ამბები

14:36 | 15.09.2015 | ნანახია 3018 - ჯერ

შევუდექით მსოფლიოს (+VIDEO)

14 სექტემბერს ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის კამპანიას შეუდგნენ. წუხელ პირველად ივარჯიშეს. წვიმდა, მოღრუბლული იყო, ციოდა, ერთი სიტყვით ჩვეულებრივი, ინგლისური ამინდი იყო. მორაგბეებს განწყობაც თითქოს ამინდისდარი ჰქონდათ. ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მაგრამ ფიქრებით გულის სიღრმეში მომავალი მატჩისკენ იყვნენ.

ბორჯღალოსნები ბრისტოლში, თბილისის დაძმობილებულ ქალაქში, გილდფორდიდან 13 სექტემბერს ჩავიდნენ, სადაც მსოფლიოს თასისთვის მზადების ბოლო ეტაპი გაიარეს.

წუხანდელი ვარჯიში

გუშინ პირველი ვარჯიში ნაკრებმა დილით, ბრისტოლის სპორტულ აკადემიაში გამართა.მილტონ ჰეიგმა გუნდი ორ ჯგუფად დაყო. მორკინელები ძალოსნობის დარბაზში შევიდნენ, უკანახზელბი კი მოედანზე იხმო და ხელდახელ ბურთაობაში ავარჯიშა მაიბრედლისთან ერთად. არ უვარჯიშია ბორჯღალოსნების მგეზავს, ლაშა ხმალაძეს, რომელსაც ფეხის ტრავმას იშუშებს. ითამშებს თუ არა ის ტონგას ნაკრების წინააღმდეგ ხუთშაბათს, ვარჯიშის შემდეგ გადაწყდება. ასევე დაშავებულია, თუმცა ინდივიდუალურად ვარჯიშობდა გარემარბი ალექსანდრე თოდუა.

მერე მორკინალებმა და უკანახაზელებმა ერთმანეთს ადგილები გაუცვალეს. ასე ცალ-ცალკე ვარჯიშში ერთი საათი მიილია. ამინდი ისევ ჭირვეულობდა. ხან მზე გამოანათებდა, ხან წვიმდა. ბოლოს კი, როცა ჰეიგმა გუნდი გააერთიანა კოკისპირული წამოვიდა.

საათნახევრიანმა ვარჯიშმა მშვიდონიანად ჩაიარა. ტრავმა არავის მიუღია. მხოლოდ მერაბ შარიქაძემ იტიკინა ხელის თითი, თუმცა სერიოზული არაფერია.

კომენტარები

მამუკა გორგოძე

„მზადება დაგეგმილი სცენარით მიმდინარეობს. ბოლო ეტაპის სამი საკონტროლო თამაშით დავასრულეთ. როგორ ვთქვა კმაყოფილი ვარო, სამივე წავაგეთ, მაგრამ სხვა მხრივ ეს შეხვედრები ძალიან სასარგებლო გამოდგა. ყოველი მომდევნო თამაშში, ვფიქრობ ხარისხს ვაუმჯობესებდით.

„ვიცი, რომ ამ წაგებების შემდეგ ხალხი იმედგაცრუებულია, მაგრამ მსოფლიოს თასზე თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გაიღებს მიზნის მისაღწევად. დადგა დრო, რომ მსოფლიოს თასზე შდეგისთვის ვიბრძოლოთ და არა უბრალოდ კარგი, თავდადებული თამაში ვაჩვენოთ. ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული. გუნდში, რაც რაგბიში ძალიან მნიშვნელოვანია, კარგი, მეგობრული სიტუაციაა. საბოლოოდ, რამდენად კარგად მოვემზადეთ, ამაზე პასუხს მსოფლიოს თასის მატჩები გასცემს".

მერაბ კვირიკაშვილი

„მსოფლიოს თასზე მეოთხედ ვთამაშობ. საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა. აქედან გამომდინარე მეტს ვთხოვ საკუთარ თავს. ვცდილობ მეტად ორგანიზებული ვიყო და ახალგარდებსაც დავეხმარო, რომლებიც პირველად არიან მსოფლიოს თასის გათამაშებაზე.

„ხშირად მეკითხებიან, რომელი მსოფლიოს თასი უფრო უკეთესი იყო. ვფიქრობ, რომ ავსტრალიაიში 2003 წელს გამართული შეჯიბრება გამორჩეულია. მაშინ ახალგარზდა ვიყავი, პირეველი დიდი ასპარეზი იყო, ცოტა ეიფორიში გახლდით და, ალბათ, ამიტომ მეჩვენება ასე.

„მას შემდეგ რაგბი საქართველოში განვითარდა, წინ წავიდა და დღეს იმ ეტაპზე ვართ, რომ უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს.

„ინგლისის მსოფლიოს თასისთვის მზადება ძალიან მძიმედ დაიწყო. თბილისსა და პოლონეთში დიდი დატვირთვები გვქონდა. აქ რომ ჩამოვედით სტრატეგია შეიცვალა. ვარჯიში ტაქტიკურ მონახაზებსა და გუნდის შეთამაშებაზე ავიღეთ. განვლის საკონროლო მატჩებში სწორედ ეს ყოველივე გამოიცადა. ვნახეთ, რომელ მოთამაშეს, რა პოზიციაზე შეუძლია უკეთ გაისარჯოს. გულდასაწყვეტია სამივე თამაში რომ წავაგეთ, მაგრამ კარგი ელემენტებიც გამოჩნდა, რომელიც კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ და პირველივე თამაშში გამოვიყენოთ.

ვეცდებით, მაქსიმალურად გამოვავლინოთ შესაძლებლობები და ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა."

გიორგი ჩხაიძე

„მსოფლიოს თასის ეს გათამაშება ჩემთვისაც მეოთხეა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიზნად მქონდა დასახული აუცილებლად მოვხვედრილიყავი ნაკრებში. ვფიქრობ, რაც მეტს ითამაშებ შენი ქვეყნისთვის, მისი ღირსების დაცვისთვის მით უფრო უკეთ ასრულებ შენს მისიას. პირველად საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე 2003 წელს ითამაშა. იმ გუნდიდან ახლა ორნიღა დავრჩით, მე და "მეკო".

„მოსამზადებელი ეტაპი რთულად დაიწყო. თბილისში ძალიან ცხელოდა. თუმცა, ბიჭებს არაფერი დაუშურვებიათ, რათა სათანადოდ მომზადებულიყვნენ. მსოფლიოს თასის მატჩებში ეს გამოჩნდება.

„გუნდში ბევრი ახალგაზრდა მორაგბე მოვიდა. ბევრი სულაც წლეულს დაგვემატა. მათმა გამოუცდელობამ შეიძლება პრობლემა შექმნას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 100 პროცნტით კი არა, 150 პროცენტით დაიხარჯებიან მოედანზე და არაფერზე უკან არ დაიხევენ"

შალვა მამუკაშვილი

„პირველად ვარ მსოფლიო თასზე. მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად ვემზადებით. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ. მზადების ბოლო ეტაპზე სარეიტინგო ტესტები გავმართეთ. კარგი იქნებოდა მოგვეგო, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, მსოლფიოს თასზე როგორ ვითამაშებთ.

„ტონგას ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ შეგვიძლია მას სტრუქტურულად დალაგებული თამაში დავუპირისპიროთ. კარგი დაცვა და სახიფათოდ ორგანზიებული შეტევა ჩვენი იარაღი უნდა იყოს. ტონგელები ოდნავ მოიკოჭლებენ დისციპლინაში, მაგრამ ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა გავისარჯოთ".

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მსოფლიო თასზე

სადილის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ოფიციალური მიღება გაუმართეს ბრისთოლის ‘სენტ ჯორჯს’ ცენტრში. დასაწყისში წმინდა ბრენდონის სახელობის კოლეჯის მომღერალთა გუნდმა მსოფლიოს თასის ჰიმნი იმღერა.

ჩვენ ბიჭებს ‘მსოფლიო რაგბის’ თავმჯდომარემ ბერნარ ლაპასემ მიმართა:

„მსოფლიო რაგბისა და რაგბის მსოფლიოს თასის სახელით, დიდი სიამოვნებით, ოფიციალურად ვიწვევ ყველას, საქართველოს ნაკრების მორაგბეებს, მენეჯმენტს და რაგბის კავშირის ხელმძღვანელ პირებს 2015 წლის რაგბის მსოფლიოს თასზე.

„ლოდინის დრო დასრულა და ‘სცენა’ მზად არის რაგბის განსაკუთრებული და რეკორდული დღესასწაულისთვის. მინდა მოგილოცოთ მსოფლიოს თასის 2015 წლის კეპებისა და სიმბოლური მედლების მიღება, რომლებიც ძალიან ცოტა მორაგბეს თუ აქვს. ეს არის თქვენი ერთგულებისა და გატაცების სიმბოლო, რომელიც თითოეულმა პირადად და ყველამ ერთად გამოამჟღავნეთ საიმისოდ, რომ მოგეპოვებინათ უფლება წარმოგედგინათ საკუთარი ქვეყანა უმაღლეს საერთაშორისო დონეზე.

„ინგლისი 2015 იქნება დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც გაჩუქებთ განსაკუთრებულ მომენტებს სათამაშო მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ. ეს იქნება მოგზაურობა თანაგუნდელებთან, ოჯახის წევრებსა და ქომაგებთან ერთად. თქვენი ძალისხმევა ჩაიბეჭდება მილიონობით ადამიანის გულსა და გონებაში.

„ვიცი, რომ თქვენ იქნებით შესანიშნავი ელჩები თქვენი ერისა და ჩვენი თამაშისა. თქვენი მიღწევები და გმირობა წარმოაჩენს რაგბის საუკეთესო მახასიათებლებს და შთააგონებს, მოთამაშეებისა და ქომაგების მომავალ თაობებს. ამისთვის, მინდა მადლობა გადაგიხადოთ.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ ჩვენი შესანიშნავი თამაშის განვითარებაში. მსურს გისურვოთ ძალიან სასიამოვნო და წარმატებული რაგბის მსოფლიო თასი"

ჩვენ ბიჭებზე ყველაზე დიდი შტაბეჭდილება ამის მერე მოხდარმა დატოვა. ღონისძიების წამყვანმა გამოაცხადა - სცენას ვუთმობთ ბრისტოლის ქართული ხალხური სიმღერების გუნდ "ბორჯღალს".

ინგლისელმა მომღერლებმა შესანიშნავად შეასრულეს ორი ქართული სიმღერა. ბორჯღალოსნები ქართული სიმღერების ტრფიალთ ფეხზე წამოუდგნენ და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს.

ახალი ამბები სოც მედიით

მსოფლიო თასის მსვლელობისას, ქომაგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ აუცილებელია ბორჯღალოსნების შესახებ ახალი ამბების გაგება. შესაბამისად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განახლებების და მასალების (მცირე ინფორმაციული განახლებები, ფოტოები, მოკლე ვიდეოები და ვიდეო დღიურები) ქომაგებისთვის დროულად მიწოდებას. სწორედ ამ მიზნით საინფორმაციო განახლებები საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ სოც მედია პლატფორმებზე უფრო მალ-მალე და დიდი სიხშირით განთავსდება ვიდრე ჩვენს ვებ-გვერდზე. საქართველოს რაგბის კავშირის სოც-მედიის პლატფორმები: Facebook, Twitter, Instagram, YouTube.

დღიურები ინგლისიდან

გთავაზობთ ‘ინგლისური დღიურების’ მორიგ ეპიზოდებს:

ბორჯღალოსნების პირველი ვარჯიში ბრისთოლში - VIDEO

‘კეთილი იყოს თქვენი მობრძანება’ ოფიციალური მიღების საღამო - VIDEO

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.280633