ამბები

23:41 | 21.09.2015 | ნანახია 4459 - ჯერ

არგენტინამდე 4 დღე რჩება

შაბათის მატჩის შემდეგ, გუშინდელი დღე სამწვრთნელო შტაბმა აღდგენასა და ვიდეოანალიზს დაუთმო. ბიჭები სასტუმროში მომავალი მეტოქეების, არგენტინისა და ახალი ზელანდიის მატჩს უყურებდნენ.

ოთხ დღეში ჩვენი ნაკრებს ბევრად უფრო ძლიერ და გამოცდილ მოტოქესთან, არგენტინელ “პუმებთან” მოუწევს შერკინება. გუნდთან, რომელიც “რაგბი ჩემფიონშიფში” (ასევე ცნობილია, როგორც 4 ერის თასი) ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ავსტრალიასთან მუდმივი ტესტებით, ბევრად უფრო განვითარდა და საგრძნობლად გაძლიერდა. არგენტინამ წელს მსოფლიომდე სამხრეთ აფრიკას სძლია, ხოლო შარშან, შინ “ვოლაბებიც” დაამარცხა. გუშინ კი ისე ერკინა “ოლბლექს’, რომ ამ უკანასკნელმა ბონუსის აღება ვერ მოახერხა.

ამრიგად, არგენტინა ძალზე ძლიერი მეტოქეა. აქამდე ბორჯღალოსნები და პუმები სამჯერ, შეებნენ ერთმანეთს - ორჯერ 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე და ერთხელაც 2013 წელს სან ხუანში, როდესაც არგენტინის რაგბის კავშირმა მიგვიპატიჟა ივნისის ტესტ სერიისას სათამაშოდ. სამივე შემთხვევაში გამარჯვება პუმებს დარჩათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო მატჩით ქულათა შორის სხვაობა მცირდება. ასევე სამჯერ გვითამაშია “იაგუარებად” წოდებულ არგენტინის “ა” ნაკრებთან, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 2009 წლის ნოემბერში 24:22 გავიმარჯვეთ, ხოლო 2011 წელს ბუქარესტში და შარშან თბილისის თასზე ავჭალაში, მოგება სამხრეთამერიკელებს დარჩათ.

პარასკევის მატჩისათვის მზადებას ბორჯღალოსნები დღეს დილიდან შეუდგნენ. ბრისთოლის სპორტული აკადემიის უკვე “მშობლიურ” მოედანზე და სპორტულ დარბაზში ჩვენ ნაკრებს დღეს ორი ვარჯიში ჰქონდა. ბორჯღალოსანთა ფლანკერმა, ვიქტორ კოლელიშვილმა, რომელმაც შაბათს ტონგასთან 22 ბოჭვა განახორციელა, განაცხადა:

„მწვრთნელები იმაზე მუშაობენ, რომ შეტევაში ტონგასთან ნაჩვენები წუნი გამოვასწოროთ და არგენტინასთან ბევრად უფრო მომზადებულები გავიდეთ. რა თქმა უნდა, ტონგას დამარცხება ძალიან კარგი იყო და მომავალი მატჩისთვის დიდ მუხტს გვაძლევს, მაგრამ საქმე ჯერ არ დაგვიმთავრებია და მიზნისთვის ჯერ არ მიგვიღწევია. მიუხედავად იმისა, რომ ორი მოსაგები მატჩიდან სამართლიანად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთულში უკვე გავიმარჯვეთ“.

მამუკა გორგოძე მომავალ მატჩს აფასებს: „რა თქმა უნდა, პირველმა მოგებამ გუნდს თავდაჯერებულობა შემატა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ არგენტინა დიდი გუნდია, რომელსაც ბევრი გამოცდილი და ძალიან კარგი მორაგბე ჰყავს. არის რამდენიმე კომპონენტი რაზეც მთელ გუნდსა და სამწვრთნელო შტაბს სამუშაო გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ “ც” ჯგუფის მეორე შეხვედრას ბორჯღალოსნები არგენტინელი პუმების წინააღმდეგ კვლავ “ქინგსჰოლმზე” გამართავენ და ის 25 სექტემბერს 19:45 საათზე დაიწყება. ამ მატჩს, ისევე, როგორც მსოფლიო თასის დანარჩენ მატჩებს, პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.

წუხელ, დასვენების დღეს თამაზ მჭედლიძე, ვასილ ლობჟანიძე, გიორგი აფციაური, მილთონ ჰეიგი და ბორჯღალოსნების ფიზ-მომზადების მწვრთნელი ქელვინ მორისი ბროსთოლის ბავშვთა სამეფო საავადმყოფოს ესტუმრნენ.

„ბავშვების დიდი სურვილი იყო მათ ვსტუმრებოდით და რა თქმა უნდა, პირველივე შესაძლებლობაზე მათ ვესტუმრეთ. სამწუხაროდ ბევრ მათთაგანს, 5-დან 15-წლამდე ბავშვებს სიმსივნე აქვთ და გვიხარია, რომ ჩვენი სტუმრობით ისინი ცოტათი მაინც გავახარეთ. ბევრი ფოტოები გადავიღეთ და სასიამოვნო გარემოში გავატარეთ საღამო“, - განაცხადა მილთონ ჰეიგმა.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085386