ამბები

22:52 | 1.10.2015 | ნანახია 2952 - ჯერ

ისტორიულ მატჩამდე 1 დღე რჩება

“ბორჯღალოსნები” ისტორიული მატჩისთვის ემზადებიან და დღეს, მსოფლიო თასის მესამე მატჩის წინ, უკანასკნელი ვარჯიშიც გამართეს. მორკინალები დიდიე ბესიმ ჯერ შერკინებაში, მერე კი დერეფანში ამეცადინა. ჰეიგი კი მაიკლ ბრედლისთან ერთად უკანახაზელებს ავარჯიშებდა.

ნაკრების ვარჯიშს ნიუპორტის სპორტული სკოლის მოსწავლეებიც დაესწრნენ, რომლებმაც მოთელვის შემდეგ, “ბორჯღალოსნებისგან” ხელმოწერებიც მიიღეს.

გუშინდელი კაპიტნის ვარჯიშის დროს “მილენიუმზე” ძირითადმა შემადგენლობამ ჯერ დაცვაზე ივარჯიშა, შემდეგ კი შეტევაში თამაშის გაშლაზე იმუშავა. ასე, რომ გუნდი ჩემპიონი მეტოქის წინაშე გამოსასვლელად ღირსეულად ემზადება.

ახალ ზელანდიელი მწვრთნელი მისი მშობლიური ნაკრების წინააღმდეგ გამოცხადებულ ქართველთა შემადგენლობაზე კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს:

„არ ვიტყოდი, რომ ახალ ზელანდიასთან სათამაშოდ მეორე შემადგენლობით გავდივართ. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ საიმისოდ, რომ ნაკრებში კონკურენცია გაგვეზარდა და, ვფიქრობ, ჩვენს გუნდში პირველი და მეორე შემადგენლობა არ არსებობს. უბრალოდ, პირველ ორ მატჩში სხვა მორაგბეებს დავეყრდენით“.

გუშინ შემადგენლობა დაასახელა ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმაც. აღსანიშნავია, რომ “ოლ ბლექსი” ჩვენს გუნდს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდება. ძირითად შემადგენლობაში არიან ახალზელანდიელთა ლიდერები: დენ კარტერი, რიჩი მაქოა, კირან რიდი, კონრად სმითი და სონი ბილ ვილიამსი.

სტივ ჰანსენი: "ეს თამაში საშუალებას გვაძლევს, გამოვცადოთ ჩვენი ძალები იმ მეტოქის წინააღმდეგ, რომელმაც განვლილ ორ მატჩში შესანიშნავი ფიზიკური კონდიციები გამოავლინა. ჩვენ საქართველოს ნაკრებზე ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი დიდი მორაგბეები და კარგი სპორტსმენები არიან, რომლებმაც ხვალინდელი თამაში “მილენიუმზე” ზეიმად შეიძლება გადააქციონ. ვიცი, რომ ჩვენს გუნდში ამ ყოველივეს მოუთმენლად ელიან”.

მიმართვა კარდიფში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს

პროექტი საქართველო-ზელანდიის მატჩზე დამსწრე ქართველი გულშემატკივრებისთვის: უელსის ერთ-ერთ ტელევიზია, კერძოდ, Boom Cymru Television in Cardiff, მსოფლიო თასის თემატიკაზე პროექტს ახორციელებს. ამ პროექტში მონაწილეობას 5 სხვადასხვა გუნდის მხარდამჭერები იღებენ. მათი მიზანი საკუთარი გუნდის სიმღერით გამხნევებაა. მსოფლიო თასის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთთან წყვილდებიან და ერთმანეთის ჰიმნებსა და ტრადიციულ სიმღერებს ასრულებენ.

საქართველო და უელსი ერთ წყვილში მოხვდა. “უელსის მხარდამჭერი მომღერალთა გუნდი” (North Wales Rugby Supporters choir) საქართველოს ჰიმნს და ქართულ ტრადიციულ სიმღერას “სულიკო”-ს უკვე სწავლობს. პროექტისთვის საჭიროა ქართველი გულშემატკივრები, რომელთა წინაშეც 2 ოქტომბერს, კარდიფში, “მილენიუმ სთედიუმის” ფან-ზონაში უელსელი მხარდამჭერები ქართულ წარმოდგენას შეასრულებენ.

კარდიფში მყოფ ქართველ გულშემატკივრებს ვთხოვთ, რომ მილენიუმის ფანზონაში 2 ოქტომბერს, პარასკევს, ინგლისის დროით 17:00 სთ-ზე შეიკრიბონ და “ბორჯღალოსნებს” უელსელებთან ერთად უგულშემატკივრონ!

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.103201