ნიუპორტი, 28 სექტემბერი - შაბათს გლოსთერში არგენტინასთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები კარდიფთან ახლოს, ნიუპორტში დაბინავდნენ, სადაც ‘ც’ ჯგუფის მესამე მატჩისთვის გააგრძელებენ მზადებას.
არგენტინასთან გამართული დრამატული მატჩი, რომელშიც ბორჯღალოსნები სამწუხაროდ დამარცხდნენ, წინა სტატიაში ვრცლად მიმოვიხილეთ, სადაც ნამატჩევს კომენტარები მილთონ ჰეიგმა, მერაბ კვირიკაშვილმა, ვიქტორ კოლელიშვილმა და დავით ზირაქაშვილმა გააკეთეს (არგენტინა-საქართველოს მატჩის მიმოხილვა), ხოლო ვიდრე გუნდი გლოსთერს დატოვებდა განვლილ მატჩზე მამუკა გორგოძემ და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ გააკეთეს კომენტარი:
მამუკა გორგოძე: „არგენტინა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და რომ მოიგებდა, ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარებოდა, მაგრამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ საქართველო მართლა მოსაგებად გავიდა მოედანზე.
„ძალიან სამწუხაროა, ასეთი ანგარიშით რომ წავაგეთ და გული ამაზე მწყდება, მაგრამ ნუ დაგავივიწყდება, რა მიზანი გვაქვს ამ მსოფლიო თასზე. ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა ორი მატჩის მოგება, ჩვენ კი, რა მიზანიც გვაქვს დასახული - მიზანი მაქსიმუმი, ისევ იმ გზაზე ვდგავართ.“
გიორგი ნიჟარაძე: „მშვენიერი პირველი ტაიმის შემდეგ მაშინ როდესაც მამუკა გორგოძე გააძევეს მოედნიდან, ათი წუთის განმავლობაში 20 ქულა მივეცით მეტოქეს და გუნდი ალბათ გატყდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშეთ. ძალიან საწყენია, ძალიან მტკივნეულია ეს მარცხი, მაგრამ ეს არის რეალობა.
„ახლა უნდა დავივიწყოთ ყველაფერი. ვფიქრობ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრებთან მწვრთნელები შემადგენლობას გადაახალისებენ და ნამიბიისთვის სრული კონცეტრაციით მოვამზადებით, რათა შევასრულოთ ის ამოცანა რისთვისაც აქ ჩამოვედით - მოვიგოთ ორი თამაში და მომდევნო მსოფლიოს თასზე ვითამაშოთ კვალიფიკაციის გარეშე. იქ კი დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევს."
ზელანდიისთვის სამზადისი დაიწყო
2 ოქტომბერს, მიმდინარე მსოლფიო თასის გათამაშებაში, ბორჯღალოსნები მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ, ახალ ზელანდიას, სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ, ‘მილენიუმ სთედიუმზე’ ერკინებიან. მატჩი საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება.
პარასკევს მგაზვრობის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა გუნდი ორი დღით დაასვენა და ეს პერიოდი აღდგენასა და ვიდეო-ანალიზს დაუთმეს.
„არგენტინისშემდეგ აღდგენას ორი სრული დღე დავუთმეთ და ვარჯიშს დღეიდან ვანახლებთ. ცხადია ოლ ბლექსთან მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის და განსაკუთრებით მოთამაშეებისთვის, რადგან პირველად ვხვდებით მსოფლიოში საუკეთესო გუნდს.“ ნიუპორტში ჩასვლისას განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
ბიჭები ფორმაში არიან და საბედნიეროდ ბოლო მატჩისას ტრავმა არავის მიუღია. „ჯერ ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და ტრავმებიც არავის აქვს და იმედით ვუყურებთ ამ თამაშს.“ განაცხადა დავით კაჭარავამ. „ნებისმიერი მოთამაშისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის დიდი პატივია და ოცნება იყო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ თამაში. რათქმაუნდა ჯერ არავინ ვიცით ოლ ბლექსთან როგორი შემადგენლობა დასახელდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა მოხარული იქნება.
„ალბათ კარგი თამაში გამოვა. ვეცდებით სანახაობრივად, ხელით ვითამაშოთ და შევუტიოთ, რადგან ზელანდიას, რომ ბურთი მისცე დაცვა ბევრად რთული იქნება მათ წინააღმდეგ.“
ამრიგად წინ უფრო რთული თამაშია ვიდრე პარასკევს არგენტინის წინააღმდეგ. იმაზე საუბარი თუ როგორი გუნდია ოლ ბლექსი, ალბათ ზედმეტია, თუმცა საინტერესოა თუ რას ფიქრობენ ახალ ზელანდიელები ბორჯღალოსნებთან მომავალ მატჩზე:
ქრუსეიდერსის მეორე ხაზელმა, სემ ვაითლოქმა განაცხადა: „ვერ ვიტყოდი, რომ მათ კარგად ვიცნობ. ვიცი, რომ დერეფნებიდან მოწოლა უყვართ და ბერი ასეთი ლელოც დაუდიათ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თამაში შესაბამისად ავაწყოთ. ჯობია ამაზე მატჩის შემდეგ ვისაუბროთ.“
„არც თუ ბერვი მასალი მოიპოვება მათზე, მაგრამ რაც ვნახეთ შემიძლია ვთქვა, რომ ღონიერი მორკინალები ყავთ და რათქმაუნდა მაგრად დაგვიდგებიან შერკინებაში. მე ძალიან მიყვარს ასეთი თამაში და ამ მატჩის მოლოდინში ვარ.“ განაცხადა ოლ ბლექსისა და ზე 15-ის ‘ბულზის’ ვეტერანმა კვაჭმა ქევინ მეალამუმ.
ქრუსეიდერსის ბურჯმა, ვაიეთ ქროქეთმა კი განაცხადა: „საქართველოსნაირი გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენთვის. ყველა გუნდს სხვებისგან გამანსხვავებელი ძალა აქვს და ქართველები ძლიერი და ღონიერი მოთამაშეებით გამოირჩევიან. ვუყურე თამაშს არგენტინის წინააღმდეგ და მინდა გითხრათ, რომ მეტოქეს დიდ ჯაფად დაუჯდა გამარჯვება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მატჩი, რომელიც შერკინების გამოცდის უნიკალური შესაძლებლობა იქნება.“
მოთამაშის ჩანაცვლება
როგორც მოგეხსენებათ, მუხლის ტრავმის გამო ბურჯი დავით ქუბრიაშვილი პირველი ორი შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბს იმდე ჰქინდა, რომ იგი მსოფლიოზე თამაშს შეძლებდა, რადგან რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობდა. მაგრამ საბოლოო მაგნიტურ რეზონანსური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას სრული რეაბილიტაციისთვის დამატებით 3 კვირა დასჭირდება.
აქედან გამომდინარე, სამწვრთნელო შტაბმა მიიღო დავით ქუბრიაშვილის ჩანაცვლების გადაწყვეტილება დ ამის ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილი გამოიძახეს.
„სამწუხაროდ მუხლის ტრავმის გამო, რომელიც მან ფალკონზთან საკონტროლო მატჩზე მიიღო, იძულებული ვართ დავით ქუბრიაშვილი ჩავანაცვლოდ. საბოლოო მაგნიტო-რეზონანსულმა სკანირებამ გამოავლინა, რომ რეაბილიტაცია დიდხანს გასტანს და სამწუხაროდ იგი ვეღარ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო თასზე. მის ნაცვლად ანტონ ფეიქრიშვილს ვუხმეთ, რომელიც გუნდს ნიუპორტში შაბათს შეუერთდა.“ განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
26 სექტემბერი ანტი დოპინგის დღე
შაბათი, 26 სექტემემბერი ‘მსოფლიო რაგბმა’ ‘რაგბი დოპინგის გარეშეს’ დღედ გამოაცხადა. სარაგბო სამყარო უკვე დიდი ხანია ჩართულია კამპანიაში ‘Keep Rugby Clean’ და დიდ ყურადღებას აქცევს დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლას. მსოფლიო თასზე დოპინგის საწინააღმდეგო დღის აღსანიშნავად, ყველა მონაწილე ნაკრების მოთამაშეებს სპეციალური მაისურები ეცვათ.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია