19 სექტემბრის მატჩის შემდგომ, სამწვრთნელო შტაბმა აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმო დრო და მორაგბეები მომავალი მეტოქეების თამაშს უყურებდნენ. ორ დღეში ნაკრები იბრძოლებს არგენტინელ პუმებთან, რომელმაც წელს მსოფლიომდე სამხრეთ აფრიკას სძლია.
ბორჯღალოსნები და პუმები ერთმანეთს სამჯერ შეებნენ- ორჯერ 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე, ერთხელ- 2013 წელს სან ხუანში. სამივე შეხვედრაში გამარჯვება პუმებმა მოიპოვეს. ამას გარდა, სამჯერ ვითამაშეთ „იაგუარებად" წოდებულ არგენტინის „ა" ნაკრებთან, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 2009 წლის ნოემბერში 24:22 მოვიგეთ, ხოლო 2011 წელს ბუქარესტში და თბილისის თასზე ავჭალაში სამხრეთამერიკელებმა გაიმარჯვეს.
ბორჯღალოსნები 25 სექტემბრის მატჩისათვის ემზადებიან. ნაკრებს ბრისთოლის სპორტულ აკადემიის მოედანსა და დარბაზში ორი ვარჯიში ჩაუტარდათ. ბორჯღალოსანთა ფლანკერის, ვიქტორ კოლელიშვილის განცხადებით, მწვრთნელები ტონგასთან ნაჩვენებ შეცდომებზე მუშობენ და არგენტინასთან უფრო მომზადებული იქნებიან ბიჭები. მისი თქმით, ტონგას დამარცხება მომავალი თამაშისთვის დიდ სტიმულს იძლევა და ორი მოსაგები მატჩიდან ყველაზე რთული ბიჭებმა გამარჯვებით გამოიარეს.
მამუკა გორგოძე მომავალ მატჩს აფასებს: „რა თქმა უნდა, პირველმა მოგებამ გუნდს თავდაჯერებულობა შემატა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არგენტინა დიდი გუნდია, რომელსაც ბევრი გამოცდილი და ძალიან კარგი მორაგბე ჰყავს. მთელ გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს რამდენიმე კომპონენტზე სამუშაო გვაქვს".
შეგახსენებთ, რომ C ჯგუფის მეორე შეხვედრას ბორჯღალოსნები არგენტინელი პუმების წინააღმდეგ კვლავ "ქინგსჰოლმზე" გამართავენ 25 სექტემბერს 19:45 საათზე . მატჩს პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
ფოტო: თამარ ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია