ამბები

19:32 | 23.09.2015 | ნანახია 2222 - ჯერ

თავდადებული ბრძოლისა და შრომის შედეგად

ბრისთოლი, 23 სექტემბერი - მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების მეორე, უფრო რთულ მატჩამდე 48 საათზე ოდნავ მეტი რჩება. დღეს, მოგვიანებით, ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ნაკრების სამატჩო რაზმს დაასახელებს, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდსა და სოც-მედიაში დაიდება.

ახლა ბორჯღალოსნები ბრისთოლში ვარჯიშობენ. საღამოს ვარჯიშის შემდეგ კი გუნდი კვლავ ჩეთლნემში, გლოსთერთან ახლოს დაბინავდება და პარასკევს პუმების წინააღმდეგ გასამართი მატჩისათვის მზადებას ადგილზე გააგრძელებს.

წინ ძალიან რთული რკენაა, თუმცა პირველი გამარჯვების შემდეგ ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო შეემატათ და როგორც ყოველთვის საბრძოლველად მზად არიან. შაბათს ტონგასთან გამარჯვება, რომ ერთ-ერთი უდიდესი იყო ქართული რაგბის ისტორიაში, ამაზე უკვე ძალიან ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ ქომაგებისთვის ალბათ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ მოხდა ამ გამარჯვების გამოჭედვა.

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

„ბორჯღალოსნებმა თავისზე ძლიერ მეტოქეს მოუგეს. კონკრეტულად ამ თამაშისთვის უზარმაზარი სამუშაო იყო ჩატარებული. ტონგასთან მატჩისთვის მზადება წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ. მაშინ დეტალურად იყო გაწერილი პროგრამის ყველა ნიუანსი. თავდადებული ბრძოლის და შრომის შედეგად ჩვენ შევძელით ძლიერი გუნდის დამარცხება. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები. ეს არის ის, რისთვისაც ვშრომობთ, ვიბრძვით, - გავახაროთ ქომაგები და არა მარტო ისინი. ეს არის ჩვენი მორაგბეების რამდენიმე თაობის ძალისხმევის შედეგი.“

რის ხარჯზე მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა ეს გამარჯვება?

„ერთადერთი სწორი სტრატეგია იყო გაუვალი დაცვა. მაქსიმალურად სუფთად, ჯარიმების გარეშე თამაში, სტატიკურ მდგომარეობებში უპირატესობის მოპოვება. მატჩის ბოლო წუთები უმძიმესი იყო ჩვენი გუნდისთვის. სწორედ ამ დროს გამოჩნდა, რომ აქცენტი მსოფლიოს თასისთვის მზადებისას ფიზ-მომზადების ამაღლებაზე სწორად იყო გაკეთებული. მსგავს თამაშში ორი წლის წინათ აუცილებლად წავაგებდით. ამჯერად კი, კარგი ფიზიკური მომზადების ხარჯზე, თავგანწირვით, ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარულით ბიჭებმა შეძლეს სასურველი ანგარიშის შენარჩუნება.

„უნდა ავღნიშნო ასევე კარგი მსაჯობა. პირველად ვნახე, როცა არბიტრმა ჩვენი თამაში არ გააფუჭა, არ დაგვჩაგრა. ნაიჯელ ოუენსი მართლაც საუკეთესოა დღეს მსოფლიოში. ცალკე ხაზგასმის ღირსნი არიან გულშემატკივრები. ასეთი ქომაგობა არასდროს მინახავს. ემოციურად ის შეიძლება ტრაბზონში რუსეთთან გამართულ მატჩს შეადარო. თუმცა, ტრაბზონი იქვე, ახლოსაა. აქ კი შორს, ინგლისში შესანიშნავი საზოგადოება შეიკრიბა. მათ ბრწყინვალე ატმოსფერო შექმნეს ქალაქის ქუჩებში როგორც მატჩის წინ, ისევე თამაშის მსვლელობისას. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც საქართველოში იყო და გულმხურვალედ გვქომაგობდა. ჩვენმა ბიჭებმა ნამდვილად იგრძნეს, რომსამშობლო მათთან არის.

„არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო მამუკა გორგოძის კაპიტნობა. როგორ ამხნევებდა, წინ მიუძღოდა ბრძოლაში ბიჭებს. მან და თითოეულმა მორაგბემ შესანიშნავად ითამაშეს. ხუმრობა ხომ არ არის, სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა. ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა.“

ჩვენი შემდეგი მეტოქეს ქართველი მორაგბეები კარგად იცნობენ...

„არგენტინის ნაკრები ტონგაზე ძლიერი გუნდია. ‘პუმებმა’ შესანიშნავად ითამაშეს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ. თუმცა ტონგასთან გამარჯვების შემდეგ ბიჭები მოტივირებულნი არიან. იაპონიამ რაც გააკეთა, ეს მათ კიდევ დამატებით სტიმულს აძლევს.

„ამასთან ერთად, ჩენი გუნდი კარგად იცნობს არგენტინის ნაკრებს, გვაქვს მათთან თამაშის გამოცდილება. ასე, რომ ეს თამაში როგორ დამთავრდება არავინ იცის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს, რომ დიდი რაგბის თამაში შეგვიძლია.“

რა გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს გამარჯვებას ტონგასთან?

„თამაში ის იყო დამთავრდა, პირველმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა ბერნარდ ლაპასემდამირეკა და მომილოცა. გამოხმაურება ძალიან დიდია, კარგი პრესა გვაქვს. ქუჩაშიც, საქართველოს ფორმით, რომ დავდივარ, მაჩერებენ, მეკითხებიან, მილოცავენ. გულწრფელად უხარიათ.

„ჩვენი და იაპონიის გამარჯვებამ მოიტანა იმის აუცილებლობა, რომ მსოფლიო რაგბში დამყარებული ამჟამინდელი ‘წესრიგი’ უნდა შეიცვალოს. უნდა დასრულდეს ეს ‘ჩაბეტონებული’ სიტუაცია, როცა ჩვენნაირ გუნდებს წინსვლის საშუალება არ ეძლევა იმის გამო, რომ მაღალი დონის გუნდებთან თამაში არ უწევთ. საქართველოს ნაკრებმა წელიწადში 12-13 მატჩი უნდა გამართოს ძლიერ მეტოქეებთან.

„უნდა ვუგულშემატკივროთ რუმინეთს, იაპონიას, აშშ-ს და სხვა ასეთ გუნდებს. რაც უფრო წარმატებით გამოვლენ ისინი ჩვენთან ერთად, მით უფრო მძლავრად შეირყევა არსებული სისტემა. ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ აქ მსოფლიო თასის ბოლომდე ვრჩები. ამ დროს ჩემს კოლეგებთან ერთად გამოვიყენებ პოლიტიკისთვის, რათა მივაღწიოთ ცვლილებების დაწყებას მსოფლიო რაგბში."

ბესიკ ჯანგავაძის მომზადებული ინტერვიუს მიხედვით

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082756