„რაგბი ჩვენი თამაშია“ - ეს ამბიციური სლოგანი თავის თავში აერთიანებს: ლელობურთის ტრადიციას (რის გამოც ეს ინგლისური თამაში უფრო მეტად ახლობელია ჩვენთვის) და ძირითადად, 90-იანი წლებიდან დაწყებულ დამოუკიდებელი ქართული რაგბის ისტორიას, რომელმაც თავის თავში გააერთიანა ქართველების დადებითი თვისებები: ერთმანეთის გატანა, თავდადება, ბოლომდე ბრძოლა და იქცა ისეთ სპორტის სახეობად, რომლის თამაშიც ყველაზე კარგად გამოგვდის.
მარტო ბრძოლა და თავდადება საქმეს ვერ უშველის, თუ მას გეგმაზომიერი, რაციონალურად გათვლილი შრომა არ დაეხმარა. რაგბის კავშირი საქართველოში მოქმედი ერთადერთი სპორტული ფედერაციაა, რომელიც მწირი ფინანსებით, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ბოლო წლებში შედეგების გაუმჯობესებაც აშკარაა: 18-წლამდელთა ევროფინალი (უკანჩამოტოვებული ირლანდია და იტალია), ახალგაზრდული ნაკრების მიერ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის „ტროფის“ (მეორე დონის ტურნირი) მოგება და 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა, ბოლოს კი წარმტებების დაგვირგვინება - უკანასკნელ მსოფლიო თასზე ეროვნული ნაკრების მიერ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება და იაპონიაში გასამართ მსოფლიოს პირველობაზე მოსახვედრი საგზურის ავტომატურად განაღდება.
მსოფლიო თასის შემდეგ პრესტიჟულობით მეორე ტურნირია 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ივნისში ინგლისში გაიმართება და იქ საქართველოს ნაკრების მეტოქეები: ახალი ზელანდია, ირლანდია და უელსი იქნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბოლო ადგილის დაკავების შემთხვევაშიც ვრჩებით უძლიერესთა შორის (რადგან 2017 წელს ამ ტურნირის მასპინძელი საქართველოა), ჩვენი მიზანი მინიმუმ ერთი თამაშის მოგებაა. ამ მაღალი მიზნის მიღწევას კი სრულფასოვნად მომზადება და ძლიერი სპარინგ პარტნიორები სჭირდება.
შემოდგომაზე მათი ნაწილის ვინაობაც გადაწყდა: არგენტინისა და ურუგვაის ახალგაზრდული ნაკრებები, რომელთა წინააღმდეგაც „უმსცროსმა ბორჯღალოსნებმა“ 20 თებერვლისა და 4 მარტის ინტერვალში ოთხი შეხვედრა გამართეს.
24 საათიანი დამქანცველი მგზავრობის შემდეგ გუნდი 16 თებერვალს ზამთრის სეზონიდან ზაფხულში, შესუსტებული შემადგენლობით ჩამოფრინდა. სხვადასხვა მიზეზით ნაკრებს 7-8, ძირითადად ფრანგული კლუბების ესპუარებში მოთამაშე ლიდერები აკლდნენ.
20 თებერვალს პირველი მატჩი ლა-პლატაში, კლუბ „სან ლუისის“ არენაზე გაიმართა და დანარჩენ სამ თამაშს თუ შევადარებთ, ამ მატჩში სათამაშო ხარისხი ყველაზე კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ 17:36 დავმარცხდით, ანგარიში არ ასახავდა თამაშის მიმდინარეობას. დაცვაში გუნდი მთლიანობაში ნორმალურად იდგა, რამდენიმე ეპიზოდში ბიჭებმა განსაკუთრებით აგრესიულად დაიცვეს თავი, თუმცა სწრაფი არგენტინელი უკანახაზელები კარგად იყენებდნენ ჩვენს შეცდომებს, განსაკუთრებით ფეხით სუსტად თამაშისას, მაღალ ტემპში გვიტევდნენ და განსაკუთრებით მეორე ტაიმში, ხაზსაც გვიჭრიდნენ. ჩვენი შერკინების კარგი თამაში დიდი ხანია აღარავის უკვირს, მაგრამ სასიამოვნო იყო, რომ არგენტინის დონის გუნდს ამ კომპონენტში არათუ არაფერი დავუთმეთ, მცირედით ვაჯობეთ კიდეც. ჩვენ აუტებსაც კარგად ვაგდებდით და ვიგებდით.
თამაშის ბოლოს მეტოქიან-მაყურებლიანად ყველამ აღნიშნა ჩვენი კარგი თამაში და მზაობა 6 ერის გათამაშებისათვის.
24 თებერვლისათვის გასამართი მეორე მატჩისათვის გუნდი ოპტიმისტურად იყო განწყობილი, მაგრამ ამინდმა სერიოზულად დაგვაზარალა. წინა დღეს სამწვრთნელო შტაბმა 35 გრადუსიანი სიცხის გამო გააუქმა 15:30 წუთზე დანიშნული კაპიტნის ვარჯიში, რათა გუნდის ძალები დაეზოგა, თუმცა მეორე დღეს, იმავე დროისათვის, „ინდუს“ სტადიონზე ტემპერატურა 37 გრადუსს უჩვენებდა. თხოვნის მიუხედავად, მასპინძლებმა დრო არ შეცვალეს და მატჩი აუტანელ ხვატსა და ნესტში დაიწყო. დაიწყო ცუდად, რადგან მეორე წუთზე დაშავდა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, ფულბექი ირაკლი სვანიძე. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭები ძლივს სუნთქვადნენ და მოძრაობა უჭირდათ, პირველ ტაიმში შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ (ლელოც დადეს), მაგრამ მეორე ნახევარში სწრაფმა და ტექნიკურმა არგენტინელებმა თავისი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 49:11 დააფიქსირეს. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით: ძალიან ცუდი იყო აუტი, არ ვარგოდა ფეხით თამაში და ვერც რაქში ვივარგეთ. მატჩის ბოლოს სიცხის გამო რატი შანიძეს ექიმის დახმარებაც დასჭირდა. ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასეთ მძიმე კლიმატურ პირობებში არასდროს უთამაშიათ. თუმცა აღსანიშნავია, რომ სამწვრთნელო შტაბმა მარცხის მიზეზად სათამაშო კომპონენტებში დაშვებული ხარვეზები და შეცდომები დაასახელა.
თამაშებს შორის არსებულ მცირე შუალედში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ „უმცროსი ბორჯღალოსნები“, არგენტინის რაგბის კავშირის პრეზიდენტი კარლოს არაუხო, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნიკოლას ფერნანდეს ლობე (ხუან მარტინის ძმა) და „პუმიტასის“ მოთამაშეები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ ფონს, რომელსაც რაგბი ქმნის საქართველოსა და არგენტინის ურთიერთობაში, დიდი მადლობა გადაუხადა ნაკრებს ჩამოსვლისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი სახის სტუმრობა სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
მიღებაზე მოწვეული იყო საელჩოს მეგობარი ორგანიზაცია Rugby Inclusivo, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს აერთიანებს და რაგბის დახმარებით ცდილობს საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას. თბილ და მოსიყვარულე ბავშვებს, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩვენზე, საჩუქრად გადაეცათ საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გამოგზავნილი მაისურები.
ტურნეს ბოლო მატჩი 4 მარტს შედგა (მესამე თამაშს არ დავსწრებივარ და მხოლოდ ტვიტერიდან და გადმოცემით ვიცი რა ხდებოდა) მონტევიდეოდან 80 კმ-ით დაშორებულ სტადიონზე (მთავარი სარაგბო არენა ურუგვაის ეროვნულ ნაკრებს ქონდა დაკავებული, რომელიც აშშ-ს დასახვედრად ემზადებოდა).
მიუხედავად იმისა, რომ ტურნე მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ და 22:11 მოვიგეთ, (რეალურად 22-6, რადგან მასპინძელთა ერთადერთი ლელოს ავტორი ურუგვაელი მსაჯი იყო, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში განსაკუთრებით „აქტიურობდა“) თამაშში ბევრი წუნი იყო (აუტი, უკანა ხაზის სუსტი თამაში, არასწორი გადაწყვეტილებები). ასეთი თამაშით უკეთესი კლასის გუნდთან გაგვიჭირდებოდა მოგება. თამაშის მიმდინარეობისას არასასაიმოვნო ინციდენტს - ჯგუფურ ჩხუბსაც ჰქონდა ადგილი, რომლის შემდეგაც მსაჯმა ორივე გუნდის მოთამაშეს ყვითელი ბარათი უჩვენა.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - თამაშს ურუგვაის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, „ანდების სასწაულის“ ერთ-ერთი მონაწილე კარლოს სერბინოც ესწრებოდა.
ორი სიტყვა მინდა ვთქვა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის იმ წევრებზე, რომლებიც სათამაშო კომპონენტებზე აგებენ პასუხს (მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე, მწვრთნელები ლადო კილასონია და ზურაბ ამონაშვილი). სასიამოვნო იყო ამ ადამიანების (ისევე როგორც მთელი სტაფის) საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და მუშაობა მორაგბეებთან.
15 წუთით მომიწია ვიდეო ანალიზზე დასწრება და ძალიან გამახარა თამაშის პლუს-მინუსებზე მუშაობის ინტერაქციულმა, აზროვნებაზე ორიენტირებულმა მეთოდმა, რომელშიც მთელი გუნდი იყო ჩართული. რამდენიმეწუთიანმა ვიდეო ანალიზმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპი, რომ რაგბის თამაშს მხოლოდ ძალა სჭირდება, უბრალოდ სისულელეა. რაც უნდა ფიზიკურად ძლიერად იყოს გუნდი მომზდებული, თუ მორაგბეები არ აზროვნებენ მოედანზე და სწორი კომუნიკიაცია არ აქვთ ერთმანეთთან, წარმატებას ვერ მიაღწევენ, მით უმეტეს, მაღალ დონეზე.
იმედია, რომ 4-მატჩიანი სამხრეთამერიკული ტურნე, რომლის ძირითადი მიზანიც ახალბედა მოთამაშეთა გამოცდა და ხარვეზების აღმოჩენა/გამოსწორა იყო, დაეხმარება ნაკრებს უკეთესად მოემზადოს ისეთი მაღალი დონის ტურნირისთვის, როგორიც 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატია.
გოგი გაფრინდაშვილი სპეციალურად worldrugby.ge-სთვის არგენტინიდან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია