ტესტ-მატჩები

19:06 | 23.03.2016 | ნანახია 1240 - ჯერ

"ბორჯღალოსანთა" ისტორიული ტესტები ოკეანეთში
მსოფლიო რაგბმა ივნისის კალენდარი ოფიციალურად დაადასტურა

წარმატებული მსოფლიო თასის შემდეგ არ შეწყვეტილა საუბარი იმის, შესახებ, რომ ბორჯღალოსნებს უწყვეტი განვითარებისთვის ესაჭიროებათ მეტი ტესტის გამართვა ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, იქნება ეს მეორე თუ პირველი დონის ნაკრებებთან. აქამდე თუ ტესტ სერიას საქართველოს ნაკრები მხოლოდ შემოდგომობით თამაშობდა, წელს ზაფხულის სერიაშიც მივიღებთ მონაწილეონას.


ივნისში ოკეანეთისკენ

დღეს მსოფლიო რაგბმა ოფიციალურად დაადასტურა ივნისის კალენდარი, რომლის მიხედვითაც წლევანდელი ზაფხულის ტესტ სერიისას სამოას, ფიჯისა და ტონგას გასვლაზე, ოკეანეთში ვეთამაშებით. პირველად ბორჯღალოსნები სამოას ესტუმრებიან და მანუს 11 ივნისს ერკინებიან. შემდეგი ორი მატჩისთვის კი ფიჯიზე გადავალთ, სადაც 18 ივნისს ტონგას, ხოლო 25 ივნისს მასპინძელ ფიჯის ვეთამაშებით. ამ ეტაპზე მატჩის დროები და სტადიონები დგინდება.

წინა რკენები

ქართული რაგბის ისტორიის განმავლობაში, ბორჯღალოსნებს სამივე მეტოქესთან უთამაშიათ. ბოლოს ტონგას სულ ახლახანს, 2015 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ და მათი და შემდგომ ნამიბიის დამარცხებით 2019 წლის მსოფლიო თასზე შესარჩევის გარეშე გავედით. სულ ტონგელებთან ოთხჯერ ვირაგბეთ - პირველად კუნძულელებს შინ 1999 წელს, მსოფლიოს რეპეშაჟისას ვესტუმრეთ. მატჩი მასპინძლელთა გამარჯვებით 37:6 დასრულდა. იმავე წელს განმეორებით შეხვედრაში ტონგა დინამოზე მივიღეთ და 28:27 გავიმარჯვეთ, თუმცა უკეთესი სხვაობით სახლში მოგების გამო, მაშინდელ მსოფლიოზე ტონგა გავიდა. მესამედ ‘ზღვის არწივებს’ 2014 წლის ნოემბრის ტესტებზე მესხზე ვეთამაშეთ - აქაც სტუმრებმა გვძლიეს (23:9), თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში მეტოქე მსოფლიო თასზე დავამარცხეთ. ამრიგად ჩვენსა და ტონგას შორის 2-2 მოგებით ანგარიში საყაიმოა.

სამოას ბორჯღალოსნები სულ ორჯერ ერაგბნენ. პირველად 2003 წელს ავსტრალიაში, ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, სადაც მეტოქემ 46:9 გვაჯობა. მეორე რკენა ათი წლის შემდეგ, 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას თბილისში შედგა, როდესაც მანუ სამოა 16:15 დავამარცხეთ.

რაც შეეხება მფრინავ ფიჯელებს - მსოფლიოში საუცხოო მოშვიდკაცეებად ცნობილებს ჯერ მხოლოდ ერთხელ , 2012 წლის 24 ნოემბერს თბილისში ვეთამაშეთ. მატჩი სტუმრების გამარჯვებით 24:19 დასრულდა.

ამრიგად ზაფხულში ბევრი რაგბი გველის - ბორჯღალოსნები ოკეანეთში იბურთავებენ, რის გამოც მსოფლიო რაგბის თბილისის თასი აღარ გაიმართება. იმავდროულად უმცროსი ბორჯღალოსნები, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად ითამაშებენ 20-წლამდელთა მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.11568