საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა გლოსთერში 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა. “ბორჯღალოსნებმა” ტონგა 17:10 დაამარცხეს და ისტორიულ შედეგთან ახლოს არიან.
19 სექტემბრის მატჩში მნიშვნელოვანი ფაქტები დაფიქსირდა. ვასილ ლობჟანიძე გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე. “არმაზის” მოტამაშე 18 წლის და 340 დღის გახლდათ. BBC-მ აღნიშნა, რომ ვასილის ბავშვური გარეგნობის მიუხედავად, მას დიდებული მომავალი ელის.
BBC-მ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ 2007 წელს საქართველო ახლოს იყო სანუკვარ შედეგთან (მესამე ადგილი ჯგუფში), თუმცა ირლანდიასთან მარცხმა (10:14) გუნდს ოცნება მოპარა.
გასულ მატჩში ქართველთა 213 ბოჭვიდან 27 მამუკა გორგოძემ მიითვალა და საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. “გორგოძილამ”, როგორც მას რაგბის სამყარო უწოდებს, სამჯერ მეტი ბოჭვა შეასრულა, ვიდრე ტონგელთა მხრიდან საუკეთესო ნილი ლატუმ.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატებზე სტატისტიკა გაიუმჯობესა. “ბორჯღალოსნებმა” 2007 წელს ნამიბიასთან მოგებული მატჩის შემდეგ, უკვე მეორედ შეძლეს ერთ შეხვედრაში ორი ლელოს დადება.
ფეტუუ ვაინიკოლო ტონგის ისტორიაში ყველაზე მეტი ლელოს ავტორი გახდა. საქართველოსთან მატჩში მან ლელო მიითვალა და ეს მისთვის რიგით მე-15 აღმოჩნდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია