ნამიბიის ნაკრებმა, რომელთანაც “ბორჯღალოსნები” 7 ოქტომბერს გამარჯვებას გეგმავენ, ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არაა და ეს მათ ტონგასთა მატჩში დაადასტურეს.
აფრიკელებმა, რომელთაც პირველ ტურში ახალ ზელანდიასაც გაუმართეს ბრძოლა და მოლის აგორებით ლელოც გაიტანეს, დაცვაში ამჯერადაც ვერ ითამაშეს კარგად, მაგრამ მოლში თამაში რომ კარგად აქვთ ნასწავლი ტონგასთანაც დაადასტურეს და ამ ხერხით დაწყებული იერიში გუნდის კაპიტანმა ჟაკ ბერგერმა ორი ლელოთი დაასრულა. ეს ის კომპონენტია, რომლის სრულყოფილად შესწავლაც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტანს მოუწევს, სხვა მხრივ კი, ნამიბიას პლიუსი ბოლომდე ბრძოლაა.
ტონგამ ნამიბია შერკინებაში დაჯაბნა და მეტოქეს უამრავი პრობლემა შეუქმნა, მაგრამ კუნძულელებმა დაუშვეს უამრავი შეცდომა და ამის გამო მხოლოდ ხუთი ლელო გაიტანეს. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები სათამაშო დისციპლინაში ტონგაზე უკეთესი გუნდია, მაგრამ არაფრით არ შეიძლება მოდუნება და ნამიბიასთან ზედმეტად თავდაჯერებული თამაში, თორემ მეტოქე ისეთი იოლი საკბილო აღარ იქნება როგორც 8 წლის წინ (მაშინ საქართველომ მეტოქე 30:0 დაამარცხა) და აუცილებლად ეცდება მსოფლიო თასებზე მონაწილეობის ისტორიაში თავისი პირველი გამარჯვების მოპოვებას.
მთლიანობაში, ორივე გუნდმა არეული რაგბი ითამაშა და ხშირი იყო შეცდომები, მაგრამ ამას ბურთის სწრაფი გათამაშებები ახლდა და მაყურებელმაც თვალსასეირო სანახაობა და ლამაზი ლელოები იხილა. დებიუტში ტონგამ შეუტია ხელდახელ და ბურთი მეტოქის 22-ში დაკარგა, იქიდან კონტრშეტევა ნამიბიელებმა წამოიწყეს და იერიში უკეთ რომ გაეთამაშებინათ, სივრცეების გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ შეცდნენ და ბოლოს დაჯარიმდნენ. შედეგად, კუნძულელებმა ცენტრალურ ხაზზე დერეფანი მოიგეს, ტელუსა ვეაინუმ შებრუნებული გადაცემა რომ მიიღო ხაზი გაჭრა, ნახევარი მოედანი მაღალ ტემპში გადაირბინა და უკვე ლელოს ხაზთან კი შებოჭეს, მაგრამ თავი გაითავისუფლა და ლელოს მიწვდა. ეს ვიდეორეფერიმაც დაადასტურა და ვუნგაკოტო ლილომ გარდასახვა შეასრულა.
მალევე ტონგელთა შერკინები უპირატესობა მეტოქის 22-ში დანიშნულ აუტში აისახა, იქიდან თითქოს მოლი უნდა დამდგარიყო, მაგრამ მას უცაბედად ჯექ რემი მოწყდა და 20 მეტრი ისე გაიარა, გზად სამი მბოჭავი ჩამოიცილა. ამჯერად გარდასახვა არაზუსტი იყო. 12:0 მე-13 წუთზე. მერე კუნძულელები შეცდნენ და ლელოს სანტიმეტრებით გადაურჩნენ, მაგრამ მე-18 წუთზე უყურადღებო თამაში 7 ქულად მაინც დაუჯდათ. ტონგა თავისი ნახევრიდან ცდილობდა ხელდახელ შეტევას, სილა პუაფისის ბურთი დაუვარდა და ორი გადაცემის შემდეგ იოჰან ტრომპი ლელოში შეიჭრა. მანამდე კარგად ითამაშა აფრიკელთა შავკანიანმა მეორეხაზელმა ჩიუე უანივიმ, რომელმაც ორი მბოჭავი მიიზიდა და პასი ისე გაახერხა. მან სხვა სამუშაოც მრავლად გაწია და სიმაღლიდან გამომდინარე დერეფანში ბურთი უმეტესად ბურთი წორედ მასზე ვარდებოდა.
ტაიმის შუაში ლილოს ჯარიმა გაუცუდდა, რის გამოც შემდეგ ჯერზე 3 ქულაზე თამაშს ბურთის აუტში გატანა არჩიეს, ტონგელენმა ჩვეულ სტილში, დარტყმებით და ბურთის ამოგდებებით ითამაშეს და ლატიუმე ფოსიტამ ბურთი ძელებსშუა დაამიწა. ზუსტ გარდასახვას 35-ე წუთზე ლილოს ჯარიმა მოყვა, ხოლო ზედ შესვენების წინ შერკინებიდან წამოწყებულ იერიშს ვეაინუ აკრობატული ნახტომით და ლელოთი ასრულებდა, ფეხები მაღლა კარგად აწია, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთის დამიწებამდე ხელით გვერდით ხაზს შეეხო და ტაიმი 22:7 დასრულდა.
მეორე ტაიმი ტონგას იერიშებით დაიწყო და თუ პირველ ჯერზე სალელოვე შეტევა წინპასის გამო ჩაიშალა, 47-ე წუთზე ვეაინუ ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარ ნახევარზე აიღო, ხაზი სუფთად გაჭრა და კარგად ირბინა, მერე კი, ბურთი ლელოში რემის შეაყოლა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ ტონგას პრემიალური ქულა უკვე განაღდებული ჰქონდა - 27:7. ნამიბიამ სწრაფდვე უპასუხა ლელოთი, როდესაც 5-მეტრა დერეფნიდან მოლი დაძრა და ვიდეორეფერიმ აჩვენა, რომ ბერგერიმ ბურთის წვერი ლელოს ხაზს შეახო. თიენის კოცემ გარდასახვა უშეცდომოდ დაარტყა. 55-ე წუთზე დუბლის ავტორმა რემიმ ვეაინუს ვალი დაუბრუნა და გრძელი გადაცემით გარემარბსაც ლელო გაატანინა, მაგრამ ნამიბია არც ამჯერად გატყდა და 67-ე წუთზე ბერგერმა მორიგი მოლი იმავე წერტილში ლელოთი დაასრულა, კოცემ კი, გარდასახვით ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანა. აქ ნამიბიამ აღარ გარისკა, 73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა კურტ მორათიმ ჯარიმით 3 ქულა აიღო, ტონგამ 35:21 იმარჯვა და ჯერჯერობით მეორე ადგილზე აღზევდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მასსა და არგენტინას შორის 4 ოქტომბერს დიდი ბრძოლა გაიმართება.
2015 წლის მსოფლიო თასი
გ ჯგუფი
29 სექტემბერი
ექსეთერი. “სენდი პარკი”.
ტონგა - ნამიბია 35:21 (22:7)
ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. დევიდ ჰალაიფონუა, 13. სიალე პიატაუ, 12. სიონე პიუკალა, 11. ტელუსა ვეაინუ, 10. ლატიუმე ფოსიტა, 9. სონატანე ტაკულუა; 1. სოანე ტონგაჰუიჰა, 2. ალეკი ლუტუი, 3. სილა პუაფისი, 4. ჰეილ თიპოული, 5. ჯო ტუინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ჯექ რემი, 8. ვილიამი მაჰაფუ.
სათადარიგოები: 16. პაულა ნგაუამო, 17. ტევიტა მაილაუ, 18. ჰალანი ჰაულიკა, 19. ტუკულუა ლოკოტუი, 20. ოპეტი ფონუა; 21. სამისონი ფისილაუ, 22. კურტ მორათი, 23. ფეტუჰუ ვაინიკოლო.
5 ლელო: რემი (2), ვეაინუ (2), ფოსიტა
2 გარდასახვა: ლილო
2 ჯარიმა: ლილო, მორათი
ნამიბია: 15. კრეისანდერ ბოთა, 14. იოჰან ტრომპი, 13. დანი ფან ვეიკი, 12. იოჰან დეისელი, 11. რასელ ფან ვეიკი, 10. თიენის კოცე, 9. ენიელ ბუიტენდახი; 1. კასპერ ვივიე, 2. ტორსტენ ფან იარსფელდი, 3. იოჰანეს “არანოს” კუცია, 4. იანკო ფენტერი, 5. ჩიუე უანივი, 6. ჟაკ ბერგერი, 7. როან კიცჰოფი, 8. რენალდო ბოთმა.
სათადარიგოები: 16. ლუი ფდ ვესტჰეიზენი, 17. ჯონი რედლინჰეისი, 18. ეიჯეი დე კლერკი, 19. ტინუს დიუპლესი, 20. პიჯეი ფან ლილი; 21. დამიან სთივენსი, 22. დარილ დე ლა ჰარპი, 23. დევიდ ფილანდერი.
3 ლელო: ტრომპი, ბერგერი (2)
3 გარდასახვა: კოცე
1. | ახალი ზელანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 84:30 | 9 |
2. | ტონგა | 2 | 1 | 0 | 1 | 45:38 | 6 |
3. | არგენტინა | 2 | 1 | 0 | 1 | 70:35 | 5 |
4. | საქართველო | 2 | 1 | 0 | 1 | 26:64 | 4 |
5. | ნამიბია | 2 | 0 | 0 | 2 | 35:93 | 0 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია