ამბები

22:39 | 15.09.2015 | ნანახია 2862 - ჯერ

კაპიტანს დასახული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება

“ბორჯღალოსნების” კაპიტნის მამუკა გორგოძის მსოფლიო თასზე მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის მიზნის მისაღწევად, რაც ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებას ნიშნავს.

„ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მოთამაშეა, ნაკრების კაპიტანია. როდესაც ის კარგად თამაშობს, მთელი გუნდი თამაშობს ბრწყინვალედ“ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა. გორგოძე ტულონის ფლანკერია, რომელსაც ქართველი ქომაგები “გულივერს” ეძახიან.

„მამუკა თილისმასავითაა, ნამდვილი ლიდერია“ - დასძინა ჰეიგმა. მან ასევე რამდენიმე მოთამაშეზე ისაუბრა, რომლებიც მისი აზრით ძალიან დიდ როლს შეასრულებენ მსოფლიო თასზე დასახული მიზნის მისაღწევად. მათ შორის 2014 წლის საუკეთესო ქართველ მორაგბედ აღიარებულ მერაბ შარიქაძეზე, შერკინების ბურჯ მიხეილ ნარიაშვილზე, ორი მსოფლიო თასის ვეტერან დავით ზირაქაშვილზე და კლერმონში მის თანაგულნდელ ვიქტორ კოლელიშვილზე.

თხილაიშვილმა ლესთერის მოწონება დაიმსახურა

„არის კიდევ ერთი გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე გიორგი თხილაიშვილი, რომელიც საქართველოში რაგბის კლუბ ბათუმში თამაშობს. იგი “ლესთერ თაიგერში” გამოსცადეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. გვყავს ასევე ახალგაზრდა გარემარბი მურაზ გიორგაძე, რომელიც გასაოცრად ნიჭიერი ახალგაზრდაა. ცალკე აღნიშვნას გამოცდილი ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი იმსახურებს.

„ასე რომ, ჩვენ არც გამოცდილების და არც ნიჭის ნაკლებობას განვიცდით. თითქმის თანაბარი ნაზავი გვაქვს გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეებისა – თითოეულ პოზიციაზე სწორედ ეს ახალგაზრდა მორაგბეები კონკურენციას უწევენ გამოცდილ ბიჭებს“.

ჰეიგის და “ბორჯღალოსნების” მთავარ მიზანს 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად მოხვედრა წარმოადგენს, რასაც ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა სჭირდება.

საჭიროა ორი მოგება

„არაა საჭირო აინშტაინი იყო იმის გამოსათვლელად, რომ ჩვენთვის ორი მატჩის მოგებაა საჭირო, მნიშვნელოვანია ერთი ან ორი ბონუს ქულის აღებაც. ნათელია, რომ ახალ ზელანდიასთან რთული თამაში გველის, არგენტინამ კი ახლახანს დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთან შებმა არ იქნება ადვილი, თუმცა ჩვენი ბიჭები საფრანგეთში ხშირად ხვდებიან არგენტინელებს და შესაბამისად, მათ თამაშსაც იცნობენ. თუმცა რეალურად, რომ შევხედოთ, გუნდები, რომელთა დამარცხებაც ჯგუფში მესამე პოზიციის დასაკავებლად გვჭირდება, ნამიბია და ტონგაა.

საქართველო - ტონგა, 19 სექტემბერს, 15 საათზე

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასზე თავიანთ პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები ტონგას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19 სექტემბერს, 15 საათზე დაიწყება, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს ისევე, როგორც მსოფლიო თასის ყველა მატჩს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.

ახალი ამბები სოცმედიით

მსოფლიო თასის მსვლელობისას, ქომაგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ აუცილებელია “ბორჯღალოსნების” შესახებ ახალი ამბების გაგება. შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განახლებების და მასალების (მცირე ინფორმაციული განახლებები, ფოტოები, მოკლე ვიდეოები და ვიდეო დღიურები) ქომაგებისთვის დროულად მიწოდებას. სწორედ ამ მიზნით საინფორმაციო განახლებები საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ სოც მედია პლატფორმებზე უფრო მალ-მალე და დიდი სიხშირით განთავსდება, ვიდრე ჩვენს ვებ-გვერდზე. საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლატფორმები: Facebook, Twitter, Instagram, YouTube.

წყარო >>> ავტორი ენრიუ ჰენდრი

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109759