ამბები

21:14 | 21.09.2015 | ნანახია 7053 - ჯერ

ქართველი მორაგბეები: „1981 წლის 13 მაისის შემდეგ პირველად...“

ცნობილმა ტელეკომპანია ESPN-მა ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ტონგასთან. როგორც იცით, „ბორჯღალოსნებმა“ დიდი სიხარული მოგვანიჭეს და მსოფლიოს თასზე 17:10 დაამარცხეს მძლავრი მეტოქე.

ისაუბრეს მატჩის გმირმა მამუკა გორგოძემ, გიორგი ნემსაძემ და სხვებმა.

მამუკა გორგოძე: „თბილისში დავრეკე მშობლებთან და მეგობრებთან. მითხრეს, რომ მთელი ქალაქი ზეიმობდა. თბილისში მილიონზე მეტი მაცხოვრებელია, ისმოდა მანქანების სიგნალები, ბევრნი ქუჩაში საქართველოს დროშას აფრიალებდნენ, ღვინოს სვამდნენ და ასე გამოხატავდნენ ემოციებს. ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ეს საქართველოს უდიდესი მიღწევაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც რაგბი ვითარდება და ამიტომაც გვახარებს ეს წარმატება. აი, რატომ ვიყავით ასეთი ბედნიერები“.

გორგოძემ აღნიშნა, რომ 2013 წელს თბილისში ტესტ-მატჩი მოუგეს სამოას, მაგრამ მსოფლიოს თასზე ტონგას დარ ძლიერ გუნდთან არასოდეს მოუგიათ და ეს სხვა ხიბლი იყო.

„ჩემთვის ეს დაუვიწყარი მატჩია“.

გიორგი ნემსაძე: „1981 წელს თბილისის „დინამომ“ ფეხბურთში თასების თასი მოიგო. ყველაამბობს, რომ ეს უდიდესი სპორტული სიხარული იყო ქვეყნის ისტორიაში. ახლაც, ტონგასთან მოგების შემდეგ, ბევრმა მითხრა, რომ მას შემდეგ ასეთი ზეიმი არ ყოფილა სპორტში მოგების გამო. ყველა ჩვენზე ლაპარაკობს, ყველას ვუყვარვართ და ეს დიდ ძალას გვმატებს. გასახდელში ემოციებისგან დავიცალეთ, საოცარი ატმოსფერო სუფევდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი ვივარჯიშეთ, მსოფლიოს თასზე ორ მოგებას ვგეგმავდით, ტონგასთან და ნამიბიასთან. ახლა უკვე არგენტინის დამარცხებაზეც ვფიქრობთ. რატომაც არა? ყველაფერი ხდება. ჩვენ მოსაგებად გავალთ მინდორზე“.

მამუკა გორგოძე: „მწვრთნელებმა ერთი დღით სრული თავისუფლება მოგვცეს. ბრისტოლში გავისეირნეთ. ცოტა დავლიეთ კიდეც, მაგრამ ზედმეტი არაფერი. არგენტინასთან მატჩს ველოდებით და შესაძლოა, 25 სექტემბერი კიდევ უფრო დიდი დღე იყოს ჩვენთვის“.

ვიტო კოლელიშვილი: „განსაკუთრებულად არ აღგვინიშნავს ეს გამარჯვება. მხოლოდ ლუდი მცირე დოზით. ქალაქში გავისეირნეთ, დღეიდან კი ისევ მზადება და მზადება“.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082255