ამბები

17:09 | 19.09.2015 | ნანახია 10069 - ჯერ

მოვიგეთ!

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში ტონგა 17:10 დაამარცხა!

ესაა ისტორიული გამარჯვება საქართველოს ნაკრებისთვის, რადგან გაცხადებული მიზნისკენ - მსოფლიო თასზე ორი თამაშის მოგებისკენ, პირველი, დიდი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი უკვე გადაიდგა.

საწყის 15 წუთში “ბორჯღალოსნები” არეულად თამაშობდნენ, გაუშვეს ჯარიმა, მერაბ კვირიკაშვილს კი, 100%-იანი ჯარიმა გაუფუჭდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და კვირიკაშვილმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 28-ე წუთზე მამუკა გორგოძემ ლელო ძელებსშუა გაიტანა და გარდასახვაც ზუსტი იყო - 10:3.

მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი საქართველოს ნაკრებმა საუკეთესოდ ჩაატარა, მეტოქე თავის ნახევარზე გამოკეტა და მართალია კვირიკაშვილს კიდევ ერთი ჯარიმა გაუცუდდა, მაგრამ ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა გიორგი თხილაიშვილმა ლელოში ასახა და ამჯერად კვირიკაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახვა უნაკლოდ შეასრულა.

ამის შემდეგ დაიწყო უხანგრძლივესი 20 წუთი, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა საოცარი თავდადებით წითელ ზოლში შეაკავეს მეტოქის მიძალებები. 72-ე წუთზე ტონგამ მაინც შეძლო ერთი ლელოს გაქვითა და სამწუხაროდ, რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო. ამას ისიც დაემატა, რომ რეფერიმ დამახსოვრებული ჯარიმა არ გვაპატია და კვირიკაშვილი სინბინში გაუშვა. კაცნაკლულმა ქართველებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ლაშა მალაღურაძეს ის 3 ქულად რომ ექცია, ბოლო წუთების ნერვიულობა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა. დარტყმა არაზუსტი იყო, თუმცა “ბორჯღალოსნებმა” ამჯერად ხელუხლებლად შეინახეს საკუთარი ჩათვლის მოედანი და მთელს ქვეყანას, ერს, კიდევ ერთი უზომო სიხარული მიუძღვნეს!

ახლა რამდენიმე დღით დასვენება და 25 სექტემბერია, როდესაც საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლისათვის არგენტინის ნაკრებს შეერკინება.

2015 წლის მსოფლიო თასი. გ ჯგუფი

გლოსთერი. “ქინგსჰოლმ სთედიუმი”.

საქართველო - ტონგა 17:10 (10:3) VIDEO

ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. ბილიამ ჰელუ, 12. სიალე პიატაუ, 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორატი, 9. სონატანე ტაკულუა; 1. ტევიტა მაილაუ, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი აულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. სიტივენი მაფი, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ, 8. ვილიამი მაჰაფუ.

სათადარიგოები: 16. პოლ ნგაუამო, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. ჰეილ თი პოული, 20. ჯეკ რემი, 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. სიონე პიუკალა.

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი; 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

2 ლელო: გორგოძე, თხილაიშვილი

2 გარდასახვა: კვირიკაშვილი

1 ჯარიმა: კვირიკაშვილი

1 სინბინი: კვირიკაშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.073692