურიოზიც გადაგვხდა. ქართულმა მენეჯმენტმა მსოფლიო თასის წარმომადგენლებს შემთხვევით მილტონ ჰეიგის მიერ ზედმეტსახელებით შემდგარი რაზმი გაუგზავნა.

„ქართველებისგან მოსულმა ელექტრონულმა წერილმა, ბორჯღალოსნების შემადგენლობით, ახალი ამბების სერვის-ცენტრი ცოტათი დაგვაბნია. მოთამაშეების სრული სახელების მაგივრად სიაში ‘ბინგო’(გიორგი ჩხაიძე) და ‘ჩაქუჩა’(ლევან დათუნაშვილი) დაგვხვდნენ. ‘ვანდამს’ (გიორგი აფციაური) კი უკანა ხაზში არავინ ელოდა, როგორც ჩანს ჰეიგს ამ მატჩისთვის უცნაური ჩანაფიქრი აქვს.“ - წერენ მსოფლიო თასის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137411