ამბები

9:55 | 19.09.2015 | ნანახია 7911 - ჯერ

უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრები 19 სექტემბერს, 15 საათზე, არა მხოლოდ 2015 წლის მსოფლიო თასის, არამედ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს.

განვლილი ოთხი წელი “ბორჯღალოსნები” იმისთვის ემზადებოდნენ, რომ მსოფლიო თასზე ზედიზედ მეოთხე გამოჩენა აქამდე არნახული წარმატებით აღნიშნონ და ინგლისში ორი შეხვედრის მოგებით, რაც ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების წინაპირობას იძლევა, 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასის საგზური დაიბევონ. სამიზნედ პირველი (ტონგასთან) და ბოლო (ნამიბია) შეხვედრაა აღებული, მათგან უფრო მძიმე მატჩი პირველია და ახლა სწორედ ამ ჯახის დრო დადგა.

აქამდე საქართველოს ტონგასთან სამჯერ უთამაშია. პირველი ნაცნობობა 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე შედგა. მაშინ საქართველოში რაგბი წარმატებების გზაზე ახალი შემდგარი იყო და ნუკუალოფაში რის ვაი-ვაგლახით ჩასული გუნდი 6:37 დამარცხდა, თბილისში კი მინიმალური გამარჯვება “ბორჯღალოსნებს” დარჩათ (28:27) და ორი მატჩის ჯამში უმაღლეს სარაგბო ფორუმზე ტონგა გაემგზავრა. მესამე შეხვედრა შარშან, თბილისში შედგა, კუნძულელებმა პრაქტიკულად მთელი თამაში დაცვაში მოთამაშე ქართველები დასკვნით 15 წუთში გატეხეს და 23:9 იმარჯვეს. მაგრამ მაშინ “ბორჯღალოსნებმა” ორი ლიდერი - მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი მოისაკლისეს და მეტოქემაც ქართველთა შეტევითი პოტენციალიდან ხვალინდელი თამაშისთვის ვერაფერი მოინიშნა.

რას წარმოადგენს ტონგა

ტონგაში რაგბი ნაციონალურ სპორტის სახეობადაა მიჩნეული და”მსოფლიო რაგბიმ” ასეთი დამოკიდებულება იმით დაუფასა, რომ მეორე დონის სარაგბო ქვეყნად მიიჩნია და დაფინანსებაც შესაბამისი დაუნიშნა. კუნძულებზე რაგბი ინგლისელმა მეზღვაურებმა და მისიონერებმა შეიტანეს, თუმცა, თავიდან მარტო ჩასულები თამაშობდნენ, ადგილობრივებმა კი, ბურთაობა XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს და საკუთარი რაგბის კავშირი 1923 წელს დაარსეს.

ნაკრებმა პირველი შეხვედრა 1924 წელს, მეზობელ ფიჯისთან გამართა და 9:6 იმარჯვა, განმეორებითში 3:14 დამარცხდა, მესამე მატჩი კი, რაგბისათვის უჩვეულო ანგარიშით, ფრედ 0:0 დასრულდა.

1924 წლიდან 1938 წლამდე, ტონგა და ფიჯი ერთმანეთთან მუდმივად, წელიწადში სამ შეხვედრას ატარებდნენ. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ამ ქვეყნებს შორის მუდამ მძიმე მატჩები იმართებოდა და ამტკიცებენ, რომ ტონგასა და ფიჯის შორის ცოტა ხნის წინანდელმა ომმა, რაგბის მოედანზე გადაინაცვლა. 1938 წლიდან მოყოლებული 1954 წლამდე ტონგას ნაკრებს აღარ უთამაშია, მერე კი, ფიჯის გარდა სამოასთანაც დაიწყო თამაში.

ტონგა ახალი ზელანდიის ნაკრებს 1969 წელს ეთამაშა, შემდეგი ტესტი კი, ოთხი წლის შემდეგღა გამართა და ავსტრალიასთან სიდნეიში 12:30 დამარცხდა. მომავალ წელს ტონგამ უელსში მოაწყო ტურნე და 7:26 დამარცხდა. მთლიანობაში, ბრიტანეთში ტონგამ უელსის რეგიონის ნაკრებებთან კიდევ 8 შეხვედრა გამართა და აქედან მხოლოდ ერთში იმარჯვა - აღმოსავლეთ უელსის ნაკრები 18:13 დაამარცხა, მერე კი შოტლანდიის ნაკრებსაც გაიჯიბრა და იქაც მარცხი იწვნია - 8:44. მიუხედავად ამ ტურნესი, 1986 წლამდე ტონგა ევროპისთვის ნაკლებად ცნობილ გუნდად რჩებოდა, მერე კი, უელსმა ტონგაში, ფიჯიში და სამოაში ტურნე თავად მოაწყო და წყნარი ოკენის რაგბი ევროპისთვისაც ცნობადი გახდა.

უელსი ტონგას შეხვედრა იმით გამოირჩა, რომ შეხვედრაში დიდი, დაუნდობელი ჩხუბი ატყდა. თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც უელსელ ფლანგელ მარკ ბრაუნს ერთბაშად სამი ტონგელი ეუხეშა, ამან ევროპელები გააღიზიანა და მოედანზე გუნდური ჩხუბი გაჩაღდა. შემდგომში, მწერალმა რობერტ ჯონსმა ეს ჩხუბი საკუთარ წიგნში ასე დაახასიათა - “ეს იყო ყველაზე ცუდი ჩხუბი, რომელიც რაგბის თამაშებისას მინახავს”. ტონგას ნაკრები უელსის ნაკრების მორაგბე ჯონათან დავისმა ასე დაახასიათა - “ტონგა ყველაზე ბინძური გუნდია, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია”.

ტონგა “მსოფლიო რაგბის” გარდა, წყნარი ოკეანის რაგბის კავშირშიცაა გაწევრიანებული. მართალია ამ ქვეყანაში რაგბი ცხოვრების წესია, მაგრამ საერთო ჯამში რეგისტრირებულ მოთამაშეთა რიცხვი არც ისე დიდია - 6891 (მოსახლეობა 104 ათასია) და მათი უმრავლესობა ახალგაზრდებზე მოდის. რაგბი პოპულარულია სკოლებში, კოლეჯებში და სტუდენტებში. სწორედ ტონგას კოლეჯებში დაიწყეს თამაში ახალ ზელანდიელმა, ავსტრალიელმა და იაპონელმა მორაგბეებმა ჯონა ლომუმ, ტოუტაი კეფუმ, ფინაუ მაკამ, ჩარლზ რიჩელმანმა, ჯორჯ სმიტმა და სხვებმა. უნდა ითქვას, რომ ტონგას ნაკრების მორაგბეები, უცხოურ კლუბებში თამაშობენ და საკუთარ ქვეყანაში იმდენ ფულს აგზავნიან, რომ ეს მაჩვენებელი მეორე ადგილზეა შაქრის ექსპორტის შემდეგ.

1987 წელს ტონგა ახალი ზელანდიის მსოფლიოს თასზე მიიწვიეს და იქ საუკეთესო შედეგი იმ უელსის ნაკრებთან ჰქონდა, რომელთანაც ერთი წლით ადრე საკუთარ ქვეყანაში გუნდური ჩხუბი გამართა. ერთი წლის წინანდელი შეხვედრა ევროპელებს კარგად ახსოვდათ და შებოჭილმა გუნდმა, საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოამჟღავნა. გარდა ამისა, უელსს რამდენიმე წამყვანი მოთამაშეც დააკლდა, მაგრამ მიუხედავად ცუდი თამაშისა უელსმა 29:16 მაინც იმარჯვა. ტონგა დანარჩენ ორი შეხვედრაშიც დამარცხდა - ირლანდიასთან 9:32, კანადასთან კი 4:37 (მაშინ ლელო 4 ქულად ფასობდა).

ტონგამ 1991 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა, თუმცა 1995 წლის მსოფლიოს თასზე ფიჯის ჯობნით გავიდა და იქ თავისი პირველი გამარჯვებაც მოიპოვა. თავიდან ტონგა საფრანგეთთან 10:38, ხოლო შოტლანდიასთან 5:41 დამარცხდა და ბოლო შეხვედრაში კოტ დივუარს 29:11 სძლია. კოტ დივუართან გამართული მატჩი ტრაგედიით აღინიშნა - კოტ დივუარელი მორაგბე მარკ ბრიტო ისე დაშავდა, რომ სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდის სკამს მიეჯაჭვა.

ტონგამ 1999 წლის მსოფლიოს თასზეც ერთი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც იტალიის ნაკრები დაამარცხა (28:25, დამარცხდა ახალ ზელანდიასთან 9:45 და ინგლისთან 10:101), მაგრამ ამავე წელს უფრო მნიშვნელოვან წარმატებას საკუთარ დედაქალაქ ნუკუალოფაში გამართულ ტესტზე მიაღწია - საფრანგეთი 20:16 დაამარცხა. ამ წარმატებების ფონზე მოულოდნელი გამოდგა 2000 წელს ახალ ზელანდიასთან გამართული შეხვედრა, ტონგამ 15 ლელო გაუშვა და 0:102 დამარცხდა, რითაც საკუთარი ანტირეკორდი გაიფორმა.

ტონგას 2003 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე ძლიერ გაუჭირდა, ფიჯისგან და სამოასგან ორ-ორი მარცხი იწვნია, ჯგუფში მესამე საფეხურზე ჩარჩა და რეპეშაჟში გადაინაცვლა. იქ ჯერ ახალი გვინეა დაამარცხა 47:14 და 84:12, მერე კი სამხრეთ კორეას შეხვდა და პირწმინდად დაჩაგრა - გასვლაზე 75:0, შინ კი 119:0 გაანადგურა და საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით იმარჯვა. სამაგიეროდ მსოფლიოს თასზე ვეღარ ივარგა, მართალია ძველ მეტოქე უელსს ეომა, მაგრამ მაინც დამარცხდა - 20:27, დანარჩენი თამაშებში კი, პრაქტიკულად უშანსოდ დარჩა - ახალ ზელანდიასთან 7:91, იტალიასთან 12:36 და კანადასთან 7:24.

2007 წელს ტონგა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფიჯისთან და სამოასთან ორ-ორჯერ დამარცხდა, მაგრამ იქ რეპეშაჟის გავლით მაინც მოხვდა და სამოაზე ჯავრი იყარა. პირველ შეხვედრაში ტონგელებმა აშშ 25:15 დაამარცხეს, მერე კი, სამოას 19:15 სძლიეს. ამ მოგებამ კუნძულელებს ფრთები შეასხა და ისინი მეოთხედფინალის საგზურისთვის სამხრეთ აფრიკას ეკვეთნენ, მაგრამ ძალები აღარ ეყოთ და ხუთი ქულით - 25:30 დამარცხდნენ, მერე კი, ინგლისსაც ეომნენ, მაგრამ 20:36 წააგეს. შედეგად, ტონგამ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა და 2011 წლის მსოფლიო თასის საგზური ოთხი წლით ადრე დაიბევა.

გასულ მსოფლიო თასზე ტონგელებმა სენსაცია გამოაცხეს, მაგრამ არასტაბილური გუნდი რომაა, ვერც ამჯერად გადალახა ჯგუფური ეტაპი. ახალ ზელანდიასთან გახსნით მატჩში 10:41 მარცხის შემდეგ, მათ კანადასთან 20:25 წააგეს. შემდეგ მატჩში “ზღვის არწივებმა” იაპონიას 31:18 სძლიას, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში სენსაცია გამოაცხეს და მომავალ ფინალისტ საფრანგეთს 19:14 სძლიეს! ამით მათ ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე დაასრულეს და ინგლისში თამაშის უფლება ვადაზე ადრე მოიპოვეს, ახლა კი, ტრადიციის დარღვევაზე და ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრობენ.

2006 წლიდან ტონგას ნაკრები წყნარი ოკეანის თასზეც რეგულარულად თამაშობს, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერცერთხელ მიაღწია (2011 წელს დაიკავა მე-2 ადგილი, მას შემდეგ ოთხჯერ კი, მესამე იყო), ისევე, როგორც ევროპული ტურნეების დროს. გამონაკლისი 2012 წელიწადია, როდესაც აბერდინში შოტლანდია 21:15 დაამარცხა.

ეს გუნდი, ისევე, როგორც ოკეანეთის სხვა წარმომადგენლები, ყველა შეხვედრის წინ საბრძოლო ცეკვა Sipi Tau-ს ასრულებს, რომელიც Kailao-ს სახეცვლილი ვარიანტია. ტონგას ნაკრებს ზედმეტსახელად IKALE TAHE ეწოდება, რაც ქართულად “ზღვის არწივებს” ნიშნავს და მისი ფორმის ფერი წითელი და თეთრია. ტონგამ ბოლო დროს რამდენიმე შეხვედრა მოიგო და ამან მსოფლიო რეიტინგში მისი მნიშვნელოვანი წინსვლა განაპირობა. ის 75,69 სარეიტინგო ქულით მე-11 ადგილს იკავებს. მთლიანობაში, ნაკრების ანგარიშზე 245 შეხვედრაში 91 მოგება, 6 ფრე და 148 მარცხია. ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 41 შეხვედრა ელისი ვინიპოლას აქვს ჩატარებული, საუკეთესო მექულე (317) პიერ ჰოლაა, ხოლო საუკეთესო მელელოვე ჯოშ ტაუმალოლო (14).

ვინ როგორ ხვდება ხვალინდელ თამაშს

ტონგასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო სამი მორაგბე დააკლდება. მგეზავმა ლაშა ხმალაძემ და გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ ტრავმები ვერ მოიშუშეს და განაცხადს მიღმა ამის გამო დარჩნენ. ვარჯიშისას მცირე დაზიანება მიიღო ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა და ისიც განაცხადს მიღმაა. აღსანიშნავია, რომ სამივე ამ მოთამაშემ შარშან ნოემბერში, ტონგასთან 9:23 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა - ხმალაძე და ქუბრიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო თოდუა შეცვლაზე შევიდა.

10 თვის წინანდელი მატჩისგან განსხვავებით, მსოფლიო თასზე “ზღვის არწივების” წინააღმდეგ თამაშს იწყებენ კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე (შალვა მამუკაშვილის ნაცვლად), ბურჯი დავით ზირაქაშვილი (ქუბრიაშვილის ნაცვლად) და მამუკა გორგოძე (გიორგი ჩხაიძის ნაცვლად) მაშინ ტრავმირებულები იყვნენ. შერკინების მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ამჯერად გიორგი ნემსაძე შუწყვილდება, ხოლო ლევან დათუნაშვილი თადარიგშია. გარემარბად აწ უკვე ნაკრებიდან წასული ირაკლი მაჩხანელის ნაცვლად, თამაშს გიორგი აფციაური იწყებს. მთლიანად შეიცვალა ღერძი - ტრავმირებულ ხმალაძეს ლაშა მალაღურაძე შეცვლის, ხოლო გიორგი ბეგაძის ადგილს ვასილ ლობჟანიძე დაიკავებს და გახდება ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც მსოფლიო თასზე ოდესმე უთამაშია. ის შაბათს 18 დღის და 340 დღის იქნება და 33 დღით გააუმჯობესებს წინა მაჩვენებელს, რომელიც 2007 წლის მსოფლიო თასზე ამერიკელ მორაგბე თრეთონ პალამოს ეკუთვნოდა.

ბოლო საკონტროლო მატჩთან შედარებით, რომელიც “ბორჯღალოსნებმა” 5 სექტემბერს იაპონიასთან გამართეს, სასტარტო შემადგენლობაში ორი მოთამაშე შეიცვალა - შალვა სუთიაშვილი გიორგი თხილაიშვილმა, ხოლო მურაზ გიორგაძე თაზო მჭედლიძემ ჩაანაცვლა. ორივე მორაგბემ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. ჯამში, სასტარტო შემადგენლობის 15 მორაგბის კეპების რაოდენობა 617-ია, ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი კი, საქართველოს ერთა თასზე რუმინეთთან 15:6 მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა - 637.

ტონგამ მსოფლიო თასის წინა, ბოლო საკონტროლო შეხვედრა 5 სექტემბერს ბუქარესტში, რუმინეთთან გამართა და 21:16 იმარჯვა. სასტარტო 15-ეულში, იმ შეხვედრასთან შედარებით ექვსი ცვლილებაა. თუ გარემარბი ფეტუჰუ ვაინიკოლო ამ მსოფლიო თასზე (იმედია ეს საქართველოსთან არ მოხდება) ლელოს გაიტანს, ის გახდება “ზღვის არწივების” საუკეთესო მელელოვე. ამჟამად მის ანგარიშზე ჯოშ ტაუმალოლოს დარად 14 ლელოა. ფულბეკად სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა ვუნგაკოტო ლილო და ტელუსა ვეაინუმ გარემარბად გადაინაცვლა. რუმინეთთან მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა შერკინების შემკვრელი ვილიამი მაჰაფუ, ხოლო სიონე კალამაფონიმ ფლანკერად გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ის “გლოსთერის” მორაგბეა და ნაცნობი გულშემატკივრის წინაშე ითამაშებს.

იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ოთხი წლის წინ მსოფლიო თასზე საფრანგეთი 19:14 დაამარცხა, საქართველოს წინააღმდეგ თამაშს ხუთი იწყებს: ელვის ტაიონე, ტევიტა მაილაუ, სიტივენი მაფი, სონატანე ტაკულუა და ტელუსა ვეაინუ. აქედან სამი შერკინების მოთამაშეა, ერთი შერკინების ნახევარმცველი და ერთიც გარემარბი. 15-იდან 10-მა მორაგბემ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შარშან ნოემბერში, თბილისში მოგებულ მატჩში ითამაშა. გუნდის საშუალო ასაკი 30 წელი და 84 დღეა, რაც მეხუთე მაჩვენებელია ტონგას მიერ ჩატარებული მატჩების ისტორიაში. მოთამაშეთა კეპების ჯამი 320-ია, რაც 40-ით მეტია წინა მატჩთან შედარებით და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს ყველაზე გამოცდილი ტონგას ნაკრები 2007 წლის მსოფლიო თასზე ინგლისთან 20:36 წაგებული შეხვედრის შემდეგ.

საქართველოსა და ტონგას ნაკრებების შეხვედრა 19 სექტემბერს, თბილისის დროით 15 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე შედგება.

2015 წლის მსოფლიო თასი. გ ჯგუფი

გლოსთერი. “ქინგსჰოლმ სთედიუმი”. (15 საათი თბ. დრ.)

საქართველო - ტონგა

ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო (მონტობანი, საფრანგეთი), 14. ტელუსა ვეაინუ (რებელზი, ავსტრალია), 13. ბილიამ ჰელუ (ედინბურგი, შოტლანდია), 12. სიალე პიატაუ (ოამაჰა, იაპონია), 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო (უაიონაქსი, საფრანგეთი), 10. კურტ მორატი (უკლუბო), 9. სონატანე ტაკულუა (ნიუკასლი, ინგლისი); 1. ტევიტა მაილაუ (პერპინიანი, საფრანგეთი), 2. ელვის ტაიონე (ექსეთერი, ინგლისი), 3. ჰალანი აულიკა (ლონდონ აირიში, ინგლისი), 4. ტუკულუა ლოკოტუი (ბეზიე, საფრანგეთი), 5. სიტივენი მაფი (ფორსი, ავსტრალია), 6. სიონე კალამაფონი (გლოსთერი, ინგლისი), 7. ნილი ლატუ (კაპ., ნიუკასლი, ინგლისი), 8. ვილიამი მაჰაფუ (უაიონაქსი, საფრანგეთი).

სათადარიგოები: 16. პოლ ნგაუამო (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი), 17. სონა ტაუმალოლო (გრენობლი, საფრანგეთი), 18. სილა პუაფისი (გლაზგო, შოტლანდია), 19. ჰეილ თი პოული (უკლუბო), 20. ჯეკ რემი (ბლუზი, ზელანდია), 21. სამისონი ფისილაუ (ჯერზი, ინგლისი), 22. ლატიუმე ფოსიტა (დონკასტერი, ინგლისი), 23. სიონე პიუკალა (პერპინიანი, საფრანგეთი).

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 85 კეპი, 644 ქულა - 12 ლელო, 109 გარდასახვა, 119 ჯარიმა, 3 არეკნი,), 14. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 31, 20 - 4 ლელო), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 83, 85 - 17 ლელო), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 36, 35 - 7 ლელო), 11. გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 10, 0), 10. ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 58, 152 - 3 ლელო, 28 გარდასახვა, 24 ჯარიმა, 3 არეკნი), 9. ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 6, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 28, 5 - 1 ლელო), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები, ბოლნისი, 29, 5 - 1 ლელო), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 50, 45 - 9 ლელო), 4. კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 36, 10 - 2 ლელო), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 51, 45 - 9 ლელო), 6. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 21, 10 - 2 ლელო), 7. ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 32, 15 - 3 ლელო), 8. მამუკა გორგოძე (კაპიტანი, ტულონი, საფრანგეთი, 61, 120 - 24 ლელო).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი, ინგლისი, 31, 15 - 3 ლელო), 17. კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 12, 5 - 1 ლელო), 18. ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 24, 15 - 3 ლელო), 19. ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 71, 15 - 3 ლელო), 20. შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 49, 5 - 1 ლელო); 21. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 36, 0), 22. გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი, 4, 0), 23. მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილის, 7, 10 - 2 ლელო).

განაცხადში არ არიან: სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 32, 0), დუდუ ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 40, 10 - 2 ლელო), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 85, 50 - 10 ლელო), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 13, 10 - 2 ლელო); ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი, 21, 88 - 3 ლელო, 11 გარდასახვა, 15 ჯარიმა, 2 არეკნი), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 48, 25 - 5 ლელო), ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 39, 33 - 5 ლელო, 4 გარდასახვა), ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 20, 0).

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084162