ამბები

19:37 | 29.09.2015 | ნანახია 3547 - ჯერ

ახალი ამბები ნიუპორტიდან

ნიუპორტი, 29 სექტემბერი - გუშინ ბორჯღალოსნებმა ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყეს. გუნდი ნიუპორტში გლოსთერიდან პარასკევს ჩავიდა და ორი დღე აღდგენასა და ვიდეო ანალიზს დაუთმო. წინ ძალზე მნიშვნელოვანი მატჩია - ქართული რაგბის ისტორიაში პირველად ბორჯღალოსნები პლანეტის ყველაზე ძლიერ გუნდს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ოლ ბლექსს ერკინებიან. შეხვედრა კარდიფში, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ არენაზე - მილენიუმ სთედიუმზე გაიმართება (დასაწყისი 23:00 საქ. დროით).

მილთონ ჰეიგი ისევე, როგორც მთელი გუნდი, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას განსაკუთრებით აფასებს და მოუთმენლად ელის ‘ტესტს’ მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან.

„დარწმუნებული ვარ გარკვეულწილად ნერვიულობის ფაქტორიც იქნება, მაგრამ თავად მატჩი ბორჯღალოსნებისთვის განსაკუთრებული იქნება, რადგანაც საქართველო ახალ ზელანდიას ისტორიაში პირველად უპირისპირდება“ - ამბობს ჰეიგი.

„ამ მატჩის მთავარი მიზანი მოცემული შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებაა, რამაც ძალიან არ უნდა აგვაღელვოს, პირიქით, ეს თამაში ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. მსოფლიოს საუკეთესო გუნდს მილენიუმ სთედიუმზე შევერკინებით, ასე, რომ ამ მატჩში მოგება-წაგების გარდა უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ბევრი სხვა ფაქტორია.“

წინა მატჩის ანალიზი

ჰეიგის განცხადებით ორშაბათის ვარჯიში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, გუნდმა მისი მესამე მატჩისთვის დაიწყო მზადება, რომელიც არგენტინასტან გამართული მატჩის ანალიზის მიხედვით ჩატარდა.

„ვარჯიშის წინა ღამით არგენტინის თამაში განვიხილეთ და ცოტა ახალ ზელანდიასაც გადავხედეთ. ჩვენი მომავალი მეტოქეები მთლიან მინდორზე ახორციელებენ ძალისმიერ შეტევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ მჭიდრო დაცვა უნდა განვახორციელოთ და როდესაც შეტევის საშუალება მოგვეცემა, დარწმუნებული ვარ ამჯერად უკეთესად შევძლებთ, ვიდრე არგენტინასთან გამოგვივიდა.

„არგენტინასთან ბურთის გათამაშების კარგი შესაძლებლობებიც გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ, რადგანაც შეტევის სტრუქტურა დაირღვა. კარგი ის არის, რომ ტრავმები არ მიგვიღია და ბიჭები თავს კარგად გრძნობენ.„

ოლ ბლექსის სატურნირო რაზმში ჰეიგისთვის ნაცნობი სახეები მოხვდნენ, რომლებსაც იგი ზელანდიაში ასაკობრივ ნაკრებებში წვრთნიდა.

„გუნდში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ახალ ზელანდიაში ვწვრთნიდი, მათ მწვრთნელებსაც კარგად ვიცნობ. ეს მატჩი ჩვენთვის ‘ტესტი’ იქნება, რომელსაც ისეთი გუნდის წინააღმდეგ გავმართავთ, რომელმაც რაგბი ‘ძალიან კარგად’ იცის.“

ისტორია დაიწერება

არავისთვის საიდუმლო არ არის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი თითოეული ბორჯღალოსანისთვის. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაშზე ქართველი მორაგბეების არაერთ თაობას უოცნებია ალბათ და ბევრს ვერც წარმოეგინა ეს დღე თუ როდესმე დადგებოდა.

„ოლ ბლექსთან თამაში ისეთი შანსია, რომელიც შესაძლოა ბევრ მორაგბეს კარიერაში მხოლოდ ერთხელ მიეცეს. შეშინებულები ნამდვილად არ ვართ და მატჩს მხნედ და მოტივირებულად ვხვდებით, თუმცა ფაქტია, რომ რაგბის უდიდეს ვარკვლავებს ვეთამაშებით, შესაბამისად ვიცით და მზად ვართ მოედანზე დიდი ძალისხმევის დასახარჯად.“

ტულონისა და ბორჯღალოსანთა ბურჯის თქმით ამ კვირის ვარჯიშები ძირითადად შერკინებასა და დერეფანს დაეთმობა, რათა სტატიკურ მდგომარეობებში ბურთის დაკარგვის შესაძლებლობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

„ბურთის მოპოვებისა და შენარჩუნების არც-ერთი შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან. მხოლოდ ასე შევძლებთ შეტევას. გასაკუთრებული ყურადღება დერეფნებსა და შერკინებას დაეთმობა.“

დაძმობილებული ქალაქები

ბორჯღალოსნებმა ტურნირის პირველი ორი კვირა ბრისთოლში, თბილისთან დაძმობილებულ ქალაქში გაატარეს, ხოლო ნიუპორტი, სადაც ჩვენი გუნდი მესამე ტურისთვის დაბინავდა, ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქია. გუშინ, როდესაც ნაკრები ვარჯიშებს შორის ისვენებდა, სამი ქუთაისელი ბორჯღალოსანი გიორგი ნემსაძე, მიხეილ ნარიაშვილი და გიორგი ფრუიძე ნიუპორტის მერმა ჰერბი თომასმა მიიწვია.

„ვინაიდან ქუთაისი ჩვენი დაძმობილებული ქალაქია, საქართველოს ნაკრების თამაშებს არ ვაცდენთ და ტელევიზიით თვალს ვადევნებთ, ვგულშემატკივრობთ. მოხარული ვარ, რომ ქუთაისელი მორაგბეები დღეს ჩვენთან სტუმრად იმყოფებიან. ეს დღე არასდროს დაგვავიწყდება და სამუდამოდ შევა ჩვენი ქალაქის ისტორიაში. ‘მილენიუმი’ 75 ათას ქომაგს იტევს. ვიცი, რომ ახალი ზელანდიიდან ხუთი ათასამდე ქომაგია ჩამოსული. გარწმუნებთ, დანარჩენი 70 ათასი საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრებს.“ განაცხადა ჰერბი თომასმა.

გუშინ ბორჯღალოსნებს ‘ავტოგრაფების’ დღე ჰქონდათ (Rugby World Cup 2015 Memorabilia). ტრადიციულად მსოფლიო თასებზე, მონაწილე გუნდების ყველა მოთამაშე კვართებს ხელს აწერენ. შემდეგ კვართები სხვა და სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებზე გამოიყენება.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.141369