ამბები

21:37 | 28.09.2015 | ნანახია 2822 - ჯერ

სამოყვარულო ლიგის სტარტი

ორიოდე დღის წინ რაგბიში სამოყვარულო ლიგამ აიღო სტარტი. სამოყვარულო ლიგის გათამაშება მეოთხედ ტარდება და მასში 8 გუნდი მონაწილეობს: “დევები”, “უსახელოური”, “ხალიბები”, თსუ, “მარბიელი”, სამხატვრო აკადემია, ბათუმის “მეკობრეები” და “მისიონერები”. სასტარტო შეხვედრაში, რომელიც დიდ დიღომში ვისოლის რაგბის მოედანზე გაიმართა, “მისიონერებმა” 40:0 მოუგეს “ხალიბებს”. “მისიონერების” გუნდი 7 თვის წინ ჩამოყალიბდა და მასში ვეტერანი მორაგბეები თამაშობენ. ბევრ მათგანს თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებში უთამაშია. “მისიონერებმა” ივლისის თვეში დევიზით “არა ომს, ვითამაშოთ რაგბი”, უკრაინაში პირველ საერთაშორისო ამახანაგურ მატჩში ლვოველ “ჭაღარა ლომებს” აჯობეს. მისიონერებს მომავალში საინტერესო გეგმები აქვთ, რომლის შესახებაც გუნდის კაპიტანი, წარსულში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი და კლუბ “ლელოს” კაპიტანი ბუკა კობეშავიძე მოგვითხრობს.

ბუკა კობეშავიძე: “სასიამოვნოა, რომ ჩვენი ბიჭები რეგულარულ ვარჯიშს დაუბრუნდნენ და სამოყვარულო ლიგის გათამაშებაშიც ჩავებით. ჩვენი დევიზია არა ომს, ვითამაშოთ რაგბი. უახლოეს პერიოდში საინტერესო გეგმები გვაქვს. შაბათს თელავში სოციალურად დაუცველ ერთ-ერთ ოჯახს რთველში დავეხმარებით, ოქტომბრის ბოლოს კი რაგბის პოპულარიზაციის მიზნით გურიას ვეწვევით და ოზურგეთში მოზარდებს მასტერკლასს ჩავუტარებთ და იქვე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში პატარებს მცირე საჩუქრებს ჩავუტანთ და მათთან ერთად რაგბს ვითამაშებთ”.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.165475